ორშაბათი, ივნისი 2, 2025

სახელმწიფოს ღირებულებები, ინტერესები და ურთიერთობა დასავლეთთან – გამოცემა El Mundo-ს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან

ესპანურმა გამოცემამ El Mundo საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ურთიერთობა დასავლეთთან, ქვეყნის ღირებულებები, ინტერესები, პოლიტიკური პროცესები, უცხოური დაფინანსება და გამჭვირვალეობა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც პრეზიდენტმა El Mundo-სან ისაუბრა.

კითხვა: თქვენ ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას აზრი არ აქვს, თუ საქართველომ საკუთარი ღირებულებები უნდა მიატოვოს. მაინტერესებს, კონკრეტულად რა ღირებულებებზეა საუბარი და როგორ ემუქრება მათ ევროკავშირი?

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი: ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენ საკუთარ თავს ევროპელებად ვთვლით. ყოველთვის ვიყავით პატარა ერი და ჩვენს გარემოცვაში გადარჩენისთვის ბრძოლა ჩვენთვის ფუნდამენტური იყო. ევროპის ნაწილად ყოფნის ძლიერი, ბუნებრივი სურვილი გვაქვს. 2012 წლის შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. დღეს შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ძლიერ პრეტენდენტებს შორის ლიდერები ვართ, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის ყველა მოთხოვნას ასრულებს. თუმცა, ჩვენი არსებობისთვის მუდმივი ბრძოლის გამო, თუ რომელიმე გაერთიანება შეეცდება ჩვენი იდენტობის წართმევას, რა თქმა უნდა, ამას არ დავთანხმდებით. მინდა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია სამართლიანად წარიმართოს.

კითხვა: თქვენ ახლახან განაცხადეთ, რომ საქართველო საუკეთესოდ ასრულებს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნებს. თუმცა, რეალობა ისაა, რომ პროცესი გაწყვეტილია, დაბლოკილია როგორც ბრიუსელის, ასევე თბილისის მხრიდან. რა არის სიტუაციის მოსაგვარებლად შესაძლო გამოსავალი?

პრეზიდენტი: პირველ რიგში, ბრიუსელი იკვლევს, რომელი ქვეყანა აკმაყოფილებს მოთხოვნებს და რომელი არა. მეორე, არსებობს ეგრეთ წოდებული შიდა საკითხები, რომლებიც თითოეული კანდიდატი ქვეყნის საქმეა. საქართველო ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ უსამართლო მოპყრობას იღებს. ეს მიდგომა არ ეხება ჩვენს გაწევრიანებას, არამედ სხვა, ჩვენს საკუთარ საკითხებს. და რადგან საქართველო კანდიდატია, ეს ფაქტი გამოიყენება მასზე ზეწოლისთვის. როდესაც ომი [უკრაინაში] დაიწყო, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა ჩვენ წინააღმდეგ ზეწოლა ევროპული და ამერიკული სტრუქტურების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან. მოითხოვეს, რომ საქართველოც ჩართულიყო ომში. მოთხოვნა თავდაპირველად კულისებში გაკეთდა. ჩვენ უარი ვთქვით და აქ პროცესების პროვოცირება დაიწყეს.

კითხვა: თქვენ გულისხმობთ მოთხოვნებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ?

პრეზიდენტი: ეს მოთხოვნები გაკეთდა პირდაპირ ეთერში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ისინი მოგვიწოდებდნენ: „რუსეთი დამარცხების პირასაა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები“. მათ თქვეს: „თუ არ გსურთ სრულფასოვანი მონაწილეობა ომში, რატომ არ აგზავნით იარაღს, მოხალისეებს… არ აწესებთ სანქციებს?“ და ნახეთ, ჩვენ შევუერთდით ზოგად სანქციებს. მაგრამ ის სანქციები, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, საქართველოსთვის ძალიან საზიანო იქნებოდა. ამიტომაც უარი ვთქვით. იარაღის გაგზავნას შეეძლო რუსეთის გაღიზიანება, რასაც ის ჩვენს მონაწილეობად ჩათვლიდა ომში და სამხედრო პასუხს გასცემდა. ამ შემთხვევაში, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, ვინ დაგვეხმარებოდა? ჩვენ არ ვართ ნატოს და არც ევროკავშირის წევრები. მაშ, ვინ დაგვეხმარებოდა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში? იცით, რა იყო მათი პასუხი? „ჩვენ გამოგიგზავნით იარაღს“. დიახ, იარაღს რუსეთთან საბრძოლველად. ჩვენ უკვე გვქონდა სამი ომი რუსეთთან. საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა… და დასავლეთის ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ვთქვით. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა საქართველოზე. და მათ [კანდიდატის] სტატუსი მიანიჭეს ამ ორ ქვეყანას [უკრაინას და მოლდოვას] და არა საქართველოს, სიტუაციის მანიპულირებისთვის, პრობლემების შესაქმნელად, იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლების გამო, ქართველები შორდებიან ევროპას.

კითხვა: მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი. პროტესტების დაწყების შემდეგ, მიღებული იყო კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების, მანიფესტაციებისა და ლგბტ თემის შესახებ, რომლებიც გააკრიტიკეს ევროკავშირმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“. დამოუკიდებელმა ორგანიზაცია Amnesty International-მაც კი გააკრიტიკა ეს.

პრეზიდენტი: საქართველოს გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს. ქვეყნებმა, რომლებიც ადრე მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაიწყეს ორმაგი სტანდარტების გამოყენება, რაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ემუქრებოდა… და მათ აქ ჰყავდათ თავიანთი მოკავშირეები. ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, მაგალითად, USAID-ის მიერ ფინანსდებოდნენ, მათ ჰქონდათ დიდი ფინანსური რესურსები და დაკავშირებული იყვნენ პოლიტიკურ ძალებთან. მათი მეშვეობით დაიწყო ზეწოლა. საქართველოში გვქონდა ინფორმაცია, რომ უზარმაზარი რაოდენობის ფული შემოდიოდა. და ეს ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ასე ფინანსდებოდნენ. ეს უშუალოდ საქართველოს უსაფრთხოებას უკავშირდება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი. უნდა განვმარტო ის მოთხოვნები, რაც დაწესებულია კანონში უცხოელი აგენტების გავლენის შესახებ. მაგალითად, თუ დაფინანსების 20% ან მეტი მიიღება, უნდა წარმოდგენილი იყოს სპეციალური განაცხადი. არცერთი საქმიანობა არ აიკრძალა, ეს მხოლოდ იმაზეა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, ვინ აფინანსებს, რომელი ქვეყნიდან მოდის დაფინანსება და რაზე იხარჯება. რეიტინგებში საქართველოს მთავრობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ლიდერი გამჭვირვალობით ევროპაში. USAID-ი აქ იყო, ადრე თანამშრომლობდა ჩვენთან, მაგრამ შემდეგ ვკითხეთ გამჭვირვალობის შესახებ, როგორ გავხადოთ გამჭვირვალე ის ფული, რასაც იღებდნენ. და მათ უარი თქვეს. და ახლა, არავინ მალავს, რომ ეს ორგანიზაციები – როგორც მარკო რუბიომ, ტრამპმა, ჯ. დ. ვენსმა თქვეს – მუშაობდნენ მთავრობების დასამხობად, რევოლუციების მოსაწყობად. და ამიტომაც დახურეს ისინი. ისინი აკონტროლებენ მედიას სხვადასხვა ქვეყანაში და სურდათ ეჩვენებინათ, რომ ჩვენ ვართ რუსული ხელისუფლება, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროპას.

კითხვა: ლგბტ ჯგუფების საქმიანობის კონტროლი- რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის?

პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია, ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველა გარანტირებული უფლებით. ასევე გვაქვს ოჯახის სიწმინდის კანონი, კანონი, რომელიც იცავს მცირეწლოვან ბავშვებს ამ ტიპის ღირებულებებისგან. რეალურად, ჩვენ ეს თემა დიდად არ წამოგვიწევია, მაგრამ სწორედ აშშ-ის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო ამაზე საუბარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაა. ვთვლით, რომ არასრულწლოვანს არ უნდა ვკითხოთ, ბიჭია თუ გოგო. და ამ კანონებმა დაგვიცვა ამ თემისგან. ასევე გვაქვს დემოგრაფიული პრობლემა. რაც შეეხება გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების კანონს, იცით, რუსეთის გარდა რამდენი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო ეს კანონი? რატომ არის, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მხოლოდ რუსეთია ნახსენები? პარალელურად, ჩვენ მივიღეთ ამერიკული კანონი FARA.

კითხვა: გასული წლის სადავო არჩევნების საკითხი საზოგადოების ნაწილს კვლავ ყოფს. უკმაყოფილოები ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ რუსთაველის გამზირზე. რა წინადადებები გაქვთ ამ სიტუაციის მოსაგვარებლად?

პრეზიდენტი: ბოლო არჩევნები მოქალაქეთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც კი ოდესმე გვქონია. ოპოზიციურ ფლანგზე ქაოსი სუფევდა. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში ერთად. მათ ამომრჩევლებისგან იმაზე მეტი მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო: არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,2 მილიონმა ადამიანმა, საიდანაც 1,2 მილიონმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ხოლო 800 000-მა ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც გაერთიანდნენ. როგორც კი არჩევნები დასრულდა, პირველი, ვინც განცხადება გააკეთა, ჩემი წინამორბედი [სალომე ზურაბიშვილი] იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საბოლოო შედეგები გამოცხადებული და ის უკვე საუბრობდა! შემდეგ, ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც რუსული ეფესბე-ს ოპერაციაზე საუბრობს. მან წარმოადგინა აბსოლუტურად დამაბნეველი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ერთმა პირმა 17 სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მისცა ხმა. ეს გარდაუვალი მარცხი იყო მათთვის, რადგან არჩევნებამდე არსებობდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომლებიც [ოპოზიციის] მარცხს პროგნოზირებდნენ.

კითხვა: გასულ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

პრეზიდენტი: ეს [ოკუპირებული] ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს. იქ მცხოვრები ხალხი საუკუნეების მანძილზე ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს პოზიციას ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ისინი საქართველოს უძველესი ისტორიული ტერიტორიებია. უნდა აღინიშნოს, რომ ამის გამო ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, და ეს პრინციპული საკითხია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს დამოკიდებულებას მოსკოვის მიმართ, თუ ისინი განსხვავებულ ზომებს მიიღებენ. დასამალი არაფერია. ყოველივე დანარჩენი სპეკულაციაა, მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებასთან ჩვენი დაკავშირების მცდელობა. რა მიდგომა იქნება რუსეთისთვის სასარგებლო ამ შემთხვევაში? ისინი [დასავლეთი] ძლიერად ცდილობენ, აქ ხელისუფლება შეცვალონ და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მათ, ვისაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურს, უნდა ესმოდეთ, რომ ამ დესტაბილიზაციას სწორედ რუსეთი გამოიყენებს. რუსული არმია ჩვენგან 40 კილომეტრშია. […] ჩვენ ვხედავთ რუსულ იმპერიალისტურ მისწრაფებას. მაგრამ როგორ აღვუდგეთ რუსეთს? სად ვიპოვოთ გამოსავალი? როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ჰეგემონი ქვეყნის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, თქვა: „ომი შეცდომა იყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა“.

კითხვა: მსხვერპლი უკრაინაა. მაგრამ ვინ არის აგრესორი?

პრეზიდენტი: რუსეთი! ეს ფაქტია. მაგრამ გვაქვს თუ არა ჩვენ, ან თქვენ, სიტუაციის შეცვლის ძალა? და აგრესიამდე, განა არ ვიცოდით უკვე, რომ რუსეთი ასეთი ძლიერი იყო?

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოპერაცია, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერაციას, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, „ბრწყინვალე შედეგად“ აფასებს. მისივე თქმით, ეს ოპერაცია ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა.ზელენსკის განცხადებით, მან  მოისმინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში აღნიშნულ ოპერაციაზე.„აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი. უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე დაგეგმვიდან ეფექტური განხორციელებამდე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვყვებით ახლა, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც ზუსტად ისტორიის სახელმძღვანელოებში იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა დეტალებზეც და აღნიშნა, რომ ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, ხოლო ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოლქში, „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა.„ყველაზე საინტერესო და ახლა უკვე შეიძლება, ღიად ითქვას – ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, უშუალოდ რუსეთის „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა, მათ ერთ-ერთ ოლქში. ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩართული. შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები მუშაობდნენ.  დაზიანდა სტრატეგიული კრეისერული რაკეტების მატარებელთა 34 პროცენტი, ბაზირების აეროდრომებზე. ჩვენი ხალხი მოქმედებდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში – სამ საათობრივ ზონაში. ჩვენი ადამიანები ოპერაციამდე რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ. ისინი, ვინც დაგვეხმარნენ, ახლა უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავარია გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია მოხდა გორში - სტალინისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია სამი მანქანა.

დუდა სანაძე საამიროების თასის მფლობელია

დუდა სანაძე კლუბ „ალ ნასერის“ შემადგენლობაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების თასის მფლობელია. ტურნირის ფინალში „ალ ნასერის“ მეტოქე წინ რეგიონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „შაბაბ ალ აჰლი“ გახლდათ.გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის სანაძეს, რომელიც ტურნირის მანძილზე საშუალოდ 20 ქულას აგროვებდა. ყველაზე შედეგიანი დუდასთვის მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც მან 34 ქულა მოაგროვა.

„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა

დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა.მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა.მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ. მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი,“ – წერს მაიკო ონაშვილი.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა. აღნიშნული კომენტარი ბარტ ეიდემ მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ აეროდრომებს შეუტია.ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი 2022 წელს და „უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაარტყას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს“.„აქ ისევ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს საერთაშორისო სამართალს და უტევს შესაბამის სამხედრო სამიზნეებს, მაშინ, როდესაც რუსეთი ხშირად თავს ესხმის უკრაინულ ქალაქებს, აზარალებს და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს“, – აღნიშნა ესპენ ბარტ ეიდემ.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ერთდროულად ოთხ სამხედრო აეროდრომზე. როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ ორ მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

ბოლო სიახლეები