ორშაბათი, იანვარი 12, 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის

მიტროპოლიტის ილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

რამეთუ აჰა ესერა, ძე და სიტყუაჲ მამისაჲ მოვალს შობად…

და დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ დაებადების“ (მიქაელ მოდრეკილი)

უფლის მოწყალებით, კვლავ დადგა ყველაზე იდუმალი ჟამი, ჟამი იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინებისა. ეს ყველაზე დიდი სიახლეა სამყაროს შექმნიდან დღემდე მომხდარ და მომავალშიც მოსახდენ სასწაულთა შორის, რადგან ვერაფერი შეედრება წუთისოფელში დაუსაბამო ღმერთის ხორციელად შობის საოცრებას.

მცირედით მაინც რომ ვიგრძნოთ ამ მოვლენის სიდიადე, შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ რეალობას: სამყაროში მილიონობით ვარსკვლავია, რომელნიც ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს – გალაქტიკებს. ჩვენს გალაქტიკას „ირმის ნახტომს“ უწოდებენ. იგი იმდენად დიდია, რომ სინათლის სიჩქარით (ანუ წამში 300 000 კილომეტრით) მოძრავ ტალღას მისი ერთი ბოლოდან მეორემდე მისაღწევად 100 000 წელი მაინც დასჭირდება.

ასეთი გალაქტიკა კი კოსმოსში უთვალავია; თითოეული მათგანი დიდი კანონზომიერებით იმართება და ღაღადებს, რომ ყოველივე ხილულისა და უხილავის შემქმნელი არის დაუსაბამო და უსასრულო უფალი.

გამაოგნებელია, რომ სწორედ უჟამო იგი, ჟამიერი გახდა; ყოვლისმპყრობელი არსთა გამრიგე, მსგავს ჩვენდა ქმნილი, ერთ-ერთი გალაქტიკის უმცირეს ნაწილში, დედამიწაზე, ზამთრის ცივ ღამეს, ბეთლემის ბაგაში მწოლი, წარუდგა სამყაროს.

ასეთი სიმდაბლით განგვეცხადა ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, იესო ქრისტე, რათა შობიდანვე და შემდგომ, 33 წლის მანძილზეც, მოეცა ჩვენთვის პირადი მაგალითი თავმდაბლობისა, მოთმინებისა, სიმართლისა, მშვიდობისა… და, რა თქმა უნდა, სიყვარულისა.

რით დავიმსახურეთ შენი ასეთი თავდადება, უფალო?

რას წარმოადგენს ადამიანი, რა ღირსება აქვს, რომ ასეთი პატივი მიაგე მას?

თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი საოცრებაა; საოცრებაა თითოეული ჩვენი ორგანოც, მათი ფუნქცია და მუშაობის მექანიზმი. ავიღოთ თუნდაც ტვინი, რომელიც მოიცას 86 მილიარდამდე ნეირონს და ასეულობით ტრილიონ მათ ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, რომელნიც ტვინში ყოველდღიურად მილიონობით ბრძანებას ატარებენ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებიან, რადგან თითოეული მათგანი გარემოცულია ერთგვარი ველით. ამ მოქმედებების სირთულე კი ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. ამასთან, ეს მხოლოდ მცირე გამოვლინებაა იმ შესაძლებლობებისა, რაც ჩვენშია ჩადებული.

ნუთუ ეს ყველაფერი არაფრისმომცემი, უშინაარსო, წარმავალი ყოველდღიურობისათვის გვებოძა?

ცნობილია ისიც, რომ დედამიწაზეც და მზის სისტემაშიც, საერთოდ, ჩვენ გარშემო არსებულ კოსმოსში, ყოველივე დიდი სიზუსტით არის გათვლილი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის არსებობისათვის ქმნის სათანადო პირობებს; წელიწადის დროთა მონაცვლეობა, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, ზღვის ბინადართა სიმრავლე … წყალი, ჰაერი, მიწა… მათი შეზავება და დანიშნულება… ადამიანს ემსახურება.

ანუ ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს;

და მართლაც, იგი დიდ დატვირთვას ატარებს და დიდი მიზნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.

ეს კარგად იცოდნენ გაცილებით ადრეც, წინარე საუკუნეებში.

აი, რას წერდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IVს.) და წმინდა გრიგოლ პალამა (XIVს.): „ადამიანი დიადი სამყაროა მცირე დასახულობაში განცხადებული“, „იგი ყოველივე ქმნილის ერთიანობაა, რომელიც ხილულ სამყაროს აკავშირებს ღმერთთან“.

წმინდა წერილი კი ასეთ საოცარ საიდუმლოს გვიმხელს: „ღმერთი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი“ (ფს. 8. 1, 6,). „ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარნი ხართ, და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში?“ (I კორ. 3.16).

ე. ი. ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ! მისნი ვართ! დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი! ამიტომაც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი; ჩვენ კი რით ვპასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას?!

***

2025 წელს ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ნიკეის I მსოფლიო კრების 1700 წლისთავი. ეს კრება კაცობრიობისათვის იქცა დიდი შემობრუნების საწყისად. მან განსაზღვრა ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანი რწმენა, საეკლესიო წესრიგი, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი მოდელი, რაც შემდგომში მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ცივილური პოლიტიკური და სოციალური არქიტექტონიკის საფუძვლად იქცა.

საამაყოა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ანუ 326 წელს, საქართველომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა იმდროინდელი სამყაროს მოწინავე ქვეყანათა შორის იყო თავისი სულიერი ღირებულებებით, სამართლიანობის სწორი აღქმით და იმ უმაღლესი იდეალებისადმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით, რაც ნიკეის კრებამ ქრისტიანული მსოფლიოსათვის განსაზღვრა.

სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი იმ რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან, ანუ I საუკუნიდან, დაითესა ჩვენს ერში.

დღეს, როდესაც არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 325-326 წლების მონაკვეთი და ისტორიული თანხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველი ერის სიძლიერე ეყრდნობა ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს და იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1700 წლის წინ შეუდგა. ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც, რადგან უფალი და მისი სწავლება ჭეშმარიტია და დროის ცვალებადობას არ ექვემდებარება.

მაგრამ თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე, ან სწორად როგორ წარმართოს თავისი ყოველდღიურობა.

***

სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რომ ეს, მართლაც, წუთის-სოფელი, მარადიულობასთან შედარებით, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი სულიერი სამყარო გამოვლინდეს და ჩვენი შინაგანი ბუნება წარმოჩინდეს.

დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით… ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ცხოვრებით გამოძერწილი ჩვენი სულიერი სამყარო რა გამოვლენას ჰპოვებს მარადიულობაში: აღმოცენდება იგი კეთილ ნერგად, კეთილ ხედ, სარეველად თუ ღვარძლად.

როგორი იქნება ჩვენი მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ?

ამაზე ფიქრი და ამისთვის ზრუნვა უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანისთვის უპირველესად.

ღმერთს ყველას გადარჩენა და ცხონება სურს, ამიტომაც ყველა დროში ყველა თაობას შესაბამისად წვრთნიდა და სულიერ საფეხურებზე თანდათანობით აჰყავდა; ზოგჯერ – ტკივილითა და მწუხარებით, ზოგჯერ – გულმოწყალებით, ხან – განსაცდელებით, ხან კიდევ მშვიდობისა და სიკეთის მიფენით…

წარმართულ პერიოდში სჯულის მიცემით მხოლოდ ებრაელთა ერს ებოძა სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და მიეცა ცოდნა ავისა და კარგის გარჩევისა, ღვთისსათნო ცხოვრებისა. რთული გზა გაიარა ისრაელმა, მაგრამ შეძლო, შემოქმედისთვის მიეგებებინა ღირსეულ მეფეთა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და სხვა წმინდანთა დასი; რაც მთავარია, შეძლო, მიეგებებინა ადამის მოდგმის მშვენება და ბრწყინვალე სამკაული – მარადქალწული დედა უფლისა, ყოვლადწმინდა მარიამი – კიბე ღვთის ქვეყნად ჩამომყვანებელი.

და, აი, იშვა მხსნელი იესო; მაგრამ ბეთლემში სიკვდილის დამთრგუნველის მოვლინებას ქვეყნის მმართველნი სიხარულით არ შეხვედრიან; პირიქით, მისი მოკვლა იქცა მეფე ჰეროდეს მთავარ მიზნად, რადგან მასში თავისი ძალაუფლების დამხობის საშიშროებას ხედავდა; ამიტომაც, ჰეროდეს ბრძანებით, ათასობით ჩვილ ყრმას სიცოცხლე მოუსწრაფეს იმ იმედით, რომ მათ შორის აუცილებლად იქნებოდა იესოც.

მაცხოვრისგან განდგომის და მისი უარყოფის მცდელობა, I საუკუნიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახით გამოვლენილი, დედამიწაზე ყოველთვის იყო: ამახინჯებდნენ მის მცნებებს, დასცინოდნენ მორწმუნეთ, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს ან, საერთოდაც, ქადაგებდნენ უღმერთობას…

ეს ყოველივე ნათლად მეტყველებს კაცთა მოდგმის დიდი ნაწილის მეტად სამწუხარო მდგომარეობაზე; იმაზე, რომ ისინი არა მხოლოდ შეეჩვივნენ ცოდვას, არამედ ცოდვასთან ერთად ყოფნა მოსწონთ; იმდენად შეეთვისნენ თავის დაცემულ მდგომარეობას, რომ გამოსწორების სურვილი აღარ აქვთ და მარადიული სატანჯველისათვის სწირავენ თავს, რადგან ასე ყოფნა სურთ.

ყველაზე საშიში სწორედ ეს არის – როცა სულიერი სიკვდილი შინაურდება და ნამდვილი სიცოცხლე უცხო ხდება!

***

განკაცებულმა ღმერთმა, რომლისგანაც „შეიქმნა ყოველი … ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი“ (კოლას. 1.16), კაცობრიობას ახალი მცნების მთავარი არსი ამ სიტყვებით განუცხადა: „გიყვარდეთ ერთმანეთი და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე, გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი” (იოანე 13,34), რაც სხვისთვის (მოყვასისთვის) თავდადებულ სიყვარულს გულისხმობს. (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი სიყვარული უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს და შემდეგ, ნებისმიერ პიროვნებას, როგორც ღვთის ხატს).

მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს თუ ბოროტი, წარმატებული თუ წარუმატებელი, მდიდარი თუ ღარიბი, გონიერი თუ უგუნური…

ჩემ მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი! – ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესასრულებლად!

უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და, სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ.

ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია.

მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებენ და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.

სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს.

იაკობ მოციქული გვაფრთხილებს: „ბოროტი ენა ცეცხლია, სიცრუის სამკაული… მას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენი სხეულის ნაწილებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს… იგი აღვირახსნილი ბოროტებაა, სავსე მომაკვდინებელი გესლით“ (იაკობი 3,6-8), ხოლო „ვინც არ სცოდავს სიტყვით, ის სრულქმნილი კაცია“ (იაკობი 3.2).

უფალი თავს არაფერს გვახვევს: „ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც ისათნოებს, ის მიეცემა” (ზირაქი 15,17).

შენ ნუ შეგეშინდება სახარებისეული უფლის მცნებების, მოციქულთა და წმ. მამათა დარიგებების მიხედვით შენი ცხოვრების განახლებისა; წინ აღუდექი იმ უკეთურ სურვილებსა და მიდრეკილებებს, რაც ღვთის მიერ დადგენილი წესების მტრად გაქცევს, რაც შენს რწმენას აზიანებს, რყვნის და მას უნაყოფოსა და უსარგებლოს ხდის.

იღვაწე და იბრძოლე სიცოცხლისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის; ღვთისგან შენთვის ბოძებული შესაძლებლობების გამოვლენისა და აღორძინებისათვის; უფალს შენთვის ისეთი ჯვარი არ მოუცია, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებ. მაშ, მოინდომე და იცხოვრე არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონებით, რათა განიღმრთო და მარადიულობაში იხარო.

***

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ:

ქრისტეს შობა დღესაც და მარადჟამს მოქმედი საიდუმლოა, რომელმაც საფუძველი დაუდო პიროვნების გარდაქმნის პროცესს. ამასთან, მან ფუნდამენტურად შეარყია არსებული მდგომარეობა და მთელი ხილული სამყარო ღვთის შემწყნარებელ სივრცედ აქცია; თავად შემოქმედმა მიიღო თავისი ქმნილება და უხრწნელმა შეიმოსა ხრწნადი ბუნება, რათა ხრწნადობაში თავისი უხრწნელების ძალა დაენერგა და იგი ღვთისმიერი სიცოცხლისთვის ეზიარებინა.

ამით კი ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი აზრი და დანიშნულება გამობრწყინდა, მოეხსნა კრეტსაბმელი იმ რეალობებს:

რომ სიკვდილი და ხრწნილება არაა ჩვენი ბუნების არსი;

რომ ჩვენ ზეცის სიმაღლეებისა და მარადიული ცხოვრებისათვის ვართ მოწოდებულნი;

რომ ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული და ადამიანისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარული განუყოფელია;

რომ ამ ურთიერთობაში უნდა დაიბადოს ახალი ცხოვრება, რომელიც კაცობრიობას მშვიდობის, ერთობისა და განახლებისკენ მოუწოდებს;

და რომ ღვთის განკაცების საიდუმლოს მიღმა უკვე ვეღარაფერი დარჩება: ვერც წარსული, ვერც აწმყო და ვერც მომავალი!

***

ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით აღვსილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველსმყოფელი რწმენით, იმედითა და სასუფევლის დამკვიდრების სურვილით აღძრულო სამწყსოვ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამობრწყინებას – უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს შობას!

დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა, ქალდეველ მოგვთა და ბეთლემში მყოფ მწყემსებთან ერთად, ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“

ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს, განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიარნი გვყავით ყოველნი.

ქრისტე იშვების, – უგალობდეთ!

ქრისტე ზეცით გარდამოვალს, – მიეგებვოდეთ!

ქრისტე ქუეყნასა ზედა, – ამაღლდებოდეთ!

უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი,

შობა ქრისტესი,

2025-2026 წწ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო (მუჯირი) – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ...

წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება – სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 31-ე, ქრისტესშობის შემდგომ კვირას ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, ღვთის მცნებებით ცხოვრების შემთხვევაში, წმინდა ანგელოზები ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ქრისტესშობის შემდგომ კვირას; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა იოსებ მართალს, დამწინდველს, ასევე – წმინდა მოციქულ იაკობს, უფლის ძმად წოდებულს, როგორც უფალ იესო ქრისტეს ყველაზე ახლობელ ადამიანებს.მათთან ერთად იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ დავითს, რომელიც გარდა იმისა, რომ მაცხოვრის წინაპარი იყო, სხვა წინასწარმეტყველებთან შედარებით მეტს წინასწარმეტყველებდა მაცხოვრის შესახებ. ასევე, ძველი აღთქმის სხვა მოღვაწეებზე მეტად მიუახლოვდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალ აღთქმისეულ სულიერ განწყობას. ეს გამოვლინდა მის განსაკუთრებულ სიმდაბლეში, სინანულსა და სხვა თვისებებში.დღეს არის ასევე 14 000 ბეთლემელი ჩვილის ხსენება, შეგვეწიოს მათი მადლი.ამ ხსენებული წმინდანების ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ მათ განსაკუთრებული სახით ეძლეოდათ ღვთის შეწევნა. დღევანდელი სახარებაც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება ზოგჯერ განსაკუთრებული სახით მიეცეს, მოევლინოს ღვთის შეწევნა.მართალ იოსებს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ ახალშობილი, ჩვილი იესო და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი წაეყვანა ეგვიპტეში, რაც იოსებმა შეასრულა. შემდეგ, ჰეროდე მეფის გარდაცვალების მერე, ანგელოზი ისევ გამოეცხადა იოსებს და უთხრა, დაბრუნებულიყო სამშობლოში მათთან ერთად. იოსებიც ადგა და დაბრუნდა, მაგრამ წავიდა ნაზარეთში, რათა აღსრულებულიყო ყველაფერი, რაც წმინდა წერილში წერია უფალ იესო ქრისტეს შესახებ. იქ ნათქვამია ბეთლემზეც, ნათქვამია ეგვიპტეზეც (დღეს იყო სახარებაში ეს მონაკვეთი) და ნაზარეთზეც (მთ. 2, 13-23).მართალ იოსებს შეეძლო, არ დაეჯერებინა ანგელოზისთვის, მაგრამ მან დაუჯერა, ისევე როგორც დაუჯერეს მწყემსებმა, რომლებიც მივიდნენ იმ გამოქვაბულთან შობის ღამეს, სადაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; როგორც დაუჯერეს მოგვებმა იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელმაც ისინი მიიყვანა იმავე გამოქვაბულთან… მაგრამ წმინდა ანგელოზები მხოლოდ ასეთ გამორჩეულ წმინდანებს როდი ეხმარებიან, არამედ ასევე – ყველას, ვინც ღმერთისკენ, ზეცისკენ მიისწრაფვის. ისინი ყოველთვის მზად არიან, დაგვეხმარონ.შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: „ამიერიდან დაინახავთ გახსნილ ცას და ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ ძესა ზედა კაცისასა“ (ინ. 1, 51). ეს სიტყვები ყველას განეკუთვნება, ყველასთვის არის ნათქვამი, მაგრამ ამას რომ ვეღირსოთ, საჭიროა, ჩვენც გვჯეროდეს ანგელოზების, დავუჯეროთ მათ, ისევე, როგორც მოგვებმა, მწყემსებმა და მართალმა იოსებმა. ასევე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ. მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა. ისინი გვეხმარებიან, მივიღოთ საღვთო, მაცხონებელი მადლი, ის სულიწმინდის ნიჭები, რომლებიც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე და აქ დაგვიტოვა.ისინი გვეწევიან ჩვენ, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს ოქრო, რომელიც მოგვებმა მიართვეს ახალშობილ მაცხოვარს, განასახიერებს ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვას, რაც ვლინდება შემოქმედებით აქტივობაში, რითაც ასე ვემსგავსებით ღმერთს.ანგელოზები გვეხმარებიან ლოცვაში, რომელიც გუნდრუკივით აღიწევა მაღლა, ღმერთისკენ. გუნდრუკი ხომ არის გულითადი ლოცვის სიმბოლო, რომელიც ასევე მიართვეს მოგვებმა მაცხოვარს.დაბოლოს, წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება – სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი – ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მათ მიმართ, ვინც ხალხს ამბოხისკენ მოუწოდებს და ორაზროვანი განცხადებებით ცალკეულ პირებს პროვოცირებას უწევს

ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი მოჰსენ ეჯეი ნულოვანი ტოლერანტობით ემუქრება ყველას, ვინც საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებებს ავრცელებს.„ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მათ მიმართ, ვინც ხალხს ამბოხისკენ მოუწოდებს ან აქეზებს, ისევე როგორც მათ წინააღმდეგ, ვინც ორაზროვანი განცხადებებით ცალკეულ პირებს პროვოცირებას უწევს“, – წერს მოჰსენ ეჯეი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები, მე-15 დღეა, გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 600 აქტივისტია დაკავებული. მედიის ცნობით, უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

გია ვოლსკი – ეკონომიკურ ზრდით მოწინავე პოზიციაზე ვართ, უკეთესიც იქნებოდა, რომ არა ყოველმხრივი შემოტევა, მათ შორის სტაბილურობის საწინააღმდეგოდ შიდა ექსტრემისტული ძალების მობილიზება

საქართველო ფეხზე დგას და სტაბილურობას ინარჩუნებს, ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია და ამ მაჩვენებლითაც რეგიონში მოწინავეთა შორის ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაერო-ს ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ზრდის მაჩვენებელი – 5.4% აღემატება მეზობელი ქვეყნების, ასევე უკრაინისა (2.3%) და მოლდოვის (2.5%) მაჩვენებლებს.როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკეთესიც იქნებოდა, რომ არა ქვეყანაზე არსებული ყოველმხრივი შემოტევა.„ჩვენ განვიცდით და ძალიან ვგულშემატკივრობთ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას უკრაინაში. მიუხედავად ამ ნგრევისა, რასაკვირველია, სტაბილურობას განაპირობებს ეკონომიკური ზრდა და გვირაბის ბოლოს რაღაცა სინათლე. ეს ჩვენთვისაც საინტერესოა, მნიშვნელოვანია და უკრაინელი საზოგადოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. თუმცა, მინუსიდან ზრდაზეა აქ ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ნგრევიდან, მიწასთან გასწორებული ეკონომიკიდან წამოზრდაზე, მცირედით, მაგრამ კარგი ნიშანია.რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, ალბათ მეტიც იქნება. ფაქტია, რომ ჩვენ ამ ნიშნით მოწინავე პოზიციაზე ვდგავართ და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა ეს ყოველმხრივი შემოტევა, მათ შორის შიდა ექსტრემისტული ძალების მობილიზება ეკონომიკისა და სტაბილურობის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს პოლიტიკური ნიშნითაც უნდა შევაფასოთ, რადგან ასეთი შეფასება გარკვეულ დასკვნებამდე გაგვიყვანს. საქართველო ფეხზე დგას და სტაბილურობას ინარჩუნებს, ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია და ამ მაჩვენებლითაც რეგიონში მოწინავეთა შორის ვართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსახიობი, ჯან იამანი მიმართვას ავრცელებს და ნარკოტიკების სკანდალს ეხმიანება

ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს. მსახიობი დაკავებული არ ყოფილა იტალიურ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსახიობი ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს, თავად მსახიობი საჯაროდ გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო.ჯან იამანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქული მედია წლების განმავლობაში მის მიმართ არაერთ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა განსაკუთრებული უკმაყოფილება იტალიური პრესის მიმართ გამოთქვა, რომელმაც მისი თქმით, დაუზუსტებელი ცნობები გადააკოპირა.მსახიობის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის დაკავებული არ ყოფილა. იამანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავს ბრალდებებს საფუძველი რომ ჰქონოდა, ის მოკლე დროში ვერ გათავისუფლდებოდა და მით უმეტეს, მეორე დღეს იტალიაში დაბრუნებას ვერ შეძლებდა.„მართლა გგონიათ, რომ იმ პერიოდში, როცა პოლიცია მასშტაბურ გამოძიებებს ატარებს და ცნობილ ადამიანებს აკავებს, მე ღამის კლუბებში აკრძალული ნივთიერებებით ვივლიდი?“ — წერს მსახიობი.  

რიმა ბერაძე აშშ-ის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებაზე: სწორად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა ქვეყანამ გამჭვირვალობის კანონი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ ისაუბრა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციები ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს.„მათი შეფასებით, ეს ორგანიზაციები არაფრის მთქმელია და ფინანსები ფაქტობრივად წყალშია გადაყრილი, რადგან მიზნებს და ამოცანებს ეს ორგანიზაციები ვერ ახორციელებენ. სწორად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა ქვეყანამ გამჭვირვალობის კანონი, რადგან მსგავსი ორგანიზაციები, განსაკუთრებით „ენჯეოები“ და მედია, რომელიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა მიზნებით და ახორციელებდნენ არეულობას და, ზოგადად, თავს მოხვევას გარე ძალების ინტერესების, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ასეთი ორგანიზაციები არის ფუჭი და არ იყოს გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.ცნობისათვის, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს. როგორც სახელმწიფო მდივნის განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციები ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მფლანგველ, არაეფექტიან და მავნე ორგანიზაციებად იყო მიჩნეული, რომლებსაც არაეფექტიანი შედეგები და ცუდი მმართველობა ჰქონდათ და მათი საქმიანობა ამერიკის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. მარკო რუბიო ხაზს უსვამს ორგანიზაციების არაკომპეტენტურობას, დაუსაბუთებელ ხარჯებსა და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებს, რაც მათი ფედერალური ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. ორგანიზაციებს შორის, რომელთა წევრიც შეერთებული შტატები აღარ იქნება, ერთ-ერთი ვენეციის კომისიაცაა.

ბოლო სიახლეები