საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, თამარ ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტსა და პოზიციაზე, ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.
თამარ ზოდელავამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაიარა გერმანულენოვანი საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრატურა. იგი აგრეთვე სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის განხრით და გავლილი აქვს სწავლება შპაიერის საჯარო მმართველობის უნივერსიტეტში.