ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024

სოზარ სუბარი: სიხისტე, როდესაც შენს ქვეყანას იცავ არის აუცილებელი, მაგრამ ყაველაშვილს შეუძლია დიპლომატიურობაც, როცა ეს საჭიროა

მიხეილ ყაველაშვილს შეუძლია სიხისტეც და დიპლომატიურობაც, როდესაც ეს არის საჭირო, განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პასუხად კითხვაზე, რა როლის შესრულებას შეძლებს პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთთან გადატვირთვის საკითხში.

მისი თქმით, ყაველაშვილის სიხისტეზე საუბრისას, სჯობს გავიხსენოთ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის სიხისტე, რომელიც მის ფრაზებში და განცხადებებში იგრძნობა.

„სიხისტე, როდესაც შენს ქვეყანას იცავ არის აუცილებელი, მაგრამ ყაველაშვილს შეუძლია დიპლომატიურობაც, როდესაც ეს არის საჭირო და როდესაც ეს არის აუცილებელი, ამ მხრივ მას არაფერი არ ეშლება, ნამდვილად. მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება. უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრია. აღარ გავიხსენებ იმას, რომ მანამდეც, როგორ აქტიურად იყო სპორტული კარიერის პარალელურად ჩართული პოლიტიკაში. ასე რომ, მას ეს ნამდვილად შეუძლია და გააკეთებს კიდევაც“, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება გადატვირთვის პოლიტიკის საკითხს, სუბარის თქმით, საქართველო იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, როდესაც უნდა დამტკიცდეს მთავრობა, მოხდეს პრეზიდენტის არჩევა ახლებური წესით. სუბარმა აღნიშნა, რომ გადატვირთვის პროცესი ხდება მთელს მსოფლიოში.

მან აღნიშნა, რომ ტრამპმა ყირაზე დააყენა ის ნარატივი, რაც დღემდე იყო გაბატონებული უკრაინის ომთან დამოკიდებულების საკითხში, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ლგბტ-დიქტატურის მიმართულებით და ასე შემდეგ.

„უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდა დღის წესრიგში, რომ ყველას უფლება იქნება დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავკარგოთ ტრადიცია, სარწმუნოება და არარეალურ, სურეალისტურ სამყაროში აღმოვჩნდეთ, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა თუნდაც 10-15 წლის წინ. ასე რომ, ეს გადატვირთვა იქ უკვე დაწყებულია და, ბუნებრივია, შეეხება ჩვენს ურთიერთობებსაც“, – აღნიშნა სუბარმა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროპაში ვერ ხვდება, რომ ეს გადატვირთვა დაწყებულია, გერმანიაში პრაქტიკულად მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა დაკარგა ყველანაირი მხარდაჭერა. დღევანდელი კანცლერის რეიტინგი არის ყველაზე დაბალი გერმანიის ისტორიაში, რაც კი კანცლერებს ჰქონიათ და მოდიან სხვა ძალები, მათ შორის, რეიტინგით მეორე ადგილზე დგას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც იცავს გერმანელი ხალხის ინტერესებს.

სუბარის თქმით, ევროპელ ხალხში დაიწყო ათწლეულების განმავლობაში ძალად თავსმოხვეული ანტიღირებულებების გადაფასება.

„ეს არის პირველ რიგში გადატვირთვა და გადატვირთვა როცა მოხდება იქ მათ გონებებში, გაცილებით გაადვილდება ჩვენი ურთიერთობები. აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა, რას იტყვიან ლექსმანი და მარკეტა გრეგოროვა. მარკეტა გრეგოროვას არ იცნობს არავინ თავის სამშობლოში – ჩეხეთში. მისმა პარტიამ წააგო ყველაფერი. მის ქვეყანაში არ იცნობს არავინ და წელიწადში ერთხელ, ერთი წუთით რომელიმე ტელევიზიის ეთერი თუ ეღირსება ღმერთს მადლობას სწირავს, თუ სწამს ღმერთის და საქართველოს ტელევიზიებმა გაიხადეს კუმირად და დღე არ გავა ამ ადამიანს არ გვასმენინონ. ისინი არ არიან ჩვენთვის ავტორიტეტები“, – აღნიშნა სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი: რაც მალე გაიწმინდება პარლამენტი და მთლიანად პოლიტიკური ველი უსამშობლო აგენტებისგან, მით უკეთესი ქვეყნისთვის

„ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში და ამას ღიად ამბობენ. ნაწილი კი, ველოდები, რომ შეასრულებს დაპირებას. მათ ძალიან ბევრჯერ თქვეს, რომ არ შემოვლენ პარლამენტში და იქნებ ამ ერთხელ მაინც შეასრულონ პირობა," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რა მოლოდინები არსებობს ოპოზიციის მხრიდან სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით. სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ერთხელ მაინც შეასრულებს დაპირებას და უარს იტყვის მანდატებზე, რასაც მოჰყვება პოლიტიკური ველის აგენტებისა და მარგინალური ძალებისგან გაწმენდა. „ოპოზიცია არალეგიტიმურს უწოდებს პარლამენტს. ყველა ნახავს, როგორ შემოვა მათი უმეტესობა პარლამენტში და როგორ ცნობს მის ლეგიტიმაციას. ჯერ ერთი, ისინიც, ვინც შემოიტანა განცხადება პარლამენტის დატოვებაზე, ისინიც ამ განცხადებებს წერენ „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ შალვა პაპუაშვილის“ სახელზე. ესეც კი უკვე არის პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარება. ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შემოიტანა განცხადება პარლამენტის დატოვებაზე და ველოდებით სხვებსაც. რაც მალე გაიწმინდება პოლიტიკური ველი და პარლამენტი უსამშობლო აგენტებისგან, მით უკეთესი ქვეყნისთვის. აგენტები, აგენტ-პროვოკატორები და უსამშობლოები არ უნდა განსაზღვრავდნენ ქართულ პოლიტიკას და არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. როცა გაიწმინდება პოლიტიკური ველი ასეთი ადამიანებისგან და მოხდება მათი მარგინალიზაცია, მაშინ გაჩნდებიან ჯანსაღი ძალები და იქნება ჯანსაღი პოლიტიკური დებატები იმაზე, თუ ვის როგორ წარმოუდგენია ამა თუ იმ ძალას ქვეყნის მომავალი განვითარება. ოპოზიციის ნაწილი მაინც შემოვა პარლამენტში და ამას ღიადაც ამბობენ, მაგრამ ველოდები, რომ იქნებ ნაწილმა მაინც შეასრულოს დაპირება, რაც თავის ამომრჩეველს მისცეს და დატოვებენ მანდატებს. მათ ბევრჯერ თქვეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შემოვლენ პარლამენტში და იქნებ ამ ერთხელ მაინც შეასრულონ თავისი სიტყვა. უსამშობლოების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. რაც მალე დაწერენ ამ განცხადებებს, მით მალე დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას, ოღონდ გაბედონ და დაწერონ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სალომე სამადაშვილი – არალეგიტიმურ თავყრილობას მივმართავთ ადეკვატური ფორმით, პარლამენტს რომ მიმართო, უნდა არსებობდეს პარლამენტიც, მისი თავმჯდომარეც და არ არსებობს ასეთი

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა ტექსტით მივმართავთ იმ რაღაც დაწესებულებას, რაც, პირობითად ვთქვათ, არის არალეგიტიმური, დე ფაქტო, თვითგამოცხადებული საოკუპაციო ორგანო, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მოუწოდებენ ოპოზიციას, მიმართონ პარლამენტს მანდატების დატოვების თაობაზე, რეალურად კი სურთ, ვინმემ აღიაროს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი. „დღეს ან ხვალ ვაპირებთ მივმართოთ განცხადებით ბიძინას ზოოპარკად გადაქცეულ დაწესებულებას, სადაც გაუგებარი ხალხი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ესაა პარლამენტიო, რომელშიც ოპოზიციიდან მონაწილეობას არავინ აპირებს. საქართველოს პარლამენტს არ აქვს არც პოლიტიკური, არც ლეგიტიმური შინაარსი. არალეგიტიმურ თავყრილობას, რომელმაც აღიარა არარსებული მანდატები, მივმართავთ იმ ფორმით, რომელიც იქნება ადეკვატური. პარლამენტს რომ მიმართო, უნდა არსებობდეს პარლამენტიც, მისი თავმჯდომარეც და არ არსებობს ასეთი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რა ფორმით მოხდება პარლამენტისთვის მიმართვა. „სამარცხვინო რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც მოგვიწოდებენ, მოგვმართეთ განცხადებითო, მდინარაძე ყოველდღე გამოდის და იძახის, აბა, განცხადებები შემოიტანეთო, რა უნდათ, იცით? განცხადება იყოს იმ ფორმით, რომ ვინმემ აღიაროს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, მაგრამ ეს პარლამენტი არ არსებობს. არ ვიცი, სხვა პარტიებმა რა განცხადების ტექსტით მიმართეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა ტექსტით მივმართავთ იმ რაღაც დაწესებულებას, რაც, პირობითად ვთქვათ, რომ არის არალეგიტიმური დე ფაქტო თვითგამოცხადებული საოკუპაციო ორგანო. მანდატი ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და ახლა ცდილობენ, მიგვაღებინონ მონაწილეობა არაკონსტიტუციურ პროცესში, როცა აღიარეს, მათ შორის, ჩვენი უფლებამოსილება. დანაშაულში, მათ შორის, ჩემი ნების წინააღმდეგ მონაწილეობას ვერავინ მიმაღებინებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბითლისთან მიწისძვრა იყო. ბიძგები თურქეთის დროით დილის 05:50 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ბიძგების სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი 8.71 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ დამფუძნებლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ (HERIO) დამფუძნებლები ლევან ასანიძე და გეგი გვაზავა შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ასოცირებულმა პროფესორმა, ნატო ქათამაძემ გახსნა. სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმის მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია, როგორც სწავლება-სწავლის პროცესი, ასევე, სტუდენტის კარიერული წინსვლა. „ჩვენი განყოფილება მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე. ამ მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის თუ შუამავალი რგოლის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები იმართება. ამჯერად, სტუდენტები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდნენ. HERIO არის სწრაფი დასაქმების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბიზნესს და სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას სხვადასხვა სფეროში. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობის უფრო გაღრმავება, რასაც მივესალმებით და გვახარებს, რომ სტუდენტებს მსგავსი შეხვედრებით ვაძლევთ კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას“, - აცხადებს ნატო ქათამაძე. სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტებისა და სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ წარმომადგენლების შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე...

გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. „რა უნდა ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეშიო ამას ამბობდა 4-5 წლის წინ და ახლა პირიქით, იქიდან აღარ უშვებს. ნათქვამია, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო. ახალ წელს ჩვენ მოგვილოცავს მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და რაც შეეხება ზურაბიშვილს, მას შეუძლია მივიდეს ხაზარაძის მიერ შექმნილ რაღაც ახალ ალტერნატიულ პარლამენტში. შენობას კარგს არაფერს იქირავებს ხაზარაძე, ფულს დაზოგავს. იქ შეუძლია მივიდეს ზურაბიშვილი და იქიდან მიულოცოს თავის პატრონებს ახალი წელი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ნიკა გვარამია ეხმიანება. სოციალურ ქსელში ის პოსტს აქვეყნებს და ხალხს მოუწოდებს, არ გამოაყვანინონ პრეზიდენტის სასახლიდან სალომე ზურაბიშვილი და არ დაუშვან იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლა.

ბოლო სიახლეები