ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს შუადღისას „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტ ზელენსკისა და დამსწრე ლიდერებს ორი მთავარი პრიორიტეტის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია: უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვის მზადყოფნის გაზრდა. ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის გადარჩენას ხელს შეუწყობს და ეს ევროპული თავდაცვის გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
მისი თქმით, „რეპარაციული სესხის წინადადება კომპლექსურია, მაგრამ იგი რუსეთისთვის ომის ფასს ზრდის“.
„წინადადება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ ნაღდი ფულის ბალანსს ეფუძნება. ამ ბალანსის რეპარაციისთვის გამოყენება მოხდება. მაშინ, როდესაც უკრაინა დიპლომატიურ ძალისხმევაშია ჩართული, რუსეთი დროს აჭიანურებს, დიპლომატიას დასცინის და დარტყმების რაოდენობას ზრდის. ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ ომში აგრესორი და ვინ მსხვერპლი. რუსეთი ამ სასტიკი ომით ჩვენს გაყოფას ცდილობდა, თუმცა საპირისპიროს მიაღწია. ახლა ჩვენი კავშირები ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

