„ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო მანდატებს არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ.
„როდესაც პოლიტიკოსები ადამიანებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ და პარლამენტში მოდიან, ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იღვაწონ. როდესაც დანაპირებს არ ასრულებენ, თავიანთ ამომრჩევლებს, ქვეყანასა და იმ მანდატს ღალატობენ, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ცოტა ცინიკური, მაგრამ მართალი ვიქნები – ამ ქვეყანაზე ისეთი ბულდოზერი თუ ტრაქტორი არ მეგულება, რომელიც შეძლებს, რომან გოცირიძე, პაატა მანჯგალაძე და ანა წითლიძე პარლამენტიდან გაიყვანოს. ისინი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ. შიმშილობის შედეგს დაველოდებით, თუმცა ჩემი თხოვნა კოლეგების მიმართ ეს იქნება – შეწყვიტონ მათ შიმშილობა, რადგან ეს სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის სწორი გზა არ არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.