ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე შიო

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე… დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.

მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.

უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.

ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.

ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები.

რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.

ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – უკრაინის მიერ ბლოკირებულ ჩვენს ნავთობს ვიდრე არ მივიღებთ, არ არსებობს უკრაინისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, რომელსაც უნგრეთი მხარს დაუჭერს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ პროუკრაინულ გადაწყვეტილებას დაბლოკავს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განაცხადა.ორბანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ვიდრე მის ქვეყანას ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდება არ აღუდგება.„უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, როდესაც მივიღებთ ჩვენს ნავთობს, რომელიც მათ მიერ არის ბლოკირებული. მანამდე კი არ არსებობს უკრაინისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, რომელსაც უნგრეთი მხარს დაუჭერს. ჩვენ ნავთობს ველოდებით. სხვა ყველაფერი მხოლოდ ზღაპარია“, – აღნიშნა ორბანმა.უნგრეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რაზეც ისინი საუბრობენ, არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური საკითხია უნგრელებისთვის.„ნავთობი უნგრელებისთვის არსებობის საკითხია. ნავთობის გარეშე ყველა ოჯახი და უნგრული კომპანია გაკოტრდება. ასე რომ, ეს ხუმრობა, პოლიტიკური თამაში არ არის. ზელენსკიმ ეს უნდა გაიგოს“, – განაცხადა ორბანმა.

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, შსს-ს განმარტებით, მათ მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

„გარდიანი“ – ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 35%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 35%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა სპარსეთის ყურეში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა გამოიწვია.„გარდიანი“ წერს, რომ გაურკვევლობა იზრდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა ენერგომომარაგებაზე, რადგან დღეს დილით, ირანის უდიდეს ბუნებრივი აირის საბადოზე თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, თავდასხმები დაფიქსირდა კატარსა და ქუვეითში.ომის დაწყების დღიდან დღემდე ევროპაში გაზის ფასი 60%-ით არის გაზრდილი.

საბერძნეთი: ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ, ნავთობის ფასები ძალიან გაიზარდა

ენერგეტიკულ ბაზარზე რადიკალური ცვლილებები ხდება, რაც მანამდე არსებულ სურათს მთლიანად ცვლის. თუ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა.18 მარტს, დილით, ნავთობის ფასი ბარელზე 101-102 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ ის უმალ გადასცდა 108 დოლარს, როგორც კი ირანისა და კატარის ერთობლივ გაზის საბადოებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამ ამბავმა ბაზრებზე ძლიერი რყევები გამოიწვია, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ნავთობზე ფასების ზრდამ, მთლიანობაში, 47%-ს მიაღწია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ნახტომია.ფასების ნახტომისებური ზრდა მომხმარებლებს მძიმე ტვირთად აწვება. არაეთილირებული (unleaded) საწვავის საშუალო ფასი, ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად ლიტრზე 1,94 ევროს შეადგენს, რაც თებერვლის ბოლოსთან შედარებით, დაახლოებით 19 ცენტით მაღალია.კიდევ უფრო თვალსაჩინოა ფასების ზრდა დიზელის საწვავზე. მისი ფასი 1 ლიტრზე 35 ცენტით გაიზარდა, ხოლო გათბობისთვის განკუთვნილ ნავთობზე ფასმა, 27 თებერვლის მონაცემებთან შედარებით, 31 ცენტით მოიმატა.ბაზრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია ჯერ არ დასრულებულა. ისინი, მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ახალ მატებას პროგნოზირებენ. იმის ალბათობა, რომ ბენზინის ფასმა, შესაძლოა, ლიტრზე 2 ევროს მიაღწიოს ან გადააჭარბოს კიდეც, რაც ძალიან მძიმე სცენარად მიიჩნევა, თუმცა ასეთი სცენარი უკვე ძალიან რეალურად გამოიყურება.ამავდროულად, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები საწვავზე დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამან, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესოს. 19 მარტიდან, კუნძულ ლესბოსზე გრძელვადიანი გაფიცვა დაანონსდა. ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქცია, შესაძლოა, საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც გაიმართოს.

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება.აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.მუნიციპალური ტრანსპორტი, მთელი ქალაქის მასშტაბით, იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით, რაც შეეხება მეტროპოლიტენს, ისიც მგზავრებს ორივე დღეს ჩვეულ რეჟიმში – 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.

ბოლო სიახლეები