ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის 21 ბავშვია.
კერის ოლქის შერიფის ინფორმაციით, მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილი ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკიდან 11 მოზარდი და ბანაკის ხელმძღვანელი კვლავ დაკარგულად ითვლებიან.
შერიფმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 18 ზრდასრულისა და ოთხი ბავშვის ცხედარს, იდენტიფიცირების მიზნით, ექსპერტიზა უტარდება.
„ჩვენ ახლა ყველაფერზე ვმუშაობთ. ამჟამად ჩვენი ყველაზე დიდი ფოკუსი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ოჯახები მათთვის ძვირფას ადამიანებს შევახვედროთ. ამიტომ ჩვენ არ შევჩერდებით იქამდე, ვიდრე ამას არ ვიზამთ“, – განაცხადა შერიფმა.
შეგახსენებთ, ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს მოხდა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა კერის ოლქი.