აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ნათლად გმობს ძალადობას. ყველა მხარემ უკან უნდა დაიხიოს და ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, რომელიც ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას მოიტანს“, – განაცხადა ბრუსმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას.
„ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ ძალისხმევას რეალური დეესკალაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გუშინ აღნიშნა, ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“,- განაცდადა ბრუსმა.
ბრუსმა აღნიშნა, რომ შეთანხმების წარმატება დამოკიდებულია ყველა მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.
„ეს მოითხოვს ყველა მხარისგან თავიანთი ვალდებულებების შესრულებას, და ეს არის ის, რასაც ჩვენ ველით მათგან“, – განაცხადა ბრუსმა.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ-მა არ დაუჭირა მხარი ისრაელის დარტყმებს.