პარასკევი, თებერვალი 13, 2026

სოფო ხორგუანი – მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც დღეს აქვს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა.

„აფხაზეთი საქართველოა! გვინდა, გამოვეხმაუროთ ირაკლი კობახიძის ანტიეროვნულ, ანტიქართულ გადაწყვეტილებას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ გივი მიქანაძემ გაახმოვანა. ამ გადაწყვეტილებით იწყება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი, რეალურად, ლიკვიდაცია ჰქვია, რასაც გვთავაზობენ. არადა, ირაკლი კობახიძემ დადო საჯარო დაპირება, როცა პარლამენტში იყო მოსული და ჩვენს კითხვას უპასუხა, თუ რას უპირებდა ომგადატანილ, დევნილ უნივერსიტეტს. კობახიძემ თქვა, რომ შეინარჩუნებდნენ. აქვე, ყოველ ჯერზე ახსენებდნენ ისტორიული გამოცდილებით არსებულ პროფილს, მაგრამ ირაკლი კობახიძემ ამჯერადაც მოიტყუა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლების კერა. ჩვენ გვყავს აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში, მაგრამ სოხუმის უნივერსიტეტის მნიშვნელობა ბევრად მეტია. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის იყო განათლების უფლებისთვის ბრძოლასთან გათანაბრებული! სოხუმში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას სამშობლოს მოყვარული ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. უკვე ომგადატანილმა დევნილებმა წვალებით 1993 წლის ნოემბერში აღადგინეს თბილისში და დღემდე მოიტანეს. 500-მდე პროფესორ-მასწავლებელი და 3 ათასამდე სტუდენტი ჰყავს დღეს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს არის მეხსიერების ადგილი, იდენტობის შენარჩუნების და გადარჩენის ადგილი, სიმბოლო ჩვენი ერთიანობის აფხაზეთთან. ეს არის ადგილი, რომელმაც გადაარჩინა ბევრი დევნილი იმ საშინელ წლებში. გადარჩენა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა არ არის. ეს არის სილის გაწვნა თითოეული დევნილისთვის. დევნილისთვის, რომელიც ყოველ დღე ცხოვრობს იმედით, რომ სახლში, აფხაზეთში დაბრუნდება. რას სთვაზობენ დევნილებს, მიზერულ დახმარებას და წლობით რიგში დგომას ბინებისთვის და ამ პროცესშიც პოლიტიკური კორუფცია გვაქვს. რას ეუბნება ამ გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძე დევნილებს, რომლებიც ოცნებობენ შინ დაბრუნებაზე, რომ იქ ჩაიტანონ ცოდნა და გამოცდილება, წვლილი შეიტანონ სამშობლოს აღორძინებაში. მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც მას აქვს დღეს. კიდევ ერთხელ, აფხაზეთი საქართველოა! როგორც ჩანს, ხშირად უნდა შევახსენოთ ძალაუფლების მიმტაცებლებს. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, დავიბრუნებთ აფხაზებს და ერთად ავაშენებთ ერთიან და განვითარებულ საქართველოს! და საქართველო იმარჯვებს! აფხაზეთი საქართველოა“, – განაცხადა ხორგუანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თემურ მიქელაძე: ჰაერის დამაბინძურებლებმა შესაძლოა ნიადაგიც დააზიანოს, წყალიც, გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა, რომ ეს მავნე ზემოქმედების ფაქტორები დროულად იქნას მოცილებული

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს მოზრდილობაში გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ.მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება ხდება სამრეწველო და ავტომანქანების გამონაბოლქვით. ცალკე არის სმოგი, როდესაც მძიმე ნაწილაკებით ბინძურდება ჰაერი.„სმოგის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გამონაბოლქვი, ან მტვრისგან მოტანილი მძიმე ნაწილაკები. განსაკუთრებით ბავშვებში ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, უბრალოდ იმავე ბავშვებში ქრონიკული დაავადებები არ გვაქვს. ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები აღიქვამენ ჰაერის დაბინძურებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის პათოლოგია. თუ არის რაიმე პათოლოგია დავუშვათ ნევროლოგიური გართულება, თავის ტკივილი, დაძაბულობა, ზედმეტი აღგზნებულობა, სუნთქვის უკმარისობის გამოვლინება, ასევე ბრონქულ ასთმასთან მდგომი დაავადებები. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს მოზრდილობაში გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია. ჰაერის დამაბინძურებლებმა შესაძლოა ნიადაგიც დააზიანოს, წყალიც და ამან შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებები და პრობლემები გამოიწვიოს. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა, რომ ეს მავნე ზემოქმედების ფაქტორები დროულად იქნას მოცილებული“, - აღნიშნა ექიმმა.

საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს

საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ესტონეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც მედია წერს, ესტონეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 თებერვალს საქართველოში ესტონეთის ელჩს შეატყობინა, რომ ის საქმიანობას 10 მარტს დაასრულებს და ელჩად სომხეთში გადავა.საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ როდის შეიძლება დაინიშნოს ახალი ელჩი საქართველოში.როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან გადახრის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის.ესტონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებენ თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გია ვოლსკი – ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ

სტუდენტებს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება სჭირდებათ კონკრეტულ სპეციალობებზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, შეთავაზებული რეფორმა არის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის.„„ნაცების ბუდე“ უხეში გამოთქმაა, რაც არასწორია. თუმცა, ადამიანები, ვინც იქ ახალგაზრდებს ასწავლიან, რასაკვირველია, არიან კონკრეტულ პლატფორმაზე მყოფი ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა. მათ კონკრეტული მიზანი აქვთ. ეს ყველაფერი წლებია, გრძელდება. მთავარი ამოცანაა ის, რომ ფაკულტეტების რაციონალიზაცია მოხდეს. ის, რომ ერთ შენობაში 30-მდე სხვადასხვა სპეციალობა ისწავლება, განათლების ექსპერტების მიერ პოზიტიურად შეფასებული არ არის. დედამიწის მცოდნეობა, კიდევ სხვა ფაკულტეტები ქვედარგებს ითვალისწინებს და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხარისხი იკარგება, როცა საგნების ფართო სპექტრია. სტუდენტებს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება სჭირდებათ კონკრეტულ სპეციალობებზე. სწავლა უფასო იქნება და შეთავაზებული რეფორმა არის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

თაზო დათუნაშვილი – ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნიდან ვინმეს გაძევებაზე, ვსაუბრობთ ანკლავურ განვითარებაზე, რომელიც იყო და იქნება პრობლემა

რიცხვებითა და სიტყვებით ვინმე თუ ჟონგლიორობს, ის ივანიშვილის ცირკის გაწვრთნილი მოზვერია, რომელიც ტყუილებს აფრქვევს აქეთ და იქით. ფაშისტური კონოტაცია თავისთან სახლში მოიკითხოს, მონღოლეთში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, თბილისის და გონიოს მახლობლად ეთნიკურად კონცენტრირებული ანკლავები არ უნდა შეიქმნას.„მიგრაციასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციონირებას რაც შეეხება, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ქვეყანაში ეროვნულ შუღლს არ ვაღვივებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს წერტილში, თბილისის და გონიოს მახლობლად ეთნიკურად კონცენტრირებული ანკლავები არ უნდა შეიქმნას. ანკლავური დასახლება არის პრობლემა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს ცუდი გამოცდილება აქვს ანკლავური განვითარების. პაპუაშვილმა ეს ან არ იცის, ან როგორც კლასიკური მოღალატე, ამაზე თვალს ხუჭავს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.მისი თქმით, „ლელოს“ წევრები არ საუბრობენ მიგრაციის პრობლემებზე, არამედ საუბრობენ ანკლავების პრობლემაზე.„„ქართული ოცნება“ სამარცხვინო მასკარადს აწყობს, იხილეთ მიგრაციის სამსახურის საიტი, სადაც დემონსტრაციული საზიზღარი სანახავი გაძევებები აქვთ. ჩვენ არ ვლაპარაკობთ არავის გაძევებაზე ამ ქვეყნიდან, ჩვენ ვამბობთ, რომ ანკლავური განვითარება და კომუნოტარული ურბანული განვითარება ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო პრობლემა, ახლაც პრობლემაა და მომავალშიც იქნება, მაგრამ მოღალატეებს, სამშობლოს მტრებს და რუსეთის აგენტებს ეს არ აინტერესებთ და ამაზე აწყობენ თავის ყველაზე შავრაზმულ ბინძურ ინსტიქტებს, როგორიც არის ეს რაღაცა მიგრაციის შეზღუდვა და ადამიანების ქვეყნიდან გაყრა. ჩვენ პრობლემა გვაქვს ანკლავურ განვითარებასთან, მასობრივ შემოდინებასთან იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც ჩვენდამი მტრულად არიან განწყობილი, რუსეთის ფედერაციიდან, მაგრამ რა უნდა ელაპარაკო აზრიანად და კონსტრუქციულად ადამიანებს, რომლებიც საღამოობით ჩაის სვამენ ხოლმე ირანის ისლამური რესპუბლიკის მიღებებზე, პირსისხლიან რეჟიმთან ერთად ფლირტით არიან დაკავებულები?!“ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიგრაციის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ევროპაში პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და მიგრაციის საკითხით დაინტერესება მისასალმებელია, თითოეული პატრიოტის სურვილია, საქართველომ ეროვნული, რელიგიური იდენტობა დაიცვას“.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა“ 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროცესში ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები გააცნო. ღონისძიებაზე ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. ცენტრის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელშეწყობა, მათთვის პროფესიული კურსებისა და დასაქმების პროგრამების შეთავაზება და განხორციელება.

ბოლო სიახლეები