შაბათი, ივნისი 7, 2025

სტუ-ში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – Micro-GEAR, ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR), ფარგლებში მორიგი სამუშო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრის მიზანი საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში მიკროკრედიტების სისტემის დანერგვის შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რაც, ძირითადად, მოიცავს ტრენინგ სესიებს, რომლებიც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას მიკრო სერტიფიკატების უმაღლესი განათლების სისტემაში ინტეგრირებისთვის.

„სამწლიან პროექტში, რომელიც გასული წლის იანვარში დაიწყო, ჩართულია 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია. პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები. ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან: ზაარლანდის (გერმანია), მადრიდის კარლოს III-ის (ესპანეთი), რომის ანიელო მერონეს ევროპული (იტალია) უნივერსიტეტები, ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია) და საკონსულტაციო კომპანია GIRAF PM e.K. (გერმანია).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროექტში ჩართული მეცნიერების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისას აცხადებს, რომ ERASMUS+ პროექტი – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, Micro-GEAR პირველი საერთაშორისო ინიციატივაა მიკრო სერტიფიცირების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემების მხარდაჭერასა და განვითარებას.

„ჩვენ ვიღებთ დიდ პასუხისმგებლობას ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით განვახორციელოთ განათლების რეფორმები და სამხრეთ კავკასიაში ვიყოთ ინოვაციისა და თანამშრომლობის მაგალითი. გლობალურ შრომით ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების ფონზე და სწრაფად მზარდი, მაღალკვალიფიციური განათლების საჭიროების პირობებში, მიკრო სერტიფიცირება ხდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს კომპეტენციის აღიარებას, ქმნის მოქნილ საგანმანათლებლო ბილიკებს და ავსებს იმ დანაკლისს, რასაც ტრადიციული სერტიფიცირება ვერ ფარავს. მიკრო სერტიფიცირების როლი პროფესიულ განათლებასა და სწავლების სისტემებში (VET) მხოლოდ აძლიერებს მათ ღირებულებას და აქტუალობას.

ამ კონტექსტში, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ასპექტია რეგიონში პოლიტიკის შემმუშავებლებსა და აკადემიურ საზოგადოებაში მიკრო სერტიფიცირების ელჩებისა და ენთუზიასტების ახალი თაობის ჩამოყალიბება. ამ პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ მიკრო სერტიფიცირებას თავიანთ საგანმანათლებლო პროგრამებში. ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი ცოდნის გაზიარების, რეგიონული კომპეტენციის გაძლიერებისა და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის.

სასიხარულოა ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი – უნივერსიტეტი ამ პროექტში კონსორციუმის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორია. 6 ქვეყნის 16 საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციის გაერთიანება ერთ პროექტში სერიოზული პასუხისმგებლობაა. თუმცა ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია ამ ამოცანას უმკლავდებიან მაღალი პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმითა და სტრატეგიული ხედვით.

უკვე ვხედავთ ამ შრომის შედეგებს – პროგრესი პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით, ინსტიტუციური ჩარჩოების ჩამოყალიბება და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართვა რეგიონიდან თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს წარმატებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პროექტში ჩართული პარტნიორების ერთიანი ძალისხმევის ნათელი დადასტურებაა.

Micro-GEAR-ი ბევრად მეტია, ვიდრე პროექტი. ეს არის სტრატეგიული მოძრაობა უფრო მოქნილი, ინკლუზიური და თანამედროვე განათლების სისტემისკენ, რომელიც ერგება სწრაფად ცვალებად გარემოს“, – აღნიშნავს რექტორი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს…“ – ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ნანა ხიხაძე თბილისში გამოიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია.დავით ჩიქოვანის თქმით ლუგარის ლაბორატორიამ საკვების ნიმუშების წარდგენაც მოითხოვა.,,გუშინ გავაგზავნეთ ნაცხები პირღებინებიდან და კუჭიდან, შემდეგ მოითხოვეს საკვების ნიმუშებიც. დღეს უკვე ეს დამატებითი მასალები გავაგზავნეთ. ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია მომხდარის მიზეზი. ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ველოდებით“, - ამბობს ჩიქოვანი.შეგახსენებთ, გუშინ ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ვარდისფერ ფერებში დაიწყო…” – თათია შარანგია მიმართვას ავრცელებს

პიანისტი, თათია შარანგია, რომელიც იუბილარი იყო, საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის."უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, იმ სითბო და სიყვარულისთვის, რაც უდიდეს ძალას მაძლევს. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც არის ჩემი ცხოვრების საყრდენი და საჩუქარი. მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი, პასტელურ, ვარდისფერ ფერებში დაიწყო ჩემი 36!"

რა ინფორმაციას წერს ტრამპი სოციალურ ქსელში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ჩინეთთან ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი.„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 1 მგზავრი, 26 დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კონიას გუბერნატორის განცხადებით, ავარიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მედიის ცნობით, ავტობუსი მერსინიდან კონიაში მიემართებოდა.ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საინფორმაციო ომების წინააღმდეგ ერთიანდებიან

ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს. ევროპარლამენტარებმა ორი დღის განმავლობაში, ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების საკითხები BBC-სთან და კომუნიკაციების ოფისთან (Ofcom) ერთად განიხილეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუიზემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ."დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იზიარებენ ჩვენი დემოკრატიების დასაცავად ერთნაირ აუცილებლობას. ჩვენ, ასევე ვიზიარებთ იგივე მიზნებს ძლიერი დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადობის აღდგენის შესახებ. EUDS-ის ვიზიტი, 2025 წლის 19 მაისს გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის სამიტიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა, რასაც ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა. ამაღელვებელია განახლებული ენერგიის ხილვა, ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის.ამ მისიის შედეგი ნათელია - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა გამოავლინონ, თავიდან აიცილონ და ეფექტურად დაუპირისპირდნენ საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საინფორმაციო ომს და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ საერთო მოწინააღმდეგეების თავდასხმებს. ამავდროულად, უნდა გავამყაროთ ჩვენი მოქალაქეების ნდობა", - განაცხადა ნატალი ლუიზემ.

ბოლო სიახლეები