რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რუსულმა მხარემ, როგორც შეთანხმებული იყო, ოპერატიულად შეიმუშავა შესაბამისი მემორანდუმი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციას კრიზისის საწყისი მიზეზების საიმედო დაძლევის ყველა ასპექტთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაცია, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით, მზადაა, წარუდგინოს ეს მემორანდუმი უკრაინის დელეგაციას და მიაწოდოს საჭირო განმარტებები უახლოეს ორშაბათს, 2 ივნისს სტამბოლში განახლებული პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
მანამდე რუსეთის რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინულ მხარეს შესთავაზა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარების ზუსტი თარიღი და დრო და კიევისგან პასუხს ელოდება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში განაცხადა, რომ ტყვეების გაცვლის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა დაურეკა მედინსკის, თუმცა რუსეთის მხარეს მემორანდუმი არ წარუდგენია.
„წავიკითხე მსოფლიო სააგენტოების მიერ გავრცელებული სიახლე, თითქოს მე უმეროვმა დამირეკა მემორანდუმთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ თითქოსდა ამ დრომდე არ მოგვიმზადებია. ყველაფერი იყო თითქმის ასე, ოღონდ პირიქით. უმეროვს მე დავურეკე დღეს და შევთავაზე მემორანდუმების გასაცვლელად შეხვედრის ზუსტი თარიღი და დრო. იქვე, ადგილზე ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ცეცხლის სამომავლო შეწყვეტის შეთანხმების თითოეული პუნქტის შინაარსიანი, არსებითი განხილვა“, – აღნიშნა მედინსკიმ.