„ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად გაუქმებულია, ამ არჩევნებში ვეღარ გაბედეს მონაწილეობა. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც სერიოზული პოლიტიკური აქტორი აღარ არსებობს. თუმცა [ნაცმოძრაობის] აკრძალვა იქნება სიმბოლური აქტიც, რომ მოღალატეების ადგილი არ არის ქვეყანაში, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას.
მისი თქმით, ის იარები, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა საქართველოს და მის მოქალაქეებს მიაყენა, მოუშუშებელია.
„13 წლის შემდეგაც, 20 წლის შემდეგაც და 30 წლის შემდეგაც ეს იარები იქნება გახსნილი. ტკივილები არ მოშუშდება. ასეულობით ნაწამები ადამიანი, ასეულობით ქუჩაში ჩაცხრილული, ასეულობით ადამიანი, რომლებიც გარდაიცვალნენ ციხეებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მკურნალობდნენ ან იმიტომ, რომ აწამებდნენ და მათი გადარჩენა იყო შეუძლებელი. ეს ტკივილები მათ ოჯახებში მუდამ დარჩება. იარა, რომელიც იმ მოღალატე ხელისუფლებამ დაამჩნია საქართველოს, როდესაც მათ მინიმუმ არ ააცილეს ქვეყანას ომი, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველო ამ ომში ჩართული აღმოჩენილიყო, დატოვეს რუსეთთან პირისპირ და 20% ტერიტორიების დაკარგეს. ეს იარა არის მოუშუშებელი. მოუშუშებელია ის იარა, რომელიც მათ მიაყენეს საქართველოს, ქართულ ჯარს, როდესაც ომის დამთავრებიდან ორ თვეში მათ სტრასბურგში, რეზოლუცია 16 33-ს ხელი მოაწერეს, სადაც ქართულ ჯარს დააბრალეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. ქართულ სახელმწიფოზე თქვეს, რომ ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო ომი და რუსეთი აქ იყო, როგორც მოპასუხის როლში მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის მოუშუშებელი იარა და ამ ყველაფერს სჭირდება პასუხი.
აი, სწორედ ეს არის ღალატი, როდესაც ჯერ იწყებ ომს და შემდეგ ამ ომში ტოვებ საკუთარ ხალხს ისე, რომ არც კი აფრთხილებ. არათუ არ გამოგყავს საომარი ზონიდან, არამედ არც კი აფრთხილებ. და უფრო მეტიც, ჩვენ კომისიაზე მოვუსმინეთ არაერთ მოწმეს, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ არათუ არ გვაფრთხილებდნენ, არამედ პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ არაფერი გემუქრებათ, ჯარი კი გადის მაგალითად, კოდორის ხეობიდან, მაგრამ თქვენ დარჩით, თქვენ არავინ გერჩით.
ჩანს, რომ მათი სურვილი იყო, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. იმიტომ, რომ ამით უცხოეთს უკეთ დაანახებდნენ, როგორი მსხვერპლი არის საქართველო, როგორი დაუცველია და როგორი აგრესორია რუსეთი. მათ არ აინტერესებდათ რამდენი ადამიანი გარდაიცვლებოდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.