დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი პროფესიული განვითარების პროცესში. აქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ფასეულობები მაძლიერებს, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში აცხადებს.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფატი ხალვაშმა უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.
მან 1986 წელს დაასრულა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრული მანქანების სპეციალობით, ხოლო 2023 წელს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტურა, არის საჯარო მმართველობის დოქტორი.
ფატი ხალვაშის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მისი წინსვლის მთავარი მიზეზია. ასწლოვანი უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო გამოცდილება, ასევე, ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან ურთიერთობა იძლევა საუკეთესო, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.
„მიზნებმა, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას მქონდა, მიმიყვანა საქართველოს პარლამენტამდე, სადაც მქონდა პატივი, მემსახურა ჩემი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. სწავლის პერიოდში გამიმართლა – მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები და თანაკურსელები, რომლებმაც მაქციეს უკეთეს სტუდენტად, დამეხმარნენ აზროვნების განვითარებაში და მოტივაცია მომცეს, ყოველთვის მეძებნა ახალი შესაძლებლობები. სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მომცა მყარი საფუძველი, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე დამეხმარა. დოქტორანტურაზე საჯარო მმართველობის სპეციალობით დავიცავი დიპლომი. ეს არის სფერო, რომელმაც მომცა მმართველობის, პოლიტიკის დაგეგმვისა და საჯარო ინსტიტუტების მუშაობის შესახებ ღრმა ცოდნა. უნივერსიტეტმა მასწავლა პასუხისმგებლობა – გააზრება იმისა, რომ კარგი მმართველობა და ეფექტიანი ლიდერობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღეს ვარ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საჯარო მმართველობის მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი ჩემს ალმა-მატერში მიღებულ ცოდნას მიუძღვის. ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ახალგაზრდებს, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, არ შეუშინდეთ გამოწვევებს და ყოველთვის ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ. თქვენი პოტენციალი უსაზღვროა, მჯერა, რომ დაუღალავი შრომით შეძლებთ დიდი მიზნების მიღწევას, რაშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ“, – აცხადებს ფატი ხალვაში.