ბუნებრივია, ჩვენი მუშაობის პირველი მთავარი შედეგი იქნება დასკვნა, რომელიც იქნება მართლა რეჟიმის გასამართლება, სარკე, რომ საზოგადოებამ მომავალში, თაობების განმავლობაში იცოდეს, როგორ ხდებოდა ქართველი ერის გენოციდი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დიახ, ქართველი ერის გენოციდი იყო ის, რაც ხდებოდა ციხეებში, ის, რაც ხდებოდა C ჰეპატიტსა და ტუბერკულოზთან დაკავშირებით, როცა მხოლოდ ციხეებში 2 000-ზე მეტი ტუბერკულოზით ახალი დაავადებული იყო ყოველწლიურად, ამ დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქრონიკული ტუბის მქონე, რომელიც, უბრალოდ, არ იკურნება და ძალიან ბევრი იყო შემთხვევა, როდესაც ქრონიკული ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანს შეგნებულად სვამდნენ საკანში, სადაც დაახლოებით 100-120 კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო და ტუბერკულოზის გადადების, გავრცელების საფრთხე, C ჰეპატიტისგან განსხვავებით, არის ბევრად უფრო მაღალი“, – განაცხადა სუბარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ კომისიაზე მისული ადამიანები დაწერილს კითხულობენ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ისინი ასე ცინიკურად ეპყრობიან ადამიანთა სიცოცხლეს, მათ სატკივარს, ვინც კომისიაზე მიდის, ისტორიებს ჰყვება და ამიტომაც ვერასოდეს ვერ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“.
„თუმცა, ვერ დაბრუნდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური განაჩენი გამოტანილია, არამედ იმიტომაც, რომ სამართლებრივი განაჩენიც აუცილებლად დადგება. ამ კომისიის მეორე შედეგი იქნება დასკვნა, რომელიც დაიწერება, გადაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. რეჟიმს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პარტიას, რომელიც მაშინ მართავდა, არამედ მის ყველა ანასხლეტს, მომავალში თუ რამე პარტიას დააფუძნებენ ეს კრიმინალები, რომლებიც იმ რეჟიმის სახეები იყვნენ. ეს იქნება მეორე შედეგი“, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, წარმოუდგენელი სითავხედეა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აკეთებს.
„გამოდიან და ადამიანების ტრაგედიებს დასცინიან პირდაპირ ეთერებში; ამბობენ, რომ არაფერი არ მომხდარა და ეს ყველაფერი არის მოგონილი. ესე იგი, ციხეებში წელიწადში რომ 150 ადამიანი კვდებოდა საშუალოდ, ეს არაფერი არ ყოფილა; ის, რომ დაახლოებით, ერთი ამდენი და უფრო მეტიც გაჰყავდათ ციხეებიდან, მომაკვდავი ადამიანები და კვდებოდნენ საავადმყოფოებში, რათა ციხეში გარდაცვლილი პატიმრების რიცხვში არ მომხდარიყო მათი გარდაცვალება, ეს თითქოს არაფერი. რომ არ დააბრალონ, თითქოს სოზარ სუბარი იყო მიკერძოებული ომბუდსმენი, ამას სწორედ ჩემმა შემდგომმა ომბუდსმენმა, გიორგი ტუღუშმა დაარქვა სიკვდილის ექსპორტი, ძალიან ზუსტი სახელწოდება“, – განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არაერთ დანაშაულს ჰქონდა ადგილი.
„მე სასჯელაღსრულების მინისტრი როდესაც გავხდი, 24 000 პატიმრიდან 12 000-ს ჰქონდა C ჰეპატიტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ 12 000-ვე სიკვდილისთვის იყო განწირული. ეს თურმე არაფერი არ ყოფილა და ამ ადამიანებს არათუ არ მკურნალობდნენ, სკრინინგი იყო აკრძალული, რათა ვერავის ვერ გაეგო, ამ ადამიანებს რა სჭირდათ. ღამის ნოტარიუსებთან რომ ქონებების ჩუქება ყოველდღიური მოვლენა იყო, თურმე ეს არაფერი ყოფილა. ერთ-ერთი მოწმე ჰყვებოდა, ღამის სამ საათზე მე-12 ვიყავი და ჩემ შემდეგ კიდევ ერთი 30 კაცი რიგში იდგა, რომ ქონება გადაეფორმებინათო. რატომ არ უჩნდებათ ასეთი ქველმოქმედების სურვილი ბიზნესმენებს ან სხვა ადამიანებს მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში, რატომ არ ჩუქნიან სახელმწიფოს ან სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქონებებს? მანქანების წართმევაზე რომ ლაპარაკობდა დღეს ჩვენი სტუმარი ჯემალ ბუზალაძე, რომელიც ერთი წლით ციხეში გამოამწყვდიეს აბსოლუტურად კანონიერ მანქანებზე, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ დასეირნობდა მისი მანქანით და დღეს თავს იმართლებს, ეს უკანონო მანქანა იყო და დავსეირნობდი, დიდი საქმეო, თურმე ეს არაფერი. ეს არის ამათი ორპირობა და არასოდეს აღარ განმეორდება“, – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ევროპაში უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში 150-ზე მეტი პარტიის აკრძალვა მოხდა და ამ ერთად აღებულ ყველა პარტიას ერის წინაშე არ აქვს ჩადენილი იმდენი დანაშაული, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ საპატიმროებში, საკუთრების უფლების დარღვევით თუ ტერიტორიების გასხვისებით.
„ციტირებას გავაკეთებ სალომე ზურაბიშვილის, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთთან შეთანხმებით, აბსოლუტურად შეგნებულად გადასცა ტერიტორიები რუსეთს“, – განაცხადა სუბარმა.
როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ რეჟიმის შეფასება ხდება, არამედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრ რამეს გაიხსენებს საზოგადოება.
„მაშინ ვინც ვიყავით, ვერაფერი დაგვავიწყებს იმ სიმწარეს, მაგრამ ახალგაზრდობა უსმენს ამ ყველაფერს და ახალგაზრდობა გაიგონებს. ძალიან დიდხანს აპირებდნენ, იგნორირება გაეკეთებინათ კომისიის მუშაობისთვის, ერთმანეთს ამხნევებდნენ, ნუ უყურებთ და ნუ აკეთებთ კომენტარსო, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყველა უყურებს და ყველა აკეთებს კომენტარს, რადგან ეს არის ის რეალური ცხოვრება, რეალური ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენმა ერმა, ჩვენმა ხალხმა გამოიარა და აღარასდროს აღარ დაბრუნდება. დამნაშავეებიდან ზოგი დაისაჯა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრია ისეთი, ვინც მომავალში უნდა აგოს პასუხი. სამართლიანობაც, სამწუხაროდ, ყველა შემთხვევაში ვერ აღდგა და კომისია ამ მხრივაც გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ, ვისი უფლებების და საკუთრების დარღვევაც მოხდა, ვინც იმ რეჟიმის უკანონო მსხვერპლი იყო, სამართლიანობა გარკვეულწილად მაინც აღდგეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.