,,დღევანდელი თბილისის გულში მდებარე ანჩისხატის ბაზილიკა მხოლოდ მეექვსე საუკუნის ნაშთი როდია, იგი სარკეა, რომელიც კავკასიის წარსულს და აწმყოს ერთდროულად ირეკლავს. ეს ეკლესია იმ დროს აშენდა, როცა რეგიონი იმჟამინდელი დიდი ძალების კონკურენციის ასპარეზს წარმოადგენდა. თუმცა ის, რაც დღემდე შემორჩა, არა იმ ეპოქის სამხედრო განლაგებები, არამედ რწმენა, ხელოვნება და ამ მიწა-წყალზე მცხოვრები ხალხის იდენტობაა.
კავკასიას ისტორიულად ხან „ბუფერულ ზონად“, ხანაც „დამაკავშირებელ ხიდად“ მოიხსენიებდნენ. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ეს მიწა მხოლოდ ძალთა კონკურენციის პრიზმით იყო დანახული, იზრდებოდა დაძაბულობა და არასტაბილურობა; ხოლო მაშინ, როცა იგი აღქმული იყო როგორც კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობისა და სატრანზიტო გაცვლის სივრცე, ყალიბდებოდა აღმავლობა და ნდობა.
დღესაც კავკასია გლობალური აქტორების ყურადღების ცენტრშია. სხვადასხვა ძალის ინტერესი თანამედროვე სამყაროს რეალობის ნაწილია. საქართველო — ქვეყანა, სადაც მისიის შესრულების პატივი მხვდა წილად — როგორც სუვერენული სახელმწიფო, საკუთარ საგარეო პოლიტიკურ კურსს ეროვნული ინტერესებისა და თავისი ხალხის ნების საფუძველზე განსაზღვრავს; და სწორედ ეს პრინციპი წარმოადგენს რეგიონში ნებისმიერი მდგრადი წესრიგის საძირკველს. დღეს მოვინახულე ეს 1600 წლის ეკლესია და ეს ტექსტი მის შიდა სივრცეში დავწერე. მჯერა, რომ გეოპოლიტიკურ კონკურენციებზე მაღლა ის დგას, რაც ადამიანებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია — უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ადამიანური ღირსება და განვითარების შესაძლებლობა. სახელმწიფოებისთვის პრიორიტეტია სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება; მრავალფეროვანი პოლიტიკური ძალებისთვის — ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა; ბიზნესისთვის — პროგნოზირებადობა და გლობალურ ბაზრებთან დაკავშირება; მორწმუნეთათვის — როგორც ქრისტიანებისთვის, ისე მუსლიმებისთვის — სულიერი ტრადიციების დაცვა; ხოლო სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური ჯგუფებისთვის — პატივისცემა და თანასწორობა.
თუ ფილოსოფიისა და დიპლომატიის ისტორიის პერსპექტივიდან შევხედავთ, კავკასია უფრო მეტად „თანაცხოვრების დარეგულირების“ სივრცეა, ვიდრე დაპირისპირების ველი. სუვერენიტეტი თანამედროვე სამყაროში მხოლოდ გეოგრაფიულ საზღვრებს არ ნიშნავს; იგი გულისხმობს სოციალური ნდობის შექმნის უნარს, ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერებას და საგარეო ურთიერთობებში გონივრული ბალანსის დამყარებას.
დღევანდელ ირანს გააზრებული აქვს ისტორიული გამოცდილებები და ისიც, თუ რა ფასის გადახდა მოუწია გამომფიტავი კონკურენციებისას. ირანი აცნობიერებს რეგიონული დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას. ჩვენი ხედვა კავკასიის მიმართ არ ეფუძნება გავლენის სფეროების ლოგიკას, არამედ სოციალურ თანამშრომლობას, ეკონომიკურ დაკავშირებადობას, კულტურულ და სახელოვნებო გაცვლას და საბოლოოდ — რეგიონულ სინერგიას. საქართველოსა და კავკასიის სტაბილურობა, მათი განვითარება და კონსტრუქციული როლი რეგიონში, თავად კავკასიის მეზობლებისთვისაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს.
ეს ეკლესია გვახსენებს, რომ კულტურული და სულიერი ინსტიტუტები პოლიტიკურ ცვლილებებსა და რყევებზე მაღლა დგას. ისევე როგორც ეს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში მტკიცედ იდგა, ასევე მტკიცეა ქართველი ხალხის იდენტობა და ნება. კავკასიის მომავალი, თუ იგი ურთიერთპატივისცემასა და დაბალანსებულ თანამშრომლობაზე აიგება, შეიძლება იქცეს თანაცხოვრების მაგალითად რთულ და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში. შესაძლოა დადგა დრო, კავკასია განვიხილოთ არა როგორც ძალებს შორის გამყოფი საზღვარი, არამედ როგორც საერთო პასუხისმგებლობისა და კონსტრუქციული ურთიერთქმედების სივრცე-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.

