სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი აცხადებს, რომ ტაძარში მიმდინარეობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საფლავის მომზადება და პატრიარქი ჩრდილოეთის კართან, კანკელთან დაიკრძალება.
„როგორც მოგეხსენებათ, უწმინდესის სურვილის საფუძველზე მზადდება სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში მისთვის განკუთვნილი ადგილი. ეს გახლავთ სიონის ტაძრის შესასვლელთან, ჩრდილოეთ მხარე, კანკელთან. ეს არის ჩრდილოეთ კართან განთავსებული ადგილი, სადაც მისი უწმინდესობის საფლავი მომზადდება. მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ტაძრით დაიწყო მოღვაწეობა, როგორც პატრიარქმა, 1977 წლიდან. მის მოღვაწეობას მისმა უწმინდესობამ უწოდა მზიანი ღამე. რვა პატრიარქი არის დაკრძალული ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე სიონის საპატრიარქო ტაძარში.
საოცარი ამბავი ის არის, რომ მისი უწმინდესობის გარდაცვალებამ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა გააერთიანა. მქონდა საუბარი ადამიანებთან, რომლებიც არიან, სამწუხაროდ, კრიტიკული აზრის მოტრფიალეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინიც განიცდიან ამ უდიდესი პიროვნების გარდაცვალებას, ძალიან წუხან ამის შესახებ. ერთიანია მთელი ერი და ქვეყანა, რაც მისი უწმინდესობის ძალიან დიდი სურვილი იყო. მისმა უწმინდესობამ სწორედ თავი მიუძღვნა ხალხის ერთსულოვნებას. მის საყვარელ ტელევიზიასაც ერთსულოვნება დაარქვა თავის დროზე, როდესაც ის დაფუძნდა. ვუსამძიმრებ მთელს ერს“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი სანამაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

