ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიის, ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ეუთო-ს რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარებას განიხილავენ.
„ჩვენ გამოვედით მოწოდებით საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს მოხსენებული დარღვევების შესახებ. ჩვენ დავგმეთ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და დაშინება; ჩვენ ვწუხვართ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მიმართული მუქარის გამო.
როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყნის გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალი გზით. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთო-ს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით. ასევე ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.