ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ სენატი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად. სენატორი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ საბანკო ან მეორადი სანქციების შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით.
როგორც ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, სენატში მომზადებული ორპარტიული კანონპროექტი მეორადი ტარიფების ამოქმედებას ითვალისწინებს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთისგან ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტებს ყიდულობს.
„ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის გულმოდგინე მუშაობას უკრაინაში პუტინის ბარბაროსული ინტერვენციის დაწყებული ომის დასასრულებლად პატიოსანი და სამართლიანი გზით. პუტინის რუსეთის დამატებითი სანქციების დასაწესებლად მაქვს ორპარტიული კანონმდებლობა 60-მდე თანასპონსორით, რომელიც დააწესებს მეორად ტარიფებს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტს ყიდულობს. სენატი მზად არის, ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯი და ამას აბსოლუტური უმრავლესობით გააკეთებს, თუ რუსეთი არ მიიღებს პატიოსან, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ლინდსი გრემი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალრ ქსელში დაწერა, რომ პუტინის ბოლო იერიშები უკრაინის დასახლებებზე აფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურსომის დასრულება და საჭიროა მასთან სხვანაირი მოპყრობა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით.