ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო

2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი ვიზიტის საფუძველზე გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, ასევე, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელებული კადრები ციხის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში (სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში) პატიმართა არასათანადო მოპყრობის/წამების შესახებ („ციხის სკანდალი“).

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით: ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა; პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ; ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე;

პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა; პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა; ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა; პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ; პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით.

ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება. მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. აღნიშნულ ფაქტზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამომძიებელმა ურჩია, განეცხადებინა, რომ ტრავმა მიიღო საწოლიდან გადმოვარდნისას. მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით დაუმტვრიეს თითები. მისი თითები უმეტესწილად დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად. ამასთან, მომჩივანს არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი, თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის.

პენიტენციურ დაწესებულებაში ზემოხსენებული მოპყრობის შედეგად მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი გლდანის ციხეში დაექვემდებარა წამებას და ეს წარმოადგენდა ნაწილს იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რომლებიც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.

აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები არ ახმაურებდნენ წამების შემთხვევებს როგორც არაპირადი, ისე პირადი (ოჯახური) კონტაქტების დროს. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო სიტუაციის გაუმჯობესების იმედის ნაკლებობით, შემდგომი დასჯის შიშით და დაცვის მექანიზმების არაეფექტურობით.

თუმცა, როგორც მომჩივანმა პროკურორთან განაცხადა, ის თავს საკმარისად დაცულად გრძნობდა, რათა საჩივარი შეეტანა გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ციხის სკანდალისა და 2012 წლის ოქტომბრის სამთავრობო ცვლილებების შემდეგ.

საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად აკაკი ოჩიგავას წამების ფაქტზე 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა არაერთი პირი, ხოლო 2018 წლის 6 თებერვალს ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნენ დამნაშავედ. განაჩენი უცვლელად ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ. სხვა პირებთან ერთად, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ყოფილი მსჯავრდებული აკაკი ოჩიგავა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, დარღვევის სისტემატურობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ხარვეზები დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილშიც (გამოძიების ვალდებულება), რადგან პასუხისმგებელ პირთა დაკავება და გასამართლება მოხდა გასაჩივრებული ფაქტების დადგომიდან 5 წლის შემდეგ, რაც მართლმსაჯულების აღსასრულებლად ხანგრძლივ ვადად შეფასდა.

სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 20 000 ევრო მორალური ზიანისთვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები – ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის – მიხეილ ყაველაშვილი

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილის მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს კრიზისი და სხვადასხვა გამოწვევა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპა იპოვის საკუთარ თავში ძალებს, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.მან გლობალურად არსებული ვითარების ფონზე მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.„ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის და ა.შ.ეს ჩვენ რას გვაძლევს? - რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ეს იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები დამცველები. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ, კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმისთვის რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. გამარჯვებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში არ დავუშვათ რადიკალური, ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნების ჩარევები და ვიყოთ მომართულები იმისთვის, რომ უფრო სტაბილური გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა“, - განაცხდა პრეზიდენტმა.

როგორ გამოუტანა ძმის მკვლელს განაჩენი დამ, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ისტორია, რომელსაც ჟურნალი „თბილისელები“ მოგითხრობთ, გასული საუკუნის 70-90-იანი წლების მიჯნაზე მოხდა. მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია1979 წლის 13 თებერვალს, დილის 8 საათსა და 30 წუთზე 22 წლის მილიციის ზემდეგი ვახტანგ ჩხეიძე მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდა. ის პირველი მაისის (დიდუბის) რაიონის მილიციის განყოფილებაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებდა.ვახო ჩხეიძე სადგურის ქუჩაზე ცხოვრობდა და სამსახურიდან სახლში ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა. 24-ე სკოლას რომ გასცდა, ბაქოს ქუჩის მხრიდან ურთიერთსროლის ხმა შემოესმა და იქით გაემართა. ჩხეიძე უიარაღო იყო და მხოლოდ მილიციელის ფორმა ეცვა. უცებ ერთ-ერთი სახლის სახურავიდან შეიარაღებული მამაკაცი ჩამოხტა. მას პისტოლეტმომარჯვებული მილიციელები მისდევდნენ. მამაკაცი სკოლაში მიმავალ, ცხრა წლის ბავშვს დასწვდა, სხეულზე აიფარა და მილიციელების მიმართულებით ორჯერ გაისროლა, თან უღრიალა: ნუ მომდევთ, თორემ ბავშვს მოვკლავო. მილიციელები გაჩერდნენ. ატირებული ბავშვი კი მამაკაცს დაუსხლტა და სკოლისკენ გაიქცა. მამაკაცმა იარაღი მისკენ მიმართა. ათიოდე მეტრში ვახტანგ ჩხეიძე იდგა და ის ბავშვს დასწვდა და მას მთელი სხეულით აეფარა. მამაკაცმა რომ ფორმიანი მილიციელი დაინახა, მისი მიმართულებით გაისროლა და ის მკერდში დაჭრა. მდევარმა მილიციელებმა მამაკაცი დააკავეს.მძიმედ დაჭრილი ვახტანგ ჩხეიძე კი რკინიგზის საავადმყოფოში წაიყვანეს. დაპატიმრებული მამაკაცი, 36 წლის რეციდივისტი სამჯერ ნასამართლევი ბოგდან შენგელია იყო. მას მილიცია ეძებდა. ოპერჯგუფმა ის ბაქოს ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ალყაში მოიქცია და ამის მერე მოხდა ურთიერთსროლა თბილისის ცენტრში. ასეთი რამ, იმ წლებში უიშვიათესი შემთხვევა იყო.უმცროსი და22 წლის ვახტანგ ჩხეიძე სამი დღის შემდეგ, 1979 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ვახო თავის უმცროს დას, 18 წლის გვანცას ჩააკვდა ხელში, რომელსაც სამი დღე-ღამე თვალი არ მოუხუჭავს და უგონოდ მყოფი ძმის სასთუმალს წამითაც არ მოშორებია. გვანცა სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა, თან საავადმყოფოშიც მუშაობდა. ვახტანგი მხოლოდ სიკვდილის წინ მოვიდა გონზე. უმცროსი დის ხელი ჩაბღუჯა და მას დაუბარა:– ვკვდები, დაიკო, მაგრამ არ შეგეშინდეს. ცხოვრება გააგრძელე. მაგარი გოგო ხარ და შეძლებ. თემურს ძალიან უყვარხარ. ვიცი, შენც გიყვარს და ლამაზი ოჯახი შექმენით.25 წლის თემურ კობახიძე ჩხეიძეების უბნელი იყო. გვანცა ბავშვობიდან უყვარდა და ვახოს დის ხელი სთხოვა, რაზედაც ძმამ მიუგო: მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ გვანცაც თანახმააო. გვანცა თანახმა იყო. წყვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, შემოდგომაზე შეუღლებულიყვნენ, მაგრამ ვახოს დაღუპვამ ეს ამბავი შეაფერხა. გვანცამ ძმის სიკვდილი მძიმედ განიცადა, ძაძები სამი წელი არ გაუხდია. ამასობაში სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა და ექთნის დიპლომი აიღო. 1982 წელს კი თემურ კობახიძეზე იქორწინა და ქმრის გვარზე გადავიდა.ბოგდან შენგელიას კი სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ ვახტანგს მორიგეობა დასრულებული ჰქონდა და მოვალეობის შესრულების მომენტში არ იმყოფებოდა. გარდა ამისა, შენგელიებმა (სანათესაომ) პროკურატურა და სასამართლო მოქრთამეს. მილიციელის მკვლელი რეციდივისტი თბილისის „კრიტში“ (მკაცრი რეჟიმის საპყრობილე) იხდიდა სასჯელს და 1983 წელს მისჯილი თხუთმეტიდან უკვე მეოთხე წელს ასრულებდა.დიპლომის აღების შემდეგ გვანცა კვლავ რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა. 1983 წელს კი ის, როგორც გვანცა კობახიძე, თბილისის ციხის საავადმყოფოში („რეზბალნიცა“) გადავიდა სამუშაოდ. 22 წლის გოგონა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც კოლეგებში, ასევე პატიმრებში და აბა, ვინ წარმოიდგენდა თუ რა ედო მას გულში, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიიღო ქმრის გვარი, რომ საიმედოდ შენიღბულიყო.1983 წლის 16 თებერვალს გვანცა სამსახურში იმყოფებოდა. დილის 9 საათი სრულდებოდა, როდესაც „კრიტიდან“ „რეზბალნიცაზე“ სამი პატიმარი გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი ბოგდან შენგელია იყო. პალატებში განთავსებამდე მათ სამედიცინო დათვალიერება უნდა გაევლოთ, რომელსაც გვანცა ატარებდა. პირველი კაბინეტში შენგელია შევიდა. გვანცამ მას ტახტზე დაწოლა სთხოვა. შემდეგ მიუახლოვდა. მისკენ დაიხარა და ალესილი დანა ჩაასო, რომელიც სამედიცინო ჩანთაში ჰქონდა დამალული. შენგელია ჯერ კიდევ აზრზე იყო და გვანცამ მას სწრაფად მიახალა: მე გვანცა ჩხეიძე ვარ. შენ მიერ მოკლულ მილიციელის, ვახტანგ ჩხეიძის უმცროსი და. დღეს მისი დაღუპვის ოთხი წლისთავია და ჩაძაღლდი!შენგელიამ საშინლად დაიყმუვლა, შემდგომ კი სულიც დალია.P.S. გვანცა ჩხეიძე-კობახიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ის 1989 წელს გამოუშვეს. დღესაც ცოცხალია და თავის დიდ ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ნიუ დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.„იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

მეუფე შიოს დღევანდელი ქადაგება

„ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი...“, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეშვიდე კვირას.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს იყო წაკითხული სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს საუბარი ახალგაზრდა რჯულის მეცნიერთან, რომელმაც ჰკითხა მას, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? (ლკ. 18, 18). უფალმა მას გაახსენა ძველი აღთქმის მცნებები: „არა იმრუშო“, „არა კაც ჰკლა“, „არა იპარო“, „არ მოიტყუო“, „პატივი ეცი შენს მშობლებს“ (გამ. 20, 12-16; რჯ. 5, 16-20) და ა. შ.კაცმა მიუგო, რომ ამ მცნებებს ბავშვობიდან იცავდა, მართალი ვარ ღვთისა და ადამიანთა წინაშეცო. თუ ასე ფიქრობს, თუ მიაჩნია, რომ ასეთი მართალია და ყველაფერს იცავს, მაშ რატომ ეკითხება მაცხოვარს? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს, ჰგონია, რომ ის მართალია დაწერილი რჯულის წინაშე, ან რჯულით თითქოს მართლდება, მაგრამ რჯულის მიღმა არის კიდევ უფრო დიდი სიმართლე; რომ რჯულის მხოლოდ ასე ფორმალურად დაცვა არ არის საკმარისი; საჭიროა, რჯულის სულის გაგება, ჩაწვდომა ამ სულისა იმისთვის, რომ ადამიანმა სასუფეველი დაიმკვიდროს. მაცხოვარი მას ასევე ეტყვის: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, თუ შენ ყველაფერ ამას იცავ, მაშინ მიატოვე შენი ქონება და მე გამომყევი“ (ლკ. 18, 22).ეს კაცი მდიდარი იყო მატერიალურად, მაგრამ ამის გარდა, ძვირფასო ძმებო და დებო, იგი მდიდარი იყო თავის თავზე დიდი წარმოდგენითაც, თავისი სათნოებების, თავისი სიკეთის შეგნებით იყო მდიდარი. მას ეგონა, რომ ყველაფერი შეასრულა ღვთის წინაშე, ადამიანთა წინაშე და მართალია. უფალი ამბობს, რომ მათ შორის ასეთი სიმდიდრეც უნდა მიატოვოს ადამიანმა. თუ ამას არ იზამს, სასუფეველში ვერ შევა. აი, ასეთი საოცარი დიალოგია. მაშასადამე, ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი.თუ ადამიანს ჰგონია, რომ დამსახურებების გამო მიიღებენ, მიიტანს იქ თავის სიმართლეს და უფლებებს, რომ მას უფლება აქვს მისი დამკვიდრების, ასეთი ადამიანი სასუფეველში ვერასდროს შედის, არამედ - მხოლოდ ის, ვინც ფიქრობს, რომ არანაირი უფლება არ აქვს სასუფევლისა, არანაირი დამსახურება არ აქვს და არაფრით ღირსი არ არის. აი ასეთების წინაშე იხსნება, ძვირფასო ძმებო და დებო, სასუფევლის კარი. ამრიგად, ეს უნდა ვისწავლოთ - უარი ვთქვათ ასეთ სიმდიდრეზე. იმიტომ ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი, რომ: „მდიდარი ვერ შევა სასუფეველში“, აქ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე არ არის საუბარი, არამედ უნდა ვეცადოთ, მოვიპოვოთ ეს სულის სიგლახაკე, რომელზედაც უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 5, 3).როდესაც დავგლახაკდებით (კარგი გაგებით), გავხდებით უმწეონი ამ გაგებით, რომ მხოლოდ ღვთის წყალობისა და სიყვარულის იმედი გვექნება, მეტი არაფრის, აი, მაშინ დამკვიდრდება ჩვენშიც და განივრცობა ჩვენ ირგვლივაც სასუფეველი ღვთისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - იქადაგა მეუფე შიომ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა 1 109 ხმა მიიღო, ირაკლი ყანდაშვილმა კი – 1 283 ხმა.პირველ ტურში კენჭისყრის შედეგად ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ითვლება ერთი საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც ხმების უბრალო უმრავლესობას (50%+1) მიიღებს.მეორე ტურში კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას.არჩევნებში სულ 2 751 ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი ექვსი კანდიდატი იყო – ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.„უპირველესად, ყველა კანდიდატს ვულოცავ არსებულ შედეგს. მოხარული ვარ, რომ დავიკავე პირველი ადგილი, თუმცა ყველაზე მეტად მოხარული ვარ, რომ ჩემი მხარდამჭერი გუნდი უმრავლესობით არის წარმოდგენილი აღმასრულებელ საბჭოში. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა ადვოკატს, ვინც კი გავიდა, მივულოცო და პროფესიის სასარგებლოდ, ერთობლივი მუშაობა ვუსურვო. ეს არის ერთი დიდი საერთო ოჯახი. რაც შეეხება მეორე ტურს, როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ისე ჩატარდება. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.ირაკლი ჩომახაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას მხარი დაუჭირა.„იმ პირობებში, როდესაც უამრავი დისკრედიტაცია და ტყუილი ვრცელდებოდა ჩემზე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადვოკატს, ჩემს ყველა კოლეგას, ვინც მხარი დამიჭირა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ კოალიციურად უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე ირაკლი ყანდაშვილმა. ირაკლი ყანდაშვილი მისწრებს 174 ხმით, თუმცა დაინიშნა მეორე ტური. მეორე ტური არის წინ და მეორე ტურში ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ირაკლი ჩომახაშვილმა.კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტური 14 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

ბოლო სიახლეები