ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

სოზარ სუბარი: სააკაშვილის მიერ მწამებელი ადამიანის, ქილერას ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოება მტკიცებულებაა, რომ წამება არ იყო ვიღაც კილერების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნანა ქადაგიშვილის მოსმენისას განცხადება გააკეთა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეჟიმის პრეზიდენტის მიერ, მაგალითად ალექსანდრე მუხაძის, იგივე ქილერას ღირსების ორდენით დაჯილდოება, მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმის დროს მომხდარი საზარელი წამების ფაქტები არა ვინმეს თვითშემოქმედება, არამედ ხელისუფლების პოლიტიკა იყო.

„მინდა ჩართვა გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც გვისმენენ.მწამებელი ადამიანი მეტსახელად ქილერა [იგივე ალექსანდრე მუხაძე] მიხეილ სააკაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა; 2012 წელს კი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მართლა ერთ – ერთი უმაღლესი საბრძოლო ჯილდოთი – ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ეს არის მტკიცებულება, რომ ეს არ იყო ვიღაც კილერების და ვიღაცების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა- ადამიანების წამება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში იყენებენ – ლადო ბოჟაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის შეფასებით, ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში იყენებენ.მისი თქმით, ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას"."კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში იყენებენ, როგორც ევრობიუროკრატია, ასევე სამწუხაროდ ევროკავშირის ელჩიც საქართველოში. ყველამ კარგად იცის პროცესები, რომელიც განვითარდა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე უკრაინა, მოლდოვა. ის, რაც არის ევროპული ევროპაში, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ევროპული აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას". ის, რაც მისაღებია ევროპაში, აღმოჩნდება, რომ საქართველოში არის მიუღებელი. ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ელჩის განცხადება, თითქოს ისინი არ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, სამწუხაროდ არის ტყუილი", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ "პარტიების აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა დიალოგია", რითაც პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა.

ნიკა გვარამია – არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ

20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის” საქმეზე - ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, აღნიშნავს, რომ არ აპირებს საყვედურების გამოთქმას იმ პირების მიმართ, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.„მე 20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის” საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30).ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია“,- წერს გვარამია.ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე“ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა.ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ზვიად გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად გოგოჭურმა (J2 კატეგორია, -95 კგ) ფინალში უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. გოგოჭური ერთადერთი ქართველი პარასპორტსმენია, ვისაც პარალიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დღეს ზურაბ ზურაბიანი (J2 კატეგორია, -64 კგ) და ლაშა ყიზილაშვილი (J2 კატეგორია, -95 კგ) დაეუფლნენ.გუშინ მსოფლიოს ჩემპიონები საქართველოს ნაკრების წევრები, გიორგი ქალდანი (J2 კატეგორია, -70 კგ) და საბა ბაღდავაძე (J1 კატეგორია, -81 კგ) გახდნენ.პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 15 მაისს დასრულდება.

„ოთახში შეიყვანა, დანით დაჭრა, მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა…“ – პროკურორი, 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალებზე

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა ერთ-ერთ ბრალდებულს, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთახში და ყოველგვარი მოტივის გარეშე ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები, - ამის შესახებ „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განაცხადა.პროკურორის თქმით, შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა დაჭრილი მიატოვა და მეორე ბრალდებულთან ერთად ტერიტორია დატოვა.„ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, უმოტივოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, "რატის ბარში" ყოფნისას, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთახში და ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების მიყენების შემდეგ, დაჭრილი მიატოვა იქვე, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან, მეორე ბრალდებულთან, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან", - განაცხადა პროკურორმა.ინფორმაციისთვის, თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორეს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.პროკურატურის ცნობით, 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციითვე, მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა - აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

შალვა პაპუაშვილი – წლებია, სტრატეგიულ პარტნიორებს ნამდვილ მეგობრობას ვაჩვენებთ, სანაცვლოდ კი, ვიღაც ამ მეგობრობას მორჩილებად იღებს და თავისი ხელით ჩვენი ცხოვრების მოწყობას ცდილობს

