სამშაბათი, მაისი 13, 2025

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს

საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება.

საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა. საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული.

„მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, საქართველო სიხარულით მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია გამორჩეული შოუს ჩატარება და გვჯერა, რომ ეს იქნება განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებებს დაუტოვებს როგორც ახალგაზრდა მონაწილეებს, ისე მაყურებლებს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დირექტორმა, მარტინ გრინმა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისში ისევ ვუმასპინძლოთ საბავშვო ევროვიზიას. ეს ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და მიზნად ვისახავთ, შოუ იყოს უფრო მასშტაბური, ვიდრე ოდესმე. მოუთმენლად ველით, მსოფლიოში ცნობილი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა არტისტებს, გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან და გავუზიაროთ ჩვენი მდიდარი კულტურა, მემკვიდრეობა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

ევროვიზიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნათია მშვენიერაძემ განაცხადა: „2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი დაუვიწყარი გამოცდილება იყო. წელს ჩვენი მიზანია კიდევ უფრო სანახაობრივი შოუს გამართვა, რომელსაც მომავალი წლების განმავლობაშიც კვლავ ექნება გამოხმაურება“.

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის გამართვის ადგილის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში გამართულ ქართული კულტურის დღეზე გაკეთდა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ შვეიცარიაში საქართველოს ელჩი, შოთა გეწაძე და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე და მედია დირექტორი ჟან ფილიპ დე ტენდერი.

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას იღებენ 9-დან 14-წლამდე შემსრულებლები მთელი ევროპის მასშტაბით და არა მხოლოდ. თითოეული მათგანი წარადგენს ორიგინალურ სიმღერას ახალგაზრდობის, მუსიკისა და მრავალფეროვნების აღსანიშნავად. კონკურსის ჩატარების ადგილის, სლოგანის და მონაწილეთა შემადგენლობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე გამარჯვება საქართველომ 2024 წელს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ კონკურსზე მოიპოვა, როცა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ კონკურსის ისტორიაში ყველაზე მაღალი, რეკორდული 239 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული გამარჯვებით საქართველომ საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობის უფლება უკვე მეორედ მოიპოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ძიძას 7 თვის ბავშვის გაუფრთხილებლობით მოკვლის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2019 წელს მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, ბავშვი დიფენჰიდრამინის (ბენადრილში არსებული ანტიჰისტამინური საშუალება) ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.„ეს პრეპარატი არასდროს არ უნდა მიეცეს 6 წლამდე ასაკის ბავშვს ექიმის დანიშნულების გარეშე“,- თქვა პროკურორმა სასამართლოზე.სასამართლო პროცესის დროს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ პრეპარატის მიცემა ბავშვისთვის სხვებსაც შეეძლოთ. ასევე, პრეპარატი შესაძლოა, ყოფილიყო დედის ორგანიზმში და ძუძუთი კვების დროს ბავშვს გადასცემოდა.გამოცემის ცნობით, ვილა 2019 წლიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, თუმცა ნოემბერში გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მისი გირაოს ოდენობა 500 000 დოლარამდე გაიზარდა. იგი მალევე დააკავეს.

ლევან იოსელიანი – თავისი მნიშვნელობით, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ტერიტორიების ოკუპაციაა, საქართველოს არ აქვს და ბუნებრივია, ვერ ექნება, დიდი გამოწვევაა ოკუპაციის თანმდევი პრობლემები

თავისი მნიშვნელობით, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა, საქართველოს არ აქვს და ბუნებრივია, ვერ ექნება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„დიდი გამოწვევაა ამ ოკუპაციის თანმდევი პრობლემები, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, დაწყებული უკანონო დაკავებებით და დამთავრებული ჩვენი მოქალაქეებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების პრაქტიკულად, ჩამორთმევით. ამავე დროს, მათი გადაადგილების მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებით. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჩვენს ანგარიშში და ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტში გამოვდივარ, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ მნიშვნელობას იმ 83 სოფლის, დასახლებული პუნქტის, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს, იქ არსებულ მდგომარეობას და იმ აუცილებლობას, რომ იქ ადამიანებმა ცხოვრება გააგრძელონ, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ თავიანთ სახლ-კარში განაგრძონ ცხოვრება, საქმიანობა და არ დატოვონ ეს ადგილები“, – განაცხადა იოსელიანმა.როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, არის მთელი რიგი პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს იქ მცხოვრებ ადამიანებს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, სწავლის კუთხით შეღავათებს და ა.შ. თუმცა მთავარი ამოცანაა, სახელმწიფოს ჰქონდეს გააზრებული სტრატეგია, როგორ უქმნის მოტივაციას აღნიშნულ 83 სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ მათ იქ გააგრძელონ ცხოვრება.ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ გასული წელი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევით, ეს ეხება აქციებსა და მანიფესტაციებს და აქციებისა და მანიფესტაციების დროს დაკავებულ, ნაცემ ადამიანებს.„ჩვენ ყველა შემთხვევაზე რეაგირება გაკეთებული გვაქვს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართული გვაქვს და ველოდებით მათ მიერ ეფექტურ გამოძიებას. შესაბამისად, შეფასებულიც გვაქვს ანგარიშში მათი საქმიანობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვიღაცამ დაარღვია კანონი და ამისთვის სახელმწიფომ მისცა პასუხისგებაში ერთ მხარეს, ეს მიდგომა არ იყოს ცალმხრივი და აუცილებელია, მეორე მხარესაც, ვინც კანონი დაარღვია, ვგულისხმობ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მათ მიმართაც დადგეს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. სხვანაირად, ცალმხრივად, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ნდობას არ იწვევს და ვერ იქნება ობიექტური. ჩემ ანგარიშში ამაზეც არის საუბარი, რომ ეს მიდგომა უნდა იყოს ამ შემთხვევებში თანაბარი“, – განაცხადა იოსელიანმა.მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა უამრავი ნაცემი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და ნახა ფაქტები, როდესაც ნაცემი იყვნენ არა მხოლოდ სამართალდამცველების მხრიდან, არამედ საერთოდ რაღაც არაფორმალური ჯგუფის მხრიდან, რომლის შესახებაც დღემდე არ არის ინფორმაცია, თუ ვინ იყვნენ ისინი.„ეს საკითხი იყო და რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც საჭიროებს სამომავლოდ გააზრება-გადააზრებას, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან აქციების დაშლის დროს ძალის გამოყენების კონტროლს“, – განაცხადა იოსელიანმა.ამასთან, იოსელიანმა აღნიშნა, რომ აქციები დღესაც იმართება და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ძალადობრივ ინციდენტებს ადგილი აღარ აქვს, არცერთი მხრიდან.„ჩვენ ვნახეთ ფაქტები ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლების გაცდომის. ასე რომ, მნიშვნელოვანია და ძალიან ყურადსაღებია ჩვენი ანგარიშის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ერთი მხრივ, მაგრამ პოლიციის რეაგირება უნდა იყოს მაქსიმალურად რეგლამენტირებული საკანონმდებლო ჩარჩოში. ის არ უნდა გასცდეს იმ საკანონმდებლო შეზღუდვებს, რასაც პოლიციას პოლიციის შესახებ კანონი უწესებს. ამის გადაცდომა იწვევს იმ შედეგებს, რაც ჩვენ ვნახეთ, უამრავი ნაცემი ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა იოსელიანმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სარგებლობენ თუ არა დაკავებულები სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევს პროცესს.„ცალკეულ პროცესებს ვესწრებით და ვუყურებთ ამ ყველაფერს. როდესაც ადგილი აქვს პროცესზე საპროცესო უფლებაში რამე ტიპის შეზღუდვას, ან ჩარევას, ამაზე, რა თქმა უნდა, გვაქვს რეაგირება. უშუალოდ საქმის შინაარსზე გამიჭირდება საუბარი, ვინაიდან თვითონ საქმის ნაწილზე და შინაარსზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან არ ვიცნობთ საქმის მასალებს, წვდომა არ გვაქვს საგამოძიებო მასალებზე. რამდენიმე დაზარალებულმა მოიტანა თვითონ საქმის მასალები, მსჯავრდებულის ოჯახმა და იმის შესწავლის პროცესი მიდის, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენ რომ გავაკეთოთ ანალიზი, სასამართლოს მიერ რამდენად სრულყოფილად იქნა საქმე გამოძიებული და გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში მიღებული, ამას სჭირდება არსებითად საქმის შესწავლა, რისი საშუალებაც გვექნება, როცა დასრულდება სასამართლო პროცესები და ალბათ, შემდეგ შევძლებთ ცალკეული საქმეების მიმართ ჩვენი მოსაზრების გამოთქმას“, – განაცხადა იოსელიანმა.

ავარია სურამთან – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

სურამთან დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. სატვირთო, რომელსაც მსუბუქი ავტომობილები გადაჰქონდა, გზიდან გადავარდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბერების მიერ წალკოტად ქცეული მზოვრეთის მონასტერი

სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოდგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს.ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე.ის X საუკუნეში ძამელი მთავრის, ადარნასეს რეზიდენცია იყო.XIV-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს.XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად".XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას.მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა.2008 წლის 20 მაისს მზოვრეთის ციხე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გოგა ჩანადირი მზოვრეთის მონასტრის შესახებ ფეისბუქზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს."წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს. ახლა აქ 3 ტაძარია.ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს. აქ უწინ ქალაქი იყო. ახლა კი სოფელი ორთუბანია. მდებარეობს ძამას ხეობაში, ყინწვისთან ახლოს.მზოვრეთი ბოლოს თავადმა ციციშვილმა დაახლოებით 300 წლის წინათ აღადგინა. აქაურობამ ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა",- წერს გოგა ჩანადირი და მის გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.             

ავარია მარშალ გელოვანის გამზირზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, ამ ეტაპზე უცნობია.

ბოლო სიახლეები