რუსულ აქტივებს არავინ შეეხება, ამ აქტივებთან დაკავშირებული ფულადი ბალანსების ხარჯზე, შეგვიძლია, უკრაინას მივცეთ სესხი, რეპარაციების სანაცვლოდ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს რუსეთის ომია და სწორედ რუსეთმა უნდა გადაიხადოს.
„ეს რუსეთის ომია, სწორედ რუსეთმა უნდა გადაიხადოს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ახალ გადაწყვეტილებაზე უკრაინის სამხედრო ძალისხმევის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების ხარჯზე. ამ აქტივებთან დაკავშირებული ფულადი ბალანსების ხარჯზე, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ უკრაინას სესხი რეპარაციების სანაცვლოდ. თავად რუსულ აქტივებს არავინ შეეხება. რისკს კი კოლექტიურად გავწევთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
სქემის დამატებითი დეტალები ევროკომისიის პრეზიდენტს არ წარუდგენია, მაგრამ აღნიშნა, რომ კიევი ფულის მიღებას დაუყოვნებლივ შეძლებს, თანხის დაბრუნებას კი დაიწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი რეპარაციების გადახდას დაიწყებს.
ცნობისთვის, 2022 წელს ევროკავშირს ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის სუვერენული აქტივები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს. შარშან ევროკავშირის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს უკრაინას 50 მილიარდი გადასცენ კრედიტის სახით, რომლის გადახდაც მოხდება იმ შემოსავლებით, რომლების გენერირებაც რუსული აქტივების ხარჯზე ხდება. თუმცა, ევროკავშირი უარს ამბობს გაყინული აქტივების კონფისკაციაზე.
გასულ კვირას ბელგიაში, სადაც რუსეთის აქტივების დიდი ნაწილი ინახება, განაცხადეს, რომ მათი კონფისკაციას შესაძლოა მოჰყვეს სასამართლო პროცესები და მასშტაბური ფინანსური კრიზისი.