პარასკევი, ივლისი 25, 2025

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი – ჩვენი მისიაა, დავამკვიდროთ გარემო, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ხოლო ინოვაცია რეალურ ეკონომიკურ ღირებულებად

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მისიაა, დავამკვიდროთ გარემო, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ხოლო ინოვაცია რეალურ ეკონომიკურ ღირებულებად. ჩვენ ვახორციელებთ მრავალმხრივ კვლევით პროგრამებს, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო აკადემიურ, სამეცნიერო და ინდუსტრიულ პარტნიორებთან, ვავითარებთ ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას, რათა სტუდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღონ როგორც მაღალკვალიფიციური თეორიული ცოდნა, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024/2025 სასწავლო წელს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, დასრულდა ან მიმდინარეობს 19 პროექტი, მათ შორის: ფუნქციური პოლიმერმატარებლის მიღების ტექნოლოგია L-ლიზინის საფუძველზე; მაგნეტიტის ნანონაწილაკების ელექტროქიმიური სინთეზი რკინის სულფატის ელექტროლიტის ხსნარში ბიოთავსებადი სტაბილიზატორების გამოყენებით; ელექტროქიმიურად სინთეზირებული ნანონაწილაკების გამოყენება წამლის მიწოდებასა და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკაში; მეორადი მატერიალური და ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობა ვაშლის კონცენტრატის დამამზადებელ საწარმოში; არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების ტერიტორიის ნიადაგის სარეკულტივაციოდ ბიოგენური ელემენტების რეკუპერაცია ბუნებრივი სორბენტებით; ტექნოგენურად დაბინძურებული მჟავა კარიერული წყლების ქიმიური მეთოდით გაწმენდის შემდეგ ნარჩენი მძიმე მეტალების ფიტომიგრაცია; საკვები მცენარეული ზეთის ნარჩენების გადამუშავება საწარმოში; მდინარე ივრის აუზის წყლის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემად გამოყენებისთვის დამცავი პრევენციული ღონისძიებების შემუშავება; ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყაროებისა და კომპონენტთა იდენტიფიცირება და მათი შემცირების ტექნიკური ღონისძიებების შემუშავება; ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის ავტოტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურების შემცირების პრევენციული ღონისძიებების დამუშავება; მუყაოს ქაღალდის და მუყაოს პროდუქციის წარმოება მაკულატურიდან; პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია; ზღვის ნიჟარებში მინერალთა არსებობის ფორმებისა და შესაძლო ფაზური გარდაქმნების ფიზიკურ-ქიმიური კვლევა; კობალტის (II) და მანგანუმის (II) შერეულ-ლიგანდიანი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა და სხვა.

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს 8 საგრანტო პროექტიდან სამი დასრულებულია, ხუთი კი – მიმდინარეობს. მათ შორის, დასრულდა: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო ორი პროექტი „გამოყენებითი კვლევებისთვის“: „ცემენტის წარმოების ხერხი საკვამლე აირების (CO2, SOx, NOx ) გასასუფთავებლად, ატმოსფეროში ემისიამდე კლინოფთოლითიან სორბერში გატარებით, ლაბორატორიულ გარემოში ექსპერიმენტაციით გამოყენებლობის დადგენა, კონცეფციის დამტკიცება“ და „CO2 სორბენტები ბუნებრივ ცეოლითთა ბაზაზე, სინთეზის/გამოყენების/უტილიზაციის ტექნოლოგიური იდეის კონცეფციის ფორმულირება, გამოყენებითობის დადგენა და დამტკიცება ლაბორატორიულ გარემოში ექსპერიმენტაციით“; ასევე, რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ პროექტი – „მინანქრებისა და ჭიქურების მომზადების, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევა“.

როგორც დეკანი ამბობს, რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით ასევე მიმდინარეობს შემდეგი საგრანტო პროექტები: „ბიოთავსებადი მოდიფიკატორებით სტაბილიზებული ნანო მაგნეტიტის მიღება ბიოსამედიცინო სფეროში გამოყენების მიზნით”; „სილიკატური ნედლეულიდან LECA-ს სინთეზში დანამატ-მოდიფიკატორთა როლის შესწავლა“; „მრავალფუნქციური ნანოკომპოზიტები B4C-TiC-SiC-BN-Al2O3-SiAlON-ნახშირბადის ბოჭკო სისტემაში საჯავშნე ფილების, ტურბინების დისკებისა და ფრთების მაღალტემპერატურული და ცვეთამედეგი კვანძებისათვის“; „კრიოგენული და თერმული დამუშავების კომბინირებული ზეგავლენა თუჯებში მაღალფუნქციური მულტიფაზური ბეინიტურ-მარტენსიტული სტრუქტურების ფორმირებაზე“ და „მრავალფუნქციური შენადნობებისთვის ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურის შემუშავება ფოლადსაგლინავი წარმოების ნარჩენების ფუძეზე მაღალტემპერატურული სინთეზისა და მეტალურგიის მეთოდებით“.

გარდა ამისა, დეკანი აღნიშნავს, რომ 2024/2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, ფაკულტეტზე გარემონტდა გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორია და მასალათმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი.

