რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს შემუშავებული რეზოლუციის მიღება აჩვენებს, რომ ომის მიზეზები უკეთ არის გააზრებული. ამის შესახებ ლავროვმა ირანში ვიზიტისას აღნიშნა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებებზეც ისაუბრა.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში და მის გარშემო არსებული სიტუაცია. მადლობა გადავუხადე ირანელ კოლეგებს მათი დაბალანსებული პოზიციისთვის, რომელიც ეფუძნება ამ კრიზისის ძირეული მიზეზების, რუსეთის პოზიციისა და შეშფოთების გააზრებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო აშშ-ის რეზოლუცია „მშვიდობისკენ გზა“, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მოწოდებით გამოდის. დოკუმენტში რუსეთი არ არის მოხსენიებული აგრესორად.