საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჰოლდინგურ კომპანია SISECAM-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა ოლგუნ თაშდემირმა, მოაწერეს, ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, კომპანიაში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პრაქტიკული კურსის ხელშეწყობას, ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდაჭერას. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთობლივად განავითარონ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ინიციატივები და დასახეს სამომავლო პარტნიორობის კონკრეტული ნაბიჯები. ღონისძიების ფარგლებში სტუ-ის დელეგაცია, ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის ხელმძღვანელობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით SISECAM-ის ქარხანა „მინას“ ეწვია.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, კომპანია SISECAM წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ სამრეწველო ჯგუფს, რომელიც მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებით მსოფლიო ხუთეულში შედის, სოდის წარმოებით მერვე ადგილზეა, ხოლო ქრომის ნაერთების წარმოებით უმსხვილესი გლობალური მოთამაშეა. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, კომპანიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქიმიური ტექნოლოგიების, მასალათმცოდენობის, მექანიკის ინჟინერიისა და ლოგისტიკის მიმართულებებისთვის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