წლებია, სტრატეგიულ პარტნიორებს ნამდვილ მეგობრობას ვაჩვენებთ, სანაცვლოდ კი, ვიღაც ამ მეგობრობას მორჩილებად იღებს და თავისი ხელით ჩვენი ცხოვრების მოწყობას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამერიკის კონგრესში, არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან მეგობრობით.„წარმოგიდგენთ პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელშიც ასახულია საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია და საინფორმაციო მანიპულაციები, რომლითაც რეალურად ვხედავთ, რომ შესაძლებელია თეთრი წარმოაჩინონ შავად; ომი წარმოაჩინონ მშვიდობად და ა.შ. ყველაფერი ვირტუალურად ამოატრიალონ. ეს გამოწვევა არის ბევრი ქვეყნისთვის და ერთადერთი ეფექტიანი პასუხი, სიმართლეა რომელიც ყოველთვის უნდა ითქვას, რათა შევეწინააღმდეგოთ დეზინფორმაციულ პროპაგანდას, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ მომდინარეს.ვხედავთ, რომ ამერიკის კონგრესში, სამწუხაროდ, არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან წინა რეჟიმის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მეგობრობით. ვხედავთ იმ მფარველობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებში, იქნება ეს ევროპასა თუ აშშ-ში. ძალიან სამწუხაროა, რომ აგერ უკვე 13 წელი გადის და მიხეილ სააკაშვილს ლამის გადააყოლონ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ერთი. მეორე, ნაცვლად ნამდვილი მეგობრობისა, რომელსაც ჩვენ წლებია ვაჩვენებთ ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, მათ შორის აშშ-ს, ჩვენ ვიღებთ დამოკიდებულებას, რომ ვიღაცა ამ მეგობრობას იღებს მორჩილების ჩვენებად და ცდილობს შემდეგ უკვე ჩვენი ცხოვრების საკუთარი ხელით მოწყობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონგრესმენი ჯო უილსონი მოქმედებს პრინციპით, რომ შეძახილი ხეს გახმობს და ერთსა და იმავე ნარატივს ატრიალებს.„მნიშვნელოვანია ცალკეული ფაქტების სწორად წარმოჩენა. რამდენიმე საკითხს გავუსვამდი ხაზს, იმ პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ვრცელდება, განსაკუთრებით ე.წ. მეგობარი აქტის ერთ-ერთი ინიციატორის, კონგრესმენ უილსონის მხრიდან. იგი მოქმედებს პრინციპით, რომ „შეძახილი ხეს გაახმობს“ და ატრიალებს ერთსა და იმავე ნარატივს – ირანი, ჩინეთი, რუსეთი. თავდაპირველად, ეს არავის სასაცილოდ არ ეყო, თუმცა ვხედავთ, რომ ეს გარკვეულწილად გამოცდილი მანიპულაციის ხერხია, ხშირად გამეორება, მართლაც შეძახილი რომ ხეს გაახმობსო. ხშირი გამეორებით ტყუილი აქციო სიმართლედ და რახან ბევრჯერ რაღაცა გამეორდება, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ეს სიმართლე არის.ბატონი უილსონი გამოირჩევა საქართველოს მიმართ რაღაც ეპითეტების გამოგონებით, პროჩინური თუ პროირანული და ა. შ. არ გვინდობს ეპითეტებით და ერთ-ერთ საფუძვლად, მათ შორის მისი განცხადებისა, მოჰყავს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის დავიწყებას თითქოს ზოგიერთი ცდილობს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას რეგიონის ყველა ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, ისევე როგორც ესწრებოდნენ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები. უფრო მეტიც, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ბატონი ენრიკე მორა. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა ევროკავშირის შიგნით. ასე რომ, ევროკავშირი წარმოდგენილი იყო ამ ინაუგურაციაზე. აი, ეს არის ზუსტად ყალბი ნარატივების გავრცელების მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგი უცხოელი პოლიტიკოსი ასე უპასუხისმგებლოდ უდგება საკუთარ სტატუსს.„თავად აქტს რაც შეეხება, სავსეა წინააღმდეგობებით. გასაკვირია, რომ წარმომადგენელთა პალატა, ამ აქტის ავტორები მიმართავენ USAID-ს, რომ შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ის USAID-ია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ თაღლითი ორგანიზაცია უწოდა და რომელიც დახურვის პროცესშია. არ ვიცი, რას უნდა მივაწეროთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა, ორგანიზაციას, რომელსაც მისივე ადმინისტრაცია თაღლითურად მიიჩნევს და რომელზეც ბევრი ფაქტი უკვე გამომზეურდა, უკვეთავს სტრატეგიას, საქართველოსთან შემდგომი საქმიანობის შესახებ.არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ პირად განცხადებებში კონგრესმენი უილსონი იმაშიც ვერ გარკვეულა 2024 წელს ჩვენ საპარლამენტო არჩევნები გვქონდა თუ საპრეზიდენტო. იგი საუბრობს, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილს ვინმემ გაუყალბა რაღაც არჩევნები. ასეთმა ზედაპირულობამ, რაზეც ჩემ ანგარიშშიც მქონდა საუბარი შეიძლება, გამოუსწორებლად დააზიანოს მთელი ხალხები, ქვეყნები და სახელმწიფოები. სამწუხაროა, რომ ზოგი უცხოელი პოლიტიკოსი ასე უპასუხისმგებლოდ უდგება საკუთარ სტატუსს. რაც შეეხება აქტს, ის დაახლოებით 7 გვერდია. ასე რომ, მე წაგიკითხავთ მთლიანად აქტს. მინდა, აქვე მადლობა გადაუხადო „ქართულ ოცნებას“, „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“ თანამშრომლობისთვის. ეს არის საერთო განცხადება სამი ფრაქციისა, პოლიტიკური ჯგუფისა, შესაბამისად ეს არის საერთო განცხადება საქართველოს პარლამენტისა და ეს არის საქართველოს პარლამენტის ერთიანი პოზიცია ამ აქტთან და ზოგადად ამ ნაბიჯთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები