ოქრუაშვილმა რაც გააკეთა, ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მეუბნება, სოსო, ხომ იცი შენი შვილის მკვლელი, აგერ მოგცემ იარაღს და მოკალიო. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, წარმოგიდგენიათ, ვინ ჰყავდა მიშას, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სოსო რობაქიძეს კითხვა დაუსვა: „სად ნახეთ ოქრუაშვილი, პროცესზე იყო?“, რაზეც რობაქიძემ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოში და იქ ნახა.
თეა წულუკიანის დამაზუსტებელ კითხვაზე: „ამ დროს უკვე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში? და ირაკლი ოქრუაშვილი იყო სასამართლოში მოწმედ, იქ გითხრათ, იარაღს მოგცემთ, თვითონ მოკალიო?, რაზეც სოსო რობაქიძემ უპასუხა:
„კი, „ქართული ოცნებაა“. „იმედის“ ტელევიზიაში კი არა, ეს რამდენჯერმე დატრიალდა და ინტერნეტშიც დევს“.