სანქციებს, რომლებიც წესდება დღესდღეობით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმსახურებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ის ინდივიდები, რომლებიც სანქცირებული არიან დღემდე, დასანქცირდნენ იმისთვის, რომ ჩაიდინეს ძალადობრივი აქტები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ბოლო დღეებში ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის მიმართ განხორციელებული სანქციები და აქაც, წლების განმავლობაში, ეს ორი ტელეკომპანია პროპაგანდისტულად ფაქტობრივად, ჰიბრიდულ ომში ამყოფებდა ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ხვედელიანმა.
მისი თქმით, ეს ტელეკომპანიები მუდმივად ავრცელებდნენ ტყუილს, დეზინფორმაციას.
„ისინი ჰიბრიდულ ომში ამყოფებდნენ ჩვენს მოსახლეობას და საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას უზრუნველყოფდნენ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ხვედელიანმა.
ამასთან, ხვედელიანმა აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური ძალა დაბლოკილია ტელეკომპანია „იმედში“.
„ჩვენი პოლიტიკური ძალა, მაგალითად, დაბლოკილი არის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ „იმედის“ მაყურებელს მივმართოთ და ვესაუბროთ მათ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხვედელიანმა.
როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ტელეკომპანიების დასანქცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საბოლოო მიზნისკენ მიმავალი და შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა საქართველოში წარმოდგენილი ელჩების ნაწილის მოწოდებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და იქნებოდა თუ არა სწორი გადაწყვეტილება რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ეს იქნება რთული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ეს მოწოდება მისთვის არ არის ვალდებულების ჭრილში განხილული, როგორც, მისივე თქმით, ეს წამყვანმა აღიქვა.
„ჩვენ აღვიქვამთ, რომ არანაირი ვალდებულება არ არის ამის, არანაირი მოწოდებები ამისკენ არ არის მიმართული. შესაბამისად, აქ არის არჩევანის საშუალება, თუმცა ის, რომ დღესდღეობით რუსეთი არის აგრესორი, ის ახორციელებს ომს უკრაინაში, ეს არის ცალსახა და შესაბამისად, სანქციების გვერდის ავლა არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ხვედელიანმა.
შეკითხვაზე, რა უჩენს ეჭვს, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება, რადგან იგივე ყულევის ნავთობის ტერმინალიც ამ კონტექსტში იყო ნახსენები და დღეს პრემიერმა თქვა, რომ მათ კონკრეტული მასალები და მტკიცებულებები მიაწოდეს, თუმცა მაინც იყო წარდგენილი დასანქცირების საკანონმდებლო ინიციატივაში, ტატა ხვედელიანმა თქვა, რომ უნდა განხორციელდეს საერთაშორისო მიუკერძოებელი გამოძიება ამასთან დაკავშირებით და გაირკვეს, რა ვითარებაა.
თამთა სანიკიძემ გადაცემის სტუმარს შეახსენა, რომ საქართველოში იყო ჩამოსული დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მისიები, რომლებმაც სანქციებისთვის გვერდის ავლის ფაქტები არ დაადასტურეს და რატომ რჩება მაინც მათ პარტიაში კითხვები და ეჭვები, რაზეც ხვედელიანმა უპასუხა – „რა თქმა უნდა, ჩვენ პარტიაში ძალიან ბევრი შეკითხვები დარჩება და ძალიან ბევრი ეჭვები დარჩება, ვიდრე იქნება „ოცნების“ ხელისუფლება. იმიტომ, რომ ვხედავთ, დღესდღეობით „ოცნება“ რას აკეთებს ყველა მიმართულებით“.

