ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024

სოზარ სუბარი: ტრამპის გამარჯვებით შეწყდება გიჟური ზეწოლა საქართველოზე – ჩავებათ რუსეთ-უკრაინის ომში და გავუხსნათ რუსეთს მეორე ფრონტი

“საქართველოს მთავრობას ტრამპთან, სულ ცოტა, ორ საკითხში აქვს ინტერესების თანხვედრა, თუმცა მისი პოლიტიკა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეიძლება ზოგ საკითხში არ დაემთხვეს, ასეთ დროს ქვეყნის ეროვნული ინტერესები კი ყოველთვის უნდა იყოს დაცული”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

“ტრამპი ამერიკელებს საქართველოსთვის არ აურჩევიათ, ამერიკისთვის აირჩიეს, რადგან მოსწონთ მისი პოლიტიკა. ეს პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეიძლება ბევრ რამეში არ დაემთხვეს, ჩვენ კი ყოველთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ. დიდ მოთამაშეებთან, ბუნებრივია, ამის გაკეთება ზოგჯერ ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები.

მთავარი საკითხი, სადაც ტრამპის პოლიტიკა ჩვენს ინტერესებს სრულად თანხვდება, ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა დროულად დამთავრდეს რუსეთ-უკრაინის ომი. შესაბამისად, დამთავრდება გიჟური ზეწოლა საქართველოზე, რომ ამ ომის ნაწილი გავხდეთ და აღარ გაგრძელდება პერმანენტული მცდელობა –  გავუხსნათ მეორე ფრონტი რუსეთს. აქედან გამომდინარე, გაცილებით მშვიდად შევძლებთ, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, ვიფიქროთ ისეთ სტრატეგიულ მიზნებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, ხალხის კეთილდღეობის ზრდა და ა.შ. თუმცა, ამას წინ უნდა უძღოდეს ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარება, მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, რასთან დაკავშირებითაც ვხედავთ, რომ ყოველდღიურად გიგანტური ნაბიჯებით მივიწევთ წინ.

მეორე საკითხი, რაშიც ჩვენი და დონალდ ტრამპის პრიორიტეტები სრულად ემთხვევა ერთმანეთს, ისაა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დამთავრდება ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლის დღის წესრიგი, დამთავრდება ეპოქა, როცა გვაიძულებდნენ, უკან გაგვეწვია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოში. კიდევ გავიმეორებ, ტრამპის გამარჯვებით დასავლურ სამყაროში გაბატონებული ეს გიჟური დღის წესრიგიც დამთავრდება, რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი, სადაც ტრამპის პრიორიტეტები სრულად ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს და ეს ძალიან კარგია.

რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, რაზედაც ოპოზიცია ბევრს ლაპარაკობს, თითქოს ამ საკითხში ჩვენი პოლიტიკა ფუნდამენტურად უპირისპირდება ტრამპის პოლიტიკას. ტრამპი ამერიკის პრეზიდენტია, ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია და მისი ამოცანა სწორედ ამერიკის ინტერესების დაცვაა და არა საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან წელიწადში 800 მილიარდ დოლარს აღწევა, თითქმის იმავე მოცულობის ბრუნვა აქვს ჩინეთთან ევროკავშირს და ამ ფონზე, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან წელიწადში მილიარდ-ნახევარ დოლარს არ აღემატება. ანუ, რასაც საქართველო ორ წელიწადში ვაჭრობს ჩინეთთან, ის არის ამერიკის ან ევროკავშირის ერთი დღის ვაჭრობის ტოლი. შესაბამისად, სურათი ასეთია, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩინეთთან ისეთი ეკონომიკური კავშირები, როგორსაც ვისურვებდით, რომ გვქონდეს, რადგან ჩინეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირი ჩვენი ქვეყნის უფრო სწრაფ განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების მეტ კეთილდღეობას ნიშნავს. ასე რომ, ამ სფეროში უბრალოდ არ არსებობს ისეთი საკითხი, სადაც შესაძლებელია ჩვენზე ზეწოლა, რომ ეს ურთიერთობები შევამციროთ. პირიქით, ჩვენი მიზანი მეტი ეკონომიკური ურთიერთობა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა როგორც ჩინეთიდან, ისე ევროპიდან თუ აშშ-დან – სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების საწინდარი.
არც ამ საკითხშია რამე ისეთი, ვინმემ რომ ზეწოლა იქონიოს საქართველოზე. პირიქით, მეტი ინვესტიცია გვინდა – ჩინურიც, ევროპულიც, ამერიკულიც. ვინც მეტს შემოიტანს, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამარ კორძაია: მე ვთვლი, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას, პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ “ქართულ ოცნებას” ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს

შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია, "დღის კურიერში" აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, პარლამენტი ვერ უნდა შეკრიბოს, თუმცა, "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს "მე ვთვლი, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას, პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ვაკუუმის შესავსებად, რომელიცდღეს კანონმდებლობაში არსებობს და იდავოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე. შესაბამისად, შემდეგ საკონსტიტუციომ უნდა გადაწყვიტოს სალომე ზურაბიშვილმა არ მოწვევით დაარღვია თუ არა კონსტიტუცია. ესარის ყველაზე სწორი სამართლებრივი გზა, რომელიც უბრალოდ "ქართულ ოცნებას" არ აწყობს და ამიტომ ის ამას არ გააკეთებს და თვითონ მოიწვევს. პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი 10 დღის ვადაში იწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, არ წერია სიტყვა ვალდებული ან უფლებამოსილი. იმპერატიული ნორმაა და თუ ის არ მოიწვევს, მაშინ უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს "ქართულმა ოცნებამ," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია.

