სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026

სოზარ სუბარი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციაზე: დადგება დღე, როდესაც, საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან სოფელ კირბალთან მომხდარ უმძიმეს შემთხვევას – საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას გამოეხმაურა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევითა და მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

„მთავარი დამნაშავის, ვლადიმერ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს ბრალის წარდგენისა და ძებნის დადგენილება. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევითა და მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“, –  განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.

სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების
ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – არ მჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან, ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაეცნო კრიტიკოსებისა და ოპონენტების განცხადებებს, რომლს მიხედვით, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.„თუკი ასეა, ეს ძალიან დაბალ დონეზე ხდება, თუმცა არ მჯერა, მსგავსი რამ საერთოდ ხდება. მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი. ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, თანაც, ძალიან სწრაფად“, – დაწერა ტრამპმა.

„სიენენი“ – ილონ მასკმა რესპუბლიკურ პარტიას, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი შესწირა და კვლავ მათი ყველაზე მსხვილი დონორი გახდა

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ზაფხულიდან მოყოლებული, ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის რესპუბლიკელებისთვის, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი გამოყო, რითაც კვლავ რესპუბლური პარტიის ყველაზე მსხვილ ცნობილ დონორად იქცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.მასკის მთავარმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, America PAC-მა ეს მონაცემები დაადასტურა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასკის ბოლო შემოწირულობების უდიდესი ნაწილი – 158 მილიონი დოლარი Senate Leadership Fund-ს მოხმარდა. ეს სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების მხარდამჭერი უმსხვილესი პოლიტიკური კომიტეტია.„სიენენის” ცნობით, ამჟამად ორგანიზაცია დიდ თანხებს ხარჯავს ტეხასის შტატში სენატის მანდატის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ შტატში ცხოვრობს მილიარდერი და აქ მდებარეობს მისი კომპანიების ქარხნები და სათავო ოფისები.

ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.მისი თქმით, ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კალასის აღიარება უნდა მოისმინოს.“ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს: ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიისთვის უკრაინა და საქართველო სხვისი ხელით გველის დაჭერის მცდელობაა”,- წერს ცოტნე ანანიძე.ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.“ვფიქრობ, სინამდვილეში შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მხარეებს აიძულა, შეზღუდულ ზავზე შეთანხმებულიყვნენ.„ისინი დათანხმდნენ . იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი, დათანხმდით-მეთქი. აი, ამიტომ. ისინი იმიტომ დათანხმდნენ, რომ მე ვთქვი, დათანხმდნენ-მეთქი. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”, - აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებს ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან.„მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და დაასრულონ ეს უაზრო ომი. მხოლოდ ამ თვეში მათ ამ ომში 32 000 ადამიანი დაკარგეს, რაც აღმაშფოთებელია. ამიტომ, ისინი უნდა შეხვდნენ და ეს საქმე მოაგვარონ“, - აღნიშნა ტრამპმა.მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურთ, თუმცა, არ იციან, როგორ.„ვფიქრობ, მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან, როგორ. თუმცა ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ისინი შეთანხმდნენ. „პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ზელენსკისაც სურდეს შეთანხმება. ვფიქრობ, სინამდვილეში პუტინს შეთანხმება უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - აღნიშნა ტრამპმა.

შალვა პაპუაშვილი: არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს და თუ ვინმეს წარმოდგენა გაქვთ, რომ ეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" განაცხადა, რომ დონორობა ქველმოქმედება არ არის და ის ყოველთვის კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.შალვა პაპუაშვილმა პარიზის დეკლარაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ დონორის და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა უნდა იყოს."რა თქმა უნდა, არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს. ეს წარმოდგენა თუ გაქვთ, რომ ვინმეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ. ეს არის იმ ქვეყნის ინტერესების განხორციელება. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნის ინტერესები - გერმანია იქნება, საფრანგეთი თუ ა.შ. შეიძლება ემთხვეოდეს ამ ქვეყნის ინტერესებს. ამას საუბრობს ზუსტად პარიზის დეკლარაცია, როდესაც ამბობს, რომ უნდა იყოს დონორისა და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა. დონორებმა უნდა შეუსაბამონ თავისი პროექტები და მიზნები პარტნიორი ქვეყნის მიზნებს და ეს არის მთელი ამოცანა დახმარების და თანამშრომლობის. სწორედ ამით ვიყავი დაკავებული, რომ იმ ქვეყნის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს ეს თანხა, იყოს შესაბამისობაში ამ ქვეყნის ინტერესთან და ასე განხორციელდეს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები