პატიმრების გაცვლა როგორც კი დასრულდება, რუსეთი მზად იქნება, უკრაინას გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსული მხარე შეთანხმების მეორე ნაწილზე, რომელიც გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად პროექტის მომზადებას გულისხმობს, აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შეთანხმებების მეორე ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული მხარის მიერ დოკუმენტის პროექტის მომზადებას, რომელშიც აღწერილი იქნება პირობები დარეგულირების შესახებ მდგრადი, გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ახლა, როგორც კი სამხედრო ტყვეების გაცვლა დასრულდება, ამ დროისთვის ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინულ მხარეს გადავცეთ ასეთი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც რუსული მხარე ამჟამად ამზადებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ცნობისთვის, რუსეთმა და უკრაინამ 23 მაისს თანაბრად, 390 პატიმარი გაათავისუფლეს და განაცხადეს, რომ მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტს გაათავისუფლებენ, რაც, სავარაუდოდ, ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეების გაცვლა იქნება.

