ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ძალაშია – შალვა პაპუაშვილმა კანონს ხელი მოაწერა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ქართულ კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა, შესაბამისად, კანონი ძალაში შევიდა.

კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

პროექტით უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მცირე ნდობა, რაც ირანთან არსებობდა, სრულიად განადგურდა, ქვეყანა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ქმედებები განახორციელოს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინც ფეისალ ბინ ფარჰანის განცხადებით, ქვეყანა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ქმედებები განახორციელოს.მისივე თქმით, „ირანის მხრიდან ზეწოლა პოლიტიკურად და მორალურად საპირისპირო შედეგს გამოიღებს“.„მცირე ნდობა, რაც ადრე ირანთან არსებობდა, სრულიად განადგურდა“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ცნობისთვის, მანამდე საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ერ-რიადის მიმართულებით გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე – ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.როგორც სამძიმრის წერილში საჰიბა გაფაროვა აღნიშნავს, ყოველთვის დიდი პატივისცემით გაიხსენებენ მისი უწმინდესობის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში.„დიდი მწუხარებით მივიღეთ ინფორმაცია გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობა ილია მეორის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართულ მის დიდ ძალისხმევას. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო და ჩემი სახელით, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ, პარლამენტის წევრებსა და თქვენი ქვეყნის მეგობრულ ხალხს“,  – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს.მაკრონის თქმით, ის დონალდ ტრამპსა და კატარის ამირას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ „საერთო ინტერესებიდან“ გამომდინარე, დარტყმების შეჩერება „დაუყოვნებლივ“ უნდა განხორციელდეს.„სამოქალაქო მოსახლეობა და მათი ძირითადი საჭიროებები, ასევე ენერგომომარაგების უსაფრთხოება სამხედრო ესკალაციისგან დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა მაკრონმა.

ხუთი კონგრესმენი და სენატორი აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გამოიყენონ სანქციები და სხვა ბერკეტები, რათა საქართველომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები შეასრულოს

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენება ცხადია, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს მოპოვებულ თავისუფლებას ართმევს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს, – ამის შესახებ ხუთი ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის განცხადებაშია აღნიშნული.განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე დემოკრატი სენატორები: შელდონ უაითჰაუსი და ჯინ შაჰინი.განცხადების ხელმომწერები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, „ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ბერკეტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციები შეასრულოს“.„მოვითხოვთ, გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, გააუქმონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, ასევე არადემოკრატიული და უსამართლო კანონები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი – ილია მეორე განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს გამჭრიახობით და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ვუსამძიმრებთ საქართველოს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იგნატიუს აფრემ II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.პატრიარქმა იგნატიუს აფრემ II-მ ილია მეორეს უწოდა „ერთგული მწყემსი და საღვთო საიდუმლოთა გონიერი განმგებელი“.„განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს ის გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ეკლესიაში შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითად დარჩა. ანტიოქიის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისა და ყველა ჩვენი მორწმუნის სახელით, ვუსამძიმრებთ თქვენს უდიდებულესობას, წმინდა სინოდს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.როგორც წერილშია აღნიშნული, ასურული მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს, რომ უფალმა საქართველოს წმიდა ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ღვთიური მადლით განამტკიცოს. 

ბოლო სიახლეები