უკრაინის დელეგაცია სტამბოლში მკაფიო დღის წესრიგით ჩავიდა და მზადაა, მშვიდობისკენ დიდი ნაბიჯები გადადგას, – ამის შესახებ AFP-ს უკრაინის დელეგაციის წყარომ განუცხადა.
წყაროს ცნობით, უკრაინა იმედოვნებს, რომ რუსული მხარე „უბრალოდ არ გაიმეორებს იმავე ულტიმატუმებს, რასაც ადრე აკეთებდა“.
ამავდროულად, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ის არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი მზად არის პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენი გუნდი სტამბოლშია. დღეს დილით თავდაცვის მინისტრს ვესაუბრე, ისინი შეხვედრისთვის ემზადებიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთი პროდუქტიული შეხვედრებისთვის მზად იქნება. თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს გარკვეული გადაწყვეტილებების“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში ჩასვლისთანავე.