იერუსალიმის შემოგარენში, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, სულ მცირე, 13 ადამიანია დაშავებული, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
დაშავებულთა შორის ორი ორსული და ორი ჩვილია, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულთა უმეტესობას დამწვრობა აღენიშნება.
იერუსალიმის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს შესაძლოა ისრაელის ისტორიაში უდიდესი ტყის ხანძარი იყოს და მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.
„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან დიდი ტყის ხანძრის ეპიცენტრში, შესაძლოა, ეს იყოს უდიდესი, რაც კი ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს წინ, სანამ კონტროლს დავამყარებთ“, – განაცხადა შმულიკ ფრიდმანმა.
შმულიკ ფრიდმანის თქმით, ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 09:30 საათზე დაიწყო.
მასშტაბური ხანძარი ეშთაოლის ტყეში გაჩნდა, რის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობაა ევაკუირებული. გადაკეტილია იერუსალიმისა და თელ ავივის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, ასევე სხვა რამდენიმე გზა. იერუსალიმსა და თელ ავივს შორის შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარმა დახმარება სთხოვა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, შვედეთის, არგენტინის, ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისის განცხადებით, გიდეონ საარი ამჟამად უკავშირდება სხვა ქვეყნების ლიდერებსაც.