სამშაბათი, მარტი 10, 2026

სოზარ სუბარი ნინო ლომჯარიაზე: როცა შეხვედრა ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, რისი დასტურიც არის ჯერ შეხვედრის ფაქტის დამალვა, შემდეგ უკანა კარიდან გაპარვა, ბუნებრივია, ქართულ საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ეს შეხვედრა ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხზე არ უნდა ყოფილიყო

„ნამდვილად არ ვიცი, რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა, მაგრამ როდესაც შეხვედრა ასეთი კონსპირაციის პირობებში ხდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, დამაჯერებლად ჟღერს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ. მისი თქმით, ნინო ლომჯარია არის უცხო ძალების მხრიდან დავალებების მიმღები და აგენტურას სხვანაირად მოქმედება არ შეუძლია.

„ლომჯარია სანამ სასამართლოში წავა ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ სარჩელის შესატანად, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი? კიდევ ფიქრობს, რომ ჩვენს სახლებზე ცხელი ბომბების წვიმა გაცილებით ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმა, იმ სანქციებზე, რომელთა მიღება საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევდა და რუსეთთან ომში ჩაბმასაც ძალიან რეალურს გახდიდა? საინტერესოა, დღესაც ფიქრობს, რომ სწორედ ის არის ჩვენი შეშველება ომში მყოფი რომელიმე ქვეყნისადმი, რომ რამდენიმე ცხელი ბომბი ავაცილოთ იმ ქვეყანას იმით, რომ ეს ბომბები ჩვენი სამშობლოსკენ გადმოვამისამართოთ, დავანგრიოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დაიხოცონ ჩვენი მოქალაქეები. და ბოლოს, საინტერესო იქნება გავიგოთ მისი აზრი, როდესაც ადამიანი ცხელი ბომბების წვიმას ნატრობს საქართველოში, ეს არის თუ არა ქვეყნის მტრობა?

აი, ამ კითხვებზე პასუხის მიღება იქნებოდა საინტერესო ნინო ლომჯარიასგან და არა სასამართლოში სირბილი „იმედის“ წინააღმდეგ. რაც შეეხება მის ვიზიტს გერმანიის ელჩთან – პეტერ ფიშერი ხშირად აკეთებს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ მტრულ განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ხოლმე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არის უდიდესი ევროპული ქვეყნის ელჩი და როდესაც მას ხვდება ქართველი პოლიტიკოსი ან „ენჯეოშნიკი“, წესით დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ როცა შეხვედრა ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, რისი დასტურიც არის ჯერ შეხვედრის ფაქტის დამალვა, შემდეგ უკანა კარიდან გაპარვა, საელჩოს შენობიდან საელჩოსავე მანქანით გამოპარვა და შემდეგ სხვა ტერიტორიაზე გადაჯდომა საკუთარ მანქანაში, ბუნებრივია, ქართულ საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ეს შეხვედრა ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხზე არ უნდა ყოფილიყო.

ნამდვილად არ ვიცი, რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა, მაგრამ როდესაც შეხვედრა ასეთი კონსპირაციის პირობებში ხდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, დამაჯერებლად ჟღერს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უამრავი დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, წლების განმავლობაში როგორ ცდილობდნენ ქართველი რადიკალი ოპოზიციონერები ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში, რომ მათ დაესანქცირებინათ საქართველო და ქართველი ხალხი. მათ ჰგონიათ, რომ რაც უფრო ცუდად იქნება ქართველი ხალხი, მით მეტი მხარდამჭერი ეყოლებათ მათ. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ისინი იღებენ დავალებებს და არიან ამ დავალებების შემსრულებლები – აგენტურა სხვანაირად ვერ მოქმედებს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული

ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. კალასის თქმით, დიპლომატია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ლიბანი ქაოსში არ ჩაიძიროს. „ჰეზბოლას გადაწყვეტილება, დაესხას თავს ისრაელს ირანის მხარდასაჭერად, საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამავდროულად, ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო. მათი საპასუხო ქმედებები იწვევს მოსახლეობის მასობრივ იძულებით გადაადგილებას და ისედაც მყიფე სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს”,- განაცხადა კალასმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული.

გია ხუხაშვილი – ვფიქრობ, საფრთხე რეალურია, შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია

