ოთხშაბათი, აპრილი 1, 2026

საქართველო „მაიკროსოფტის“ გლობალურ ინიციატივებში ჩაერთვება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტ ენტონი სალსიტოსთან ვიდეოკონფერენცია გამართა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენტონი სალსიტოს იმ მაღალი შეფასებისთვის, რომელიც მან დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის სამინისტროს მისცა, აგრეთვე, განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ურთიერთდახმარებასა და გამოცდილების გაზიარებას სერიოზული გამოწვევის დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აპრობირებული და მარტივად გამოსაყენებელი პროგრამის – Microsoft Teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვამ საქართველოს განათლების სისტემის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამოცდილება, რომელიც კრიზისის დროს მივიღეთ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გამოგვადგება. მჯერა, როდესაც სწავლების ტრადიციულ მეთოდებს დავუბრუნდებით, ახლადშექმნილი ვირტუალური ინფრასტრუქტურა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრაზე მხარეებმა „მაიკროსოფტის“ გლობალურ ინიციატივებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც განათლების, ასევე, კულტურისა და ელექტრონული სპორტის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

მიხეილ ჩხენკელმა „მაიკროსოფტის“​ განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს სამინისტროს უახლოესი გეგმებიც გააცნო, კერძოდ, მინისტრი პროგრამა Microsoft TEAMS-ის ქართულ ენაზე თარგმნის საკითხს შეეხო და ამ საქმეში ენტონი სალსიტოს მხარდაჭერაც მიიღო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების გეგმაა სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამის „Minecraft Education Edition” დანერგვა. ეტაპობრივად კი პროგრამა საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. „Minecraft Education Edition”-ის პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება კი მოსწავლეებისთვის უფრო მეტად სახალისო გახდება.

ვიდეოკონფერენციას Microsoft-ის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ: რეგიონული დირექტორი ანკე დე ოინენი, რეგიონის განათლების სექტორის მენეჯერი ალბენა სპასოვა, განათლების სექტორის დირექტორი ევროპის რეგიონში პეტრონელა გოელი და Microsoft Georgia-ს განათლების მიმართულების წარმომადგენელი დავით ჭიაბერაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები