ევროპისთვის და ევროპული საბჭოს სხდომისთვის დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს, ეს არის გადამწყვეტი დღეები, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
სამიტზე, რომელიც ბრიუსელში დღეს იწყება, განიხილება ევროპის გადაიარაღების გეგმა და ასევე უკრაინის სამხედრო დახმარება.
„ეს არის გადამწყვეტი დღეები ევროპისთვის და ევროპული საბჭოსთვის დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს. განვიხილავთ, რა თქმა უნდა, უკრაინას, თუ როგორ მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, მაგრამ ჩვენ გამოწვევების წინაშე ვართ ჩვენს კონკურენტუნარიანობასა და უსაფრთხოების დღის წესრიგთან დაკავშირებით. ამიტომ კონკურენტუნარიანობის თემა მნიშვნელოვანი იქნება ევროპული საბჭოს ამ სხდომაზე. ასევე „მზადყოფნა 2030“ და ახალი გეგმა უსაფრთხოებისთვის იქნება დღევანდელი დისკუსიების ცენტრში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
გავრცელებული ცნობებით, სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ მიგრაციასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.