„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს წარმოადგენდე იმ პირთა წრის ნაწილს, რომლებსაც დადგენილი მაღალი სტანდარტით შესწევთ უნარი განიხილონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნესტორ ლაბარტყავა აცხადებს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნესტორ ლაბარტყავამ 2016 წელს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა და მოწვეული მასწავლებლის რანგში საერთაშორისო საჯარო, საერთაშორისო ჰუმანიტარული და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით, სალექციო კურსები მიჰყავდა.
„უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ, დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, სტუდენტებს, რომლებმაც უკვე აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ან/და აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა, ნიშნავს წარმოადგენდე იმ პირთა წრის ნაწილს, რომლებსაც დადგენილი მაღალი სტანდარტით შესწევთ უნარი განიხილონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფაკულტეტზე სწავლობ, მთავარია ის, რომ თითოეულმა სტუდენტმა გამოიყენოს შესაძლებლობა მიიღოს განათლება და სამომავლოდ გახდეს წარმატებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალმხრივი შესაძლებლობის გარანტი. მომავალ თაობას შესწევს უნარი კარგ განათლებასთან ერთად, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიების მეშვეობით მიიღოს პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატებული კარიერული წინსვლის საწინდარი გახდება. ასევე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მრავლისმომცველი სამეცნიერო ლიტერატურით გამოირჩევა“, – განაცხადა ნესტორ ლაბარტყავამ.
ცნობისთვის, ნესტორ ლაბარტყავა 2015-2017 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ინიცირებულ იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობდა.