სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გუბაზ სანიკიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკი.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი დაიბარა, რომლებიც საკუთარი სურვილით სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან“, – განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სუს-ში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.
როგორც სუს-ში აღნიშნეს, უწყება სწავლობს განცხადებების შინაარსს და დაწყებულია გამოძიება.
„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.
დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“, – აცხადებენ სუს-ში.