გადაცემაში ხუხაშვილი გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვაზე დაიბარეს რამდენიმე პოლიტიკოსი და ყოფილი სამხედრო პირი.ექსპერტის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მისი თქმით, მიმდინარე რეგიონული დაძაბულობის ფონზე აღნიშნული ფაქტორი დამატებით რისკებს ქმნის.„რამდენი ხანია საუბარია, რომ „ალ - მუსტაფას“ უნივერსიტეტში, რომელიც აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული, რადგან ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, ამზადებენ აქტიური მოქმედებებისთვის დაჯგუფებებს. გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ უნივერსიტეტს საქართველოში 3 ფილიალი აქვს: გარდაბანში, მარნეულში და ფონიჭალაში. გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან - რა მომზადებას გადიოდნენ, რა არის მოსალოდნელი? ომი რომ არ იყოს, შეიძლება სხვანაირად შეგვეხედა, მაგრამ ომი დაიწყო. თუ „ნაღმებია ჩადებული“, როდის გააქტიურებს ირანის ხელისუფლება, რომელიც გამწარებულია, ჩვენ ხომ არ ვიცით?!თუკი საქართველოში ასეთი ჯგუფები არსებობდა, ისინი ხომ ფინანსდებოდნენ საიდანღაც. ფინანსდებოდა ზუსტად „რუხი სქემებიდან“. ინფორმაციაც გავრცელდა იმისთან დაკავშირებით, რომ ირანში რეკლამას უკეთებენ: „სანქციების გვერდის ავლა გინდა, ჩამოიტანე საქართველოში, წარმოშობის სერტიფიკატი ქართულზე შეუცვალე და გაიტანე ევროპაში“. ასეთ რეკლამას ტყუილად ხომ არ აკეთებენ? ეს საქმეები დალაგებულია. რა თქმა უნდა, ამ საქმეებს ჰყავთ ქართველი კურატორები, რომლებიც ამაზე ფულს შოულობენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია, რადგან ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია ამ ტიპის სქემების დალაგება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს ხალხი ახლდეს ამ გამოძიების პროცესის საბოტირებას. სუს-ი ამას კი არ იძიებს, იმას იძიებს თინა ხიდაშელმა რა ილაპარაკა და რა იცის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მოჯთაბა ხამენეი: ირანის უზენაესი ლიდერის ვაჟი და მემკვიდრე

ირანის დაღუპული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ახალ მეთაურად დაინიშნა, შედარებით თავდაჭერილი ფიგურაა, რომელმაც მამის ხაზის - ხისტი მმართველობის - გაგრძელება უნდა უზრუნველყოს. მამის მმართველობის პერიოდში, 56 წლის მოჯთაბას ოფიციალური პოსტი არ ეკავა, თუმცა არსებობდა ვარაუდები, რომ ის კულისებიდან მართავდა ირანის ხელისუფლების ცენტრალურ რგოლებს. მას კონსერვატორებთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ, განსაკუთრებით - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ (IRGC) კავშირის გამო, რომელმაც ახალ ლიდერს ერთგულება უმალ გამოუცხადა. ისლამური რესპუბლიკის რიგით მესამე უზენაესმა ლიდერმა დანიშვნისთანავე ასევე მიიღო მხარდაჭერა პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანისგან, შეიარაღებული ძალებისა და სასამართლო ხელისუფლებისგან.ოფიციალურ ცერემონიებსა და მედიაში მისი იშვიათი გამოჩენის გამო, ხამენეის რეალური გავლენა წლების განმავლობაში ინტენსიური მსჯელობის საგანი იყო როგორც ირანის მოსახლეობაში, ისე დიპლომატიურ წრეებში. ქვეყნის უმაღლესმა სასულიერო ორგანომ - „ექსპერტთა ასამბლეამ“ - ოფიციალურ ლიდერად მისი დანიშვნა ორშაბათს, შუაღამისას გაკეთებული განცხადებით დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ ისლამურმა რევოლუციამ შაჰის მეთაურობით არსებულ მრავალსაუკუნოვან მონარქიას წერტილი დაუსვა, საბჭომ არჩევანი სწორედ მემკვიდრეობით გადასვლაზე შეაჩერა, რასაც თავად ალი ხამენეი 2024 წელს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა. მოჯთაბა ხამენეი, რომელიც 1969 წლის 8 სექტემბერს აღმოსავლეთ ირანის წმინდა ქალაქ მაშჰადში დაიბადა, დაღუპული ლიდერის ექვს შვილს შორის ერთადერთია, ვინც საჯარო თანამდებობა დაიკავა.აიათოლა ალი ხამენეი 86 წლის ასაკში დაიღუპა თეირანზე აშშ-ის და ისრაელის საჰაერო დარტყმების პირველი ტალღის დროს, რამაც 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებას დაუდო საფუძველი. კავშირები უსაფრთხოების ძალებთან მოჯთაბა ხამენეი - სასულიერო პირი ჭაღარა წვერითა და „სეიედის“ შავი ჩალმით, რაც წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლობაზე მიუთითებს, – XX საუკუნის 80-იანი წლების ირან-ერაყის ომის ვეტერანია. 2019 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები დაუწესა. აშშ-ის განცხადებით, მოჯთაბა ხამენეი თავისი მამის წარმომადგენელია, „მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა არჩეული ან დანიშნული სამთავრობო პოსტზე, თუ მამის ადმინისტრაციაში მუშაობას არ მივიღებთ მხედველობაში“. აშშ-ის ხაზინის მაშინდელი განცხადებით, ალი ხამენეიმ „თავისი ლიდერული პასუხისმგებლობის ნაწილი“ გადააბარა ვაჟს, რომელიც „მჭიდროდ თანამშრომლობდა“ ირანის უსაფრთხოების ძალებთან, „დესტაბილიზაციის მომტანი მამამისის რეგიონული ამბიციებისა და რეპრესიული საშინაო მიზნების მისაღწევად“. ოპონენტები უმცროს ხამენეის იმ ძალადობრივ დარბევებში მონაწილეობაშიც ადანაშაულებენ, რომლებიც 2009 წელს ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახალ არჩევას და ამასთან დაკავშირებულ მასშტაბურ საპროტესტო მოძრაობას მოჰყვა.სააგენტო „ბლუმბერგის“ გამოძიების თანახმად, რომელიც ანონიმურ წყაროებსა და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების ანგარიშებს ეყრდნობა, მოჯთაბა ხამენეიმ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დააგროვა. გამოძიების მიხედვით, ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხები ოფშორულ ზონებში არსებული ფიქტიური კომპანიების მეშვეობით მიემართებოდა ისეთ ინვესტიციებში, როგორიცაა მდიდრული უძრავი ქონება ბრიტანეთში, სასტუმროები ევროპასა და საკუთრება დუბაიში. რაც შეეხება რელიგიურ ასპექტს, მოჯთაბა ხამენეი თეოლოგიას თეირანის სამხრეთით მდებარე წმინდა ქალაქ ყუმში სწავლობდა, სადაც მოგვიანებით თავადაც ასწავლიდა. მას „ჰოჯათ ალ-ისლამის“ რანგი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა უმაღლეს ლიდერად დანიშვნისას, იგი უკვე „აიათოლას“ სტატუსით წარადგინეს - ეს უფრო მაღალი რანგია, რომელსაც მისი მამა და რევოლუციის ლიდერი, რუჰოლა ხომეინი დანიშვნისას ატარებდნენ.ირანის ხელისუფლების ცნობით, მოჯთაბა ხამენეის მეუღლე, ზაჰრა ჰადად-ადელი, იმავე დარტყმების დროს დაიღუპა, რომლებმაც ყოფილი უზენაესი ლიდერი იმსხვერპლა. ისრაელმა ახალ უზენაეს ლიდერსა და მის ამრჩევებს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა: „ისრაელის სახელმწიფოს ხელი მიწვდება ნებისმიერ მემკვიდრეს და ყველას, ვინც მის დანიშვნას შეეცდება“. „ექსპერტთა ასამბლეა“ 88 წევრისგან შედგება, რომლებსაც რვა წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ამ ორგანომ დღემდე ხელისუფლების გადაბარების მხოლოდ ორ პროცესს გაუწია ზედამხედველობა - მიმდინარე კვირას და 1989 წელს, როდესაც ხომეინის გარდაცვალების შემდეგ ალი ხამენეი აირჩიეს.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, ირანს არაფერი დარჩა

