ჩვენთვის ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ გაყიდვების სარფიანი მენეჯერია, რომელსაც ეს იმიჯი მოუხდა კიდეც, თუმცა ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვერცხის ფასთან დამარცხებულია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ მიგრაცია საქართველოში პრობლემაა, თუმცა მათი პოლიტიკა არაეფექტურია.
„ირაკლი კობახიძის პარლამენტში მოსვლის მიზანი პიარია. მან ძალიან სარფიანად მოირგო „იგლ ჰილსის“ გაყიდვების მენეჯერის სტატუსი. შესაბამისად, პარლამენტში ამ იმიჯის ჩამოსარეცხად იმყოფება. „ოცნებამ“ დაინახა, რომ მიგრაცია პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი რეაგირებენ. რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკა არაეფექტურია. რატომ გარბის საქართველოდან ამდენი ქართველი და რა მოცემულობა შექმნა ამისთვის „ოცნებამ“? შრომით ბაზარზე ქართველების ადგილს უცხოელები იკავებენ და ქართველ ადამიანს საშუალება არ აქვს, რომ პროფესიულად რეალიზდეს. ჩვენთვის ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ გაყიდვების სარფიანი მენეჯერია, რომელსაც ეს იმიჯი მოუხდა კიდეც, თუმცა ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვერცხის ფასთან დამარცხებულია“, – აღნიშნა ხვედელიანმა.

