,,ორივე ბებია რაჭველი მყავდა, ლამარა და მაყვალა, თუმცა ცა და დედამიწასავით კი იყვნენ. “ლამარა” გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებს ერქვა, რომელშიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამბოხი და ბრძოლა იყო ჩაქსოვილი. ჩემმა დიდმა პაპამ, ნიკოლოზ მუსერიძემ, რომელიც თან “შევარდენის” წევრი იყო, შვილს სახელი ამ ნაწარმოების და მისი სულისკვეთების გამო დაარქვა.
ზაფხულს ლამარა ბებოსთან და ოთარი პაპასთან, მათ თბილისურ სახლში, ვატარებდი. ჯერ პაპა იძინებდა, შემდგომ ბებო სინათლეს გამორთავდა და ერთ ნათურას დერეფანში დამიტოვებდა, საპირფარეშოში რომ გავსულიყავი.
ძილის წინ კუთხესთან მივიდოდა, სადაც ბებიამისი ეფროსინე იაშვილის დატოვებული ხატი ეკიდა. პირჯვარს სამჯერ გადაიწერდა და თან ოჯახის ყველა წევრის სახელს ჩამოთვლიდა. მისი “კარგად მიმყოფე” ახლაც ყურებში ჩამესმის.
სახლის ფანჯრიდან ვიყურები და ყველგან სინათლე ანთია, თითქმის ყველას ღვიძავს. ახლა დავფიქრდი, ამ ფანჯრებიდან, გამჩენს, მათი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას რამდენი შესთხოვს. რამხელა ბედნიერება და თანაც სევდა ყოფილა, ადამიანად დაბადება.
ძილი ნებისა. ამ სტატუსის ყველა წამკითხველის თავი კარგად მიმყოფე, გამჩენო!
עם ישראל חי!-წერს ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი ისრაელიდან.