ვფიქრობ, ფაქტობრივად ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, მათ არაფერი დარჩათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ,,სიბიეს ნიუსთან” სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. ,,ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია. მათ არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, კომუნიკაციები, საჰაერო ძალები. მათი რაკეტები მიმოფანტულია. დრონები კი მთლიანად განადგურებულია, მათ შორის დრონების წარმოება. თუ დააკვირდებით, მათ არაფერი დარჩათ. სამხედრო თვალსაზრისით არაფერი დარჩათ“, – აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, ტრამპის თქმით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერისთვის, მოჯტაბა ხამენეისთვის არანაირი გზავნილი არ აქვს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას მხედველობაში ჰყავს ვიღაც, ვინც ხამენეის შეცვლის, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. ამასთან, აშშ-ის პრეზიფენტმა განაცხადა, რომ აშშ–ს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. ,,ირანმა ყველაფერი ესროლა, რაც კი შეიძლება და ჯობია არაფერი სცადონ, თორემ ეს ამ ქვეყნის დასასრული იქნება. თუ რამე ცუდს გააკეთებენ, ეს ირანის დასასრული იქნება და ამ სახელს ვეღარასდროს გაიგებთ“, – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა, რომ ომი საბოლოოდ მალე დასრულდებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „პასუხი მხოლოდ ჩემს გონებაშია, სხვა არავის“.

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ,,საუბარი საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული იყო, როგორც ეს დამახასიათებელია რუს და ამერიკელ ლიდერებს შორის დიალოგისთვის. მათ დიდი ხანია, ტელეფონით არ უსაუბრიათ, ბოლო საუბარი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ჰქონდათ. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც ადრე იყო შეთანხმებული, ასეთი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, რეგულარულად უნდა მოხდეს და ორივე ლიდერმა ამისთვის მზადყოფნა გამოთქვა”, – აღნიშნულია უშაკოვის განცხადებაში. მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული არაერთი კრიტიკული საკითხი განიხილეს, მათ შორის ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებული ვითარება და უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებები. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა არაერთი მოსაზრება, რომელიც მიმართულია ირანის კონფლიქტის სწრაფ პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოგვარებაზე. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა შეაფასა აშშ-ისრაელის მიმდინარე ოპერაციის კონტექსტში განვითარებული ვითარება. უშაკოვის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან არსებითი და სასარგებლო აზრთა გაცვლა შედგა. ამასთან, უშაკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ინტერესი უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულების მიმართ, რათა მიღწეული იყოს გრძელვადიანი მოგვარების საკითხი. ამასთან, პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ვენესუელის საკითხი, ძირითადად გლობალურ ნავთობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით.

ბოლო სიახლეები