კახა კალაძე – კანონით არის განსაზღვრული, რომ შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომრჩევლებს ეკეკლუცებიან

ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შავი წერტილი არიან გარედან მართული რადიკალები, უსამშობლო, მოღალატე აგენტები. ეს არის დღევანდელი რეალობა, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ძეგლებზე შავწერტილიანი სამკლაურების შებმის შესახებ. მისივე თქმით, უსუსურია ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიაც სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. „სიებთან დაკავშირებითაც უსუსური კამპანიაა. თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს შეუძლებელია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, კანონით არის განსაზღვრული, შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომარჩევლებს ეკეკლუცებიან, თუ რა უნდათ, არ ვიცი. ეს პირდაპირ ასახავს, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ვინმეს თუ უნდა აქციაზე გასვლა, ესეც მათი უფლებაა, არავინ არ ზღუდავს. შეუძლიათ, ჩაატარონ, გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება” – გურამ მაჭარაშვილი

"საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებითვე, არიან ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ავლენენ. "ჩვენ არ ველოდებოდით სრულიად ევროპარლამენტის პოზიტიურ გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდეც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუცია, სადაც მთელი კასკადი იყო უსამართლობის. აბსოლუტური იგნორი არის გაკეთებული ამ დებატების, გარკვეული ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ საქართველო თითქოს სუვერენული ქვეყანა არ არის, მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება, და ამბობენ, რომ რა თქმა უნდა ჩატარდა ნორმალურად," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი. ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან. არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, დარღვევები, გამოძიების მნიშვნელობა და ორი კანონის უკან გაწვევა - ეს იყო ძირითადად კრიტიკული განცხადებების შინაარსი, თუმცა იყო პოზიტიური შეფასებებიც, მათ შორის, ითქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ის, რომ პატივი უნდა სცენ უმრავლესობის ნებას.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 14 ქართველი იჭიდავებს

პოლონეთის ქალაქ პილაში 15-16 ნოემბერს 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვა. მედლებისთვის ცხრა მამაკაცი და ხუთი ქალი იბრძოლებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: კაცები66 კგ თენგო ზირაქაშვილი 73 კგ გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე 81 კგ კოტე კაპანაძე 90 კგ აკაკი ჯაფარიძე, გიორგი ჯაბნიაშვილი 100 კგ მიხეილ ჯაფარიძე 100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ქარდავა ქალები 57 კგ ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური 63 კგ ეთერ ასკილაშვილი 70 კგ გვანცა მჭედლიშვილი +78 კგ ნინო პაპიძე

“ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გასაუქმებელია. რომელიც იცავს ბავშვებს, არის დასატოვებელი და შეიძლება გასამკაცრებელიც” – გიორგი გახარია კანონების გაუქმებაზე

ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, ისევ აქტუალურია სადავო კანონების გაუქმების საკითხი. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რატომ შეიძლება განიხილებოდეს ქვეყნისთვის ბარიერად კანონი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ". შინაარსობრივ განხილვაში არ შედის ოპოზიცია, სადაც აღნიშნავენ იმას, რომ ყველა კანონი, რაც აფერხებს ევროინტეგრაციას უნდა გაუქმდეს. "ყველა კანონი, რომელიც ამ რეჟიმმა მიიღო, უნდა იყოს კრიტიკული გადახედვის საგანი. ბევრ კანონს დასჭირდება გადახედვა და შესაბამისი რევიზია. ამის თაობაზე უნდა მოხდეს საერთო, საყოველთაო დემოკრატიული მსჯელობა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული რეალური უმრავლესობა დაიკავებს საკუთარ მანდატებს ლეგიტიმურ პარლამენტში", - აცხადებს ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი გრიგოლ გეგელია. გიორგი გახარიას გუნდი კი, ფიქრობს, რომ ეს კანონი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, თუმცა ის ნაწილი, რომელიც იცავს ბავშვებს, გახარიას აზრით, დასატოვებელია: "ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას გასაუქმებელია. ის ნაწილი, რომელიც იცავს ბავშვებს, არის დასატოვებელი და შეიძლება, გასამკაცრებელიც. "ოცნება" იმიტომ არის უვარგისი, რომ ჩვენი მშობლების სიყვარულსა და ბავშვების დაცვის ზურგს ამოეფარა და მერე ამას უკავშირებს ევროპას", - აღნიშნავს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.

ბოლო სიახლეები