კვირა, მაისი 25, 2025

ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ – მეუფე შიო

ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას, – განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

მისივე თქმით, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ადამიანს აქვს მიცემული სატარებლად მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი. მისივე განმარტებით, მხოლოდ ამ ჯვრიდან „გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით“.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ბრმის კვირა, ვინაიდან წირვაზე იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ ბრმადშობილი ადამიანის განკურნების შესახებ, რომელიც გზის პირას იჯდა და მათხოვრობდა. და აი, მოციქულებმა ჰკითხეს მაცხოვარს: – რისთვის იტანჯება ეს ადამიანი, თავისი ცოდვებისთვის თუ მშობლების ცოდვების გამო? წარმოიდგინეთ, მთელი მისი ცხოვრება იყო გაუთავებელი ტანჯვა. შეუძლებელია, რომ ეს სატანჯველი მისი ცოდვების გამო ჰქონოდა, ვინაიდან დაბადებიდან ბრმა იყო და უფალმა მიუგო: „არც მას შეუცოდავს, არც მის მშობლებს, არამედ რათა მასში განცხადდეს ღვთის საქმენი“ (ინ. 9,3). უფალმა შემდეგ მოახდინა დიდი სასწაული და ამ ადამიანს მიანიჭა მხედველობა. აი, აქ ეს საქმე ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, კიდევ უფრო მეტად აღსრულდა იმით, რომ ამ ადამიანს ფიზიკურ თვალებთან ერთად აეხილა სულიერი თვალებიც. მან მადლიერებით მიიღო ეს კურნება, იწამა უფალი და თაყვანი სცა მას. ე.ი. მოხდა მისი შეხვედრა ღმერთთან და მან იხილა ისეთი რამ, რასაც მის ირგვლივ თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ. უფლის საქმეც სწორედ ეს არის, მთავარი საქმე უფლისა, მას სურს, რომ ყველა ადამიანმა იხილოს ღმერთი და გადარჩეს.

სახარების ეს ეპიზოდი ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უფალი ასევე გვასწავლის, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ტანჯვისადმი, მწუხარებისადმი, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად იტანჯება. ეს ჩვენც განგვიცდია და ჩვენ ირგვლივაც ვხედავთ ბევრ მწუხარებას და ტანჯვას: ომებს, ძალადობას, უსამართლობას, ავადმყოფობას, სიღატაკეს, პატიმრობას, დიდ ოჯახურ პრობლემებს და ა. შ. ვინ იცის, კიდევ რისი დათმენა უწევს ყოველ ადამიანს, ამის ჩამოთვლაც ძნელია ახლა.

შეიძლება, ითქვას, რომ ამ ცხოვრებაში ჭირი და მწუხარება უფრო მეტია, ვიდრე ლხინი და კეთილდღეობა. კიდევ რბილად ვამბობ ახლა. არიან დიდი წმინდანები და დიდი მოაზროვნეები, რომლებიც პირდაპირ წერენ და ამბობენ, რომ ეს წუთისოფელი ტანჯვაა, ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში. ეს ასე იყო ყოველთვის, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.

იმის გამო, რომ არასდროს არავის უნდოდა გაჭირვების გადატანა, ტანჯვა და მწუხარება, გაჩნდა ბევრი რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვა სახის მოძღვრება, რომლებიც ცდილობენ, ახსნან, თუ რა არის ტანჯვა, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან. ყველა ეს სწავლება უარს ამბობს ტანჯვის მიღებაზე, უარყოფენ მას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ, გაექცნენ ტანჯვას და ადამიანი გაათავისუფლონ მისგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გამოსდით და ერთადერთი მოძღვრება, რელიგიურიც, თუ გნებავთ, დავარქვათ ფილოსოფიურიც, რომელიც არ უარყოფს ტანჯვას, ეს არის ჩვენი ქრისტიანული სწავლება. თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რა არის ტანჯვა, მწუხარებათა დათმენა, რისთვის არის მწუხარება მოვლენილი ამ ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი.

რა თქმა უნდა, ტანჯვაც და მწუხარებაც ცოდვის შედეგია, ბოროტების შედეგია, დაცემის შედეგია, მაგრამ დღევანდელი სახარებიდან ვხედავთ, რომ მხოლოდ ცოდვის გამო როდი ეძლევა ადამიანს სატანჯველი, რადგან ეს ბრმადშობილი იტანჯებოდა იმისთვის, რომ მასში გაცხადებულიყო ღვთის საქმეები. ე.ი. ტანჯვას და მწუხარებას აქვს დიდი მიზანი და რადგან მიზანი აქვს ე.ი. აზრიც აქვს. ვიმეორებ, მხოლოდ ქრისტიანობა ხედავს ამ აზრს და კანონზომიერებას. თვით უფალიც, ძე ღმერთიც იტანჯა და მის ტანჯვას ჰქონდა დიადი მიზანი; ეს არის კაცობრიობის გამოხსნა.

ამდენად, ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას. მართალია, ზოგიერთი მწუხარებისა და ტანჯვისგან სასოწარკვეთილებაშიც ვარდება და იღუპება კიდეც, მაგრამ ეს ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ ტანჯვას, არ აინტერესებთ მისი აზრი, არც უნდათ, გაიგონ და ამიტომ იღუპებიან. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ ტანჯვას და მწუხარებას ყოველთვის მივყავართ გამოხსნამდე. ვიმეორებ, ბოროტების დაძლევამდე და სულიერი და ზნეობრივი ამაღლებისკენ მიმყვანებელი გზა არის ყოველთვის ქრისტეს ვიწრო გზა. ეს არის ჯვრის ზიდვის გზა. ამრიგად, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველა. ამიტომ არის, რომ ბევრი წმინდა მამა, მათ შორის, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ გული არ უნდა გავიტეხოთ, როდესაც ჩვენ ან სხვასშეგვხვდება რაიმე გასაჭირი ან უბედურება, არამედ თუ ყველაფერს დავითმენთ ღვთისადმი მადლიერებით, სიმამაცით, მაშინ ყოველგვარი უბედურება და განსაცდელი სასიკეთოდ დასრულდება ჩვენთვის. ამას კი აუცილებლად მოჰყვება მრავალი სიკეთე და ნუგეში. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული შესანიშნავ სიტყვებს: „ჩვენი მცირედი ჭირი შეიქმს ჩვენთვის უსაზომო დიდებას, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს. რადგან, ხილული წარმავალია, უხილავი კი წარუვალი“ (2 კორ. 4:17-18)“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანზე

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანზე, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა იარეთ ფრთხილად https://www.facebook.com/watch?v=700014722961797   

იტალია და ევროკავშირის კიდევ 8 ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გადახედვას ითხოვს

იტალიამ და ევროკავშირის კიდევ რვა სხვა სახელმწიფომ, მათ შორის დანიამ და პოლონეთმა, ხუთშაბათს ღია წერილი გამოაქვეყნეს. ევროპელი ლიდერები გამოდიან მოწოდებით, გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირების საკითხი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც მიგრაციას ეხება. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, მათ „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირებაზე ახალი და საღი გონებით საუბრის დაწყება სურთ“. „ჩვენ უნდა აღვადგინოთ სწორი ბალანსი“, - აცხადებენ წერილის ხელმომწერები. კონვენცია, რომელიც ძალაში 1953 წელს შევიდა, შეეხება: სიცოცხლის უფლებას; მონობის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; გამოხატვის თავისუფლებას; დისკრიმინაციის აკრძალვას და ოჯახური ცხოვრების უფლებას. მისი დებულებები კონვენციის ხელმომწერმა 46-ვე ქვეყანამ უნდა დაიცვას, მათ შორის ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება კი ყველასთვის სავალდებულოა. მიგრაციის საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შეცვლამ ხელი შეუწყო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებში მემარჯვენე რადიკალური ძალების გამარჯვებას, რამაც ამ ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლა გაზარდა. წერილი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირების საკითხის გადახედვის მოთხოვნას შეიცავს, გამოქვეყნდა რომში მელონისა და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის შეხვედრის შემდეგ, რომლებსაც მიგრაციის საკითხზე მკაცრი პოზიცია უკავიათ. მათ მიმართვას ავსტრიის, ბელგიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ლიდერებიც შეუერთდნენ. ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვის საქმეთა სააგენტო „ფრონტექსის“ მონაცემებით, 2023 წლის თითქმის 10-წლიანი პიკის შემდეგ, გასულ წელს ევროკავშირში საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მაჩვენებელი 38 პროცენტით შემცირდა და 239 000 შემთხვევამდე დავიდა. მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელმა, იტალიისა და დანიის „ქორების“ ლიდერობით, ოქტომბერში ახალი კანონმდებლობის სასწრაფოდ მიღება მოითხოვა, რათა მიგრანტების დეპორტაციის ტემპები დაჩქარდეს, ხოლო ევროკომისიამ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის „ინოვაციური“ მეთოდები შეიმუშავოს.„ძალიან შორს“ წერილზე ხელმომწერი ცხრა ქვეყანა აცხადებს, რომ დროა, დაიწყოს „დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება საერთაშორისო კონვენციები იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ“. მათ ასევე მოუწოდეს „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, გააკეთოს განმარტებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირებზე“. ასეთი მოწოდების საფუძველი გახდა ის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში მიგრანტების მიმართ სავარაუდო უკანონო მოპყრობის საქმეების განხილვისას, ადგილობრივი მთავრობები კონვენციის დებულებების დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო დანიას მოუწოდა, რომ მიგრანტთა ოჯახების წევრთა გაერთიანების (მათი შეერთების - რედ.) წესები შეეცვალა. სასამართლომ ასევე გამოიტანა მრავალი გადაწყვეტილება იტალიის წინააღმდეგ, მიგრანტების მიმართ მოპყრობის გამო. აღნიშნულის გამო, სახელმწიფოებს აინტერესებთ, „სასამართლო, ზოგიერთ შემთხვევაში, ხომ არ გასცდა კონვენციის ჩარჩოებს, ზედმეტად ხომ არ გააფართოვა თავისი უფლებამოსილების არეალი და ამით ხომ არ შეცვალა შეცვალა ბალანსი იმ ინტერესებს შორის, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული“. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ინტერპრეტაციამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეზღუდა ჩვენი შესაძლებლობა, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჩვენს დემოკრატიებში“, - ნათქვამია წერილში. სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, მელონიმ არალეგალური მიგრაციის შემცირებას პირობა დადო, მაგრამ მისმა ნაბიჯმა იტალიაში უკანონოდ შესული მიგრანტების ალბანეთში გახსნილ მიგრანტთა ცენტრებში გადაგზავნის შესახებ მთელი რიგი იურიდიული სირთულეები და შეფერხებები გამოიწვია. იტალიელმა მოსამართლეებმა არაერთხელ თქვეს უარი იტალიის ხელისუფლების მიერ ზღვაზე დაკავებული მიგრანტების ალბანეთში გადაგზავნის გადაწყვეტილებისთვის მოეწერათ ხელი და ასეთი საქმეები მათ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაუგზავნეს, რომელსაც თავისი აზრი ჯერ არ გამოუთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ წერილზე დიდი ბრიტანეთის ხელმოწერა არ არის, მისმა საკუთარმა სქემამ - მიგრანტების „ძალიან შორს“, რუანდაში დეპორტაციამ - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან კონფლიქტი მაინც გამოიწვია.

კიტ კელოგი – კიევზე თავდასხმები სამარცხვინოა, შეწყვიტეთ მკვლელობები, ცეცხლის შეწყვეტა ახლავე

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასირებულ იერიშს გამოეხმაურა.კელოგმა სოციალურ ქსელში უკრაინის დედაქალაქის, კიევის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ასეთი დაბომბვები ჟენევის 1997 წლის პროტოკოლების აშკარა დარღვევაა.„ეს არის კიევი. ღამით, ქალებისა და ბავშვების განურჩეველი მკვლელობა მათივე სახლებში აშკარა დარღვევაა ჟენევის 1977 წლის პროტოკოლების, რომლებიც უდანაშაულო ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ეს თავდასხმები სამარცხვინოა. შეწყვიტეთ მკვლელობები. ცეცხლის შეწყვეტა – ახლავე“, – წერს კელოგი. 

ივნისიდან პირადობის მოწმობები იცვლება – რა უნდა იცოდეს მოქალაქემ

საქართველოს მოქალაქის პირადობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება.შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის და მიმდინარე წლის 4 ივნისიდან შევა ძალაში.ამასთან, ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით მოქმედებს.აღსანიშნავია, რომ 4 ივნისიდან პირადობის მოწმობების დიზაინი იცვლება.შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც პირადობის მოწმობის აღებას 4 ივნისის შემდეგ გადაწყვეტს, განახლებული დიზაინის მოწმობას მიიღებს.როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები იცვლება.

საქართველოს ნაკრები ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონია

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ვეტერან ძიუდოსტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ტურნირზე ჩვენი გუნდის სახელით ასპარეზობდნენ: ანზორ ხმიადაშვილი, გიორგი მაზიაშვილი, დავით ლორიაშვილი, პაატა მერებაშვილი და მინდია ლილუაშვილი.შეგახსენებთ, რომ ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯამში მოპოვებული 13 ოქროს, 14 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილი დაიკავა.

ბოლო სიახლეები