„ზოგადად, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის სფეროები დიდწილად განაპირობებს ქვეყნის ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას. დღეს, როცა მეტალურგია გადადის დაბალემისიურ და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე, ჩვენი ამოცანაა, საფუძველი ჩავუყაროთ და განვავითაროთ ცოდნაზე დაფუძნებული წარმოება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას. ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესებისა და ინჟინერიის ინტეგრაცია კი გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მდგრადი, ეფექტიანი და ეკომეგობრული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პროცესში ასრულებს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო-კვლევითი ლიდერის როლს. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტი ღირსეულად აგრძელებს იმ ტრადიციებს, რომელსაც ღვაწლმოსილმა ამაგდარმა მეცნიერებმა – გიორგი ნიკოლაძემ, რუსუდან ნიკოლაძემ, დიმიტრი ერისთავმა, ნიკოლოზ ლანდიამ, ვასილ კაკაბაძემ, რაფიელ აგლაძემ, კალისტრატე ქუთათელაძემ, გივი ცინცაძემ და დარგის სხვა ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა ჩაუყარეს საფუძველი. წარმატებებს ვუსურვებ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეცნიერ-მკვლევრებს“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ვინც გვლანძღავდა, რატომ იძულებით არ გავიყვანეთ სადგურის მოედანზე მცხოვრებლები, დღეს უტიფრად აცხადებს, რომ მეოთხე კატეგორიის შენობებიდან შეჭრილი ხალხის გაყვანა დანაშაულია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესში მერია არ მონაწილეობს, რადგან ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. მანვე წარმოადგინა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია აღნიშნული შენობა-ნაგებობების ავარიულობა.„მინდა, კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა, თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.„ავარიული კორპუსები უდიდესი პრობლემაა და ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს რეალური გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულია ხელის შეშლით. ყველამ კარგად იცით, რომ მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ჩვაანაცვლოთ ასეთი კორპუსები. მას თავისი პირობები და წესები გააჩნია. თბილისის მერია ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ცხოვრობს ავარიულ სახლებში, ეხმარება, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. ეს პოლიტიკური სპეკულაციები, მიზანმიმართული ცილისწამება არის ერთსაათიანი – რა დროსაც შეგიძლიათ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ სიმართლე არის ის, რაზეც ვისაუბრე და ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შსს-ში აცხადებენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 17 პირია დაკავებული

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი დააკავა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლით არიან დაკავებულები.არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე.ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა - ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო.როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ხდება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გააკეთებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაა.მაკრონი მშვიდობისთვის რამდენიმე პირობას ასახელებს: დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ასევე „ჰამასის“ დემილიტარიზაცია, ღაზის უსაფრთხოება და აღდგენა.„აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და იმის მიღწევა, რომ დემილიტარიზების მიღებისა და ისრაელის სრული აღიარების შემდეგ ხელი შეეწყოს ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოებას.ალტერნატივა არ არსებობს. ფრანგებს მშვიდობა სურთ ახლო აღმოსავლეთში. ჩვენზეა დამოუკიდებული, ფრანგებზე, ისრაელელებთან, პალესტინელებთან, ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვაჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილი – მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს

მე ვიცი, როგორ დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საკუთარი დადებითი და უარყოფითი გამოცდილებით შეუძლია ქვეყნის დახმარება.„ბათუმში, ზუსტად იმ სახლის წინ, სადაც რამდენიმე დღეში დასასვენებლად ჩადიოდა ალისა, გუშინწინ კაცი ჩაცხრილეს. საერთოდ, ასეთი კრიმინალური სიტუაცია ბოლოს მახსენდება 90-იანი წლების დასაწყისში. კრიმინალის გავრცელება გარდაუვალია თავისი შეკვეთილი მკვლელობებით და ქუჩის „ბეზპრედელით“, როცა ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი სათავეში, ივანიშვილით, რომელიც თავის ბიზნესგარჩევებს აგვარებს დაპატიმრებებით და შემდეგ ციხეში ანგარიშსწორებით. ამ სიტუაციაში, როგორც შევარდნაძის დროს, თავად პოლიცია იქცა კრიმინალად. ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია, დავეხმარო საქართველოს. მე ვიცი, როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, მათ შორის, ამ პრობლემების გადალახვაში“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ალავერდისა და იყალთოს სამონასტრო კომპლექსებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თეა ონიანმა, თავის მოადგილესთან, პაატა გაფრინდაშვილსა და აბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად, ალავერდისა და იყალთოს სამონასტრო კომპლექსებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში 2024 წელს მომხდარი სტიქიური მოვლენის მიერ ტაძრის ექსტერიერისთვის მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია.„ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ამავე ტერიტორიაზე მდებარე ფეიქარ-ხანის სასახლისა და სატრაპეზოს რეაბილიტაციას. იყალთოს სამონასტრო კომპლექსში დაგეგმილია ფერისცვალების ტაძრის სრული რეაბილიტაცია, მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების მოწყობა ტერიტორიიდან წყლის გადაყვანის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერისცვალების ტაძრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, ფასადებზე იგება ხარაჩოები. აგრეთვე, ტაძრის ჩრდილოეთით იჭრება მიწა წყალგადამყვანი არხების მოსაწყობად. ტაძრის საძირკვლის გამაგრების შემდგომ შესაძლებელი იქნება, ჩატარდეს სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები: ბზარების ინექტირება, ანტისეისმური სარტყლების მოწყობა, საბურველის გადაწყობა. დაგეგმილია იყალთოს აკადემიის შენობის საძირკვლის გამაგრება, კედლების კონსერვაცია. აკადემიის შენობის კედლების გამაგრების მოსამზადებელი სამუშაოებისას აღმოჩენილ იქნა ახალი არქეოლოგიური უბანი. სააგენტო სპეციალისტების მონაწილეობით გეგმავს ამ ტერიტორიის შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სააგენტოს ხელმძღვანელობამ ეპარქიის მმართველთან ერთად განიხილა ორივე ძეგლთან დაკავშირებული საჭიროებები და დასახა მათი მოგვარების გზები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობას“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები