სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა შედგა. უკრაინამ დაიბრუნა მძიმე ავადმყოფებისა და დაჭრილი სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი.
„დღეს სახლში დაბრუნდნენ ჩვენი არმიის მებრძოლები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები. ყველას სჭირდება მკურნალობა და მათ აუცილებლად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას. ეს მძიმედ დაჭრილებისა და მძიმე ავადმყოფების დაბრუნების უკვე მეორე ეტაპია“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
დღეს ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროების ნაწილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ გათავისუფლებულები გაივლიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
უკრაინის ტყვეობიდან სამხედროების მესამე ჯგუფის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების განცხადებით, ამჟამად გათავისუფლებული რუსი ჯარისკაცები ბელარუსში იმყოფებიან, სადაც მათ პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.
2 ივნისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ყველა მძიმედ დაჭრილი და 18-დან 25 წლამდე სამხედროს გაცვლაზე, ასევე სამხედროების ცხედრების დაბრუნებაზე ფორმულით – ექვსი ათასი ექვსი ათასზე.
11 ივნისს უკრაინამ დაიბრუნა 1 212 სამხედროს ცხედარი. მანამდე კი მოხდა 25-წლამდე ჯარისკაცების, ასევე მძიმედ დაჭრილებისა და ავადმყოფთა გაცვლა. უკრაინის საკოორდინაციო შტაბში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების მიზნით, გათავისუფლებულების ზუსტ რაოდენობას გაცვლის პროცესის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებენ.