რით განსხვავდება განათლების თქვენეული კონცეფციის თავზე მოხვევა სააკაშვილის კამპანიისგან, რომელმაც უნივერსიტეტებიდან პროფესურა გაყარა, „ჩარეცხილები“ უწოდა და ქონების მასიურად გაყიდვა დაიწყო, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა.
„საქართველოს კონსიტუტიციის თავი 2. მუხლი 27 „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“. მოცემული კონცეფციით პარტია კარნახობს უმაღლეს სასწავლებლებს, რა უნდა ასწავლოს, სად უნდა ასწავლოს, ვინ უნდა ასწავლოს, ვის უნდა ასწავლოს და რამდენი ხანი უნდა ასწავლოს. დირექტივები მოდის პარტიიდან და არ მოდის აკადემიური გამოცდილებიდან. როგორ გესმით უმაღლესი განათლების იდეა? მხოლოდ ერთი ან ორი ტრადიციული პროფილის და ისტორიული გამოცდილების გათვალსიწინებით, რომელ ტრადიციებს გულისხმობთ?
დაწყებული გელათის აკადემიიდან, სადაც პეტრიწი მოღვაწეობდა, ასწავლიდნენ გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, რიტორიკას, გრამატიკას, ფილოსოფიას და ასტრონომიას. საუკეთესო უნივერსიტეტები გერმანიაში მე-18 საუკუნიდან მოყოლებული ასწავლიდნენ მრავალ დისციპლინას და ასე არის ყველაზე საუკეთესოდ აღიარებულ უნივერსიტეტებში დღევანდელ მსოფლიოში. სადაც თქვენი შვილები სწავლობენ.
თქვენი კონცეფცია ამბობს, რომ სტუდენტები ქალაქში ფეხებში გვედებიან და უმჯობესია, თუ ქალაქის ბოლოს ან სულაც ორ ქალაქს შორის თავისთვის იყვნენ? თუ კი მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ორი სავაჭრო მოლია, რამდენიმე უნივერსიტეტი, სტუდენტები და მასწავლებლები რატომაა ქალაქის გადატვირთვის მთავარი მიზეზი? ან რას უპირებთ დევნილობა გადატანილ უნივერსტეტებს. ომგამოვლილებს. ერთდროულად დასრულებული მე-11 და მე-12 კლასები ერთ წელიწადს, ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი 18 და 17 წლის ახალგაზრდა დარჩება ქუჩაში.
საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება უკეთესი განათლებაა? შემოთავაზებული კონცეფცია ართმევს განათლების სამ წელს ადამიანს: ერთს სკოლაში, ერთს ბაკალვრიატზე და ერთს სამაგისტროზე. სამი წელი უკეთესი განათლების ნიშანია?
თქვენი კონცეფციით, შრომის ბაზარს უნდა იყოს მორგებული განათლების სისტემა. თუ ჩახედავთ შრომის ბაზარზე განცხადებებს, უმეტესობა კაზინოსა და მარკეტების პოზიციებზეა. კაზინოში თამაშის წარმდგენების, კარტის ამჩეხის, გაყიდვების მენეჯერისა და მაღაზიის კონსულტანტების მომზადების განათლებისკენ მიმავალი საქართველოა?
ისტორიის მქონე ქვეყნის ამბიციას ასე ეხმიანება თქვენი კონცეფცია, რომელშიც საერთოდ არ ისმის ადამიანი, რა უნდა ადამიანს, რისკენ მიდის ადამიანი. აქ ისმის მხოლოდ პარტიის დაკვეთაზე მომუშავე უნივერსიტეტები. აქ არ ისმის, რომ ადამიანს აქვს მნიშვნელობა.
რითი განსხვავდება განათლების თქვენეული კონცეფციის თავზე მოხვევა სააკაშვილის კამპანიისგან, რომელმაც პროფესურა გაყარა უნივერსიტეტიდან და მათ „ჩარეცხილები“ უწოდა და ქონების მასიურად გაყიდვა დაიწყო. იყო დრო, როცა „ქართული ოცნებაც“ იყო პროგრესული ძალა. ვიზეიმეთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსი. ვიყავით საიმედო პარტნიორები მეგობრებისთვის, მიუხედავად ბევრი პრობლემისა შინ და გარეთ, გვქონდა რწმენა, რომ უკეთესი საქართველოსკენ მივდიოდით. დღეს სად ვართ? თქვენ გამოუცხადეთ ბრძოლა ყველაფერს ქართულს, შემოგვაპარეთ ნეიტრალიტეტზე საუბრები. დღეს, აგერ გველაპარაკებით შაშკინივით, მიადექით განათლების სისტემას ნაჯახით. გინდათ, გააცოცხლოთ ის ნამგალი და ურო, ფასადზე რომ არის აკრული და ასე მართოთ საქართველო?
თქვენ გახდით ჯერ პარტიის პრობლემა და მერე მთელი ქვეყნის. გავრილოვს რომ ჭიქებს უჭახუნებდით და როცა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენეთ ქვეყანა, დაიმალეთ, თქვენი გადადგომის შესახებ განცხადებაც კი კალაძემ წაიკითხა. კორუფცია, ნარკოტრანზიტი, ქოლცენტრებიც, ხალხის გაღატაკება – აღიარეთ, როგორც იქნა. მაგრამ, მხოლოდ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა? თქვენი პასუხისმგებლობა სად არის? პარლამენტის თავმჯდომარის, პარტიის თავმჯდომარის და მერე პრემიერის. ინტრიგები, ჭორები, ძალით დაჩაგვრდა და მერე დაცინვა. ეს არის თქვენი სტილი. მაგრამ არა ქართული! ჩაგვრა და დაცინვა არასოდეს ყოფილა ქართული.
ძალაუფლებას ჩაფრენილმა ვერ აიტანეთ ქართული სულისა და ენერგიის ამოხეთქვა, მაშინ, როცა ჩვენმა ფეხბურთელებმა გაგვაერთიანეს გამარჯვების სიხარულით. რამდენიმე დღეში შემოგვიგდეთ კანონი და გახლიჩეთ ერი! შემდეგ შეაჩერეთ ევროინტეგრაცია. თქვენი პასუხისმგებლობაა, რაც ამას მოჰყვა. დასისხლიანებული ახალგაზრები, დაპატიმრებების დაუსრულებელი ტალღა.
განათლების ეს რეფორმაც ამას ემსახურება. უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავებას. თქვენ ვერ იღებთ არათუ განსხვავებულ აზრს, ვერ იტანთ ყველას, ვინც ტაშს არ გიკრავთ. მტრად და აგენტად აცხადებთ. თქვენ, რომელიც მოხვედით ჩვენნაირების ბრძოლის ზურგით, როცა თქვენ ევროპაში სწავლობდით, ჩვენ აქ ვიბრძოდით და ახლა გინდათ წაგვართვათ ჩვენი იმ წლების ბრძოლის სიმართლის რწმენაც. მხოლოდ იმიტომ, რომ სკამი გქონდეთ.
ამ კედლებს ბევრი რამე უნახავს, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერა, მერე ტყვიების ზუზუნი, რევოლუციაც, განათლების სხვადასხვა რეფორმა, კიდევ ბევრი პრემიერი მოვა აქ ახალ-ახალი იდეებით. ბევრი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და კიდევ ბევრს გაუძლებს და გადარჩება. სანამ იმ ენაზე ვსაუბრობთ, ვეფხისტყაოსანი რომელზეც დაიწერა. სანამ მიუხედავად გაჭირვებისა, მამა-პაპის სახლს არ ტოვებენ ქართველი და მთელს მსოფლიოში მიმობნეულები თავის წილ საქართველოს ატარებენ. საქართველო გადარჩება. მაგრამ დარჩება კითხვა, ილიას კითხვა – დღეს ვის რა ვარგე?! რა ვარგეთ ჩვენ ჩვენს სამშობლოს?“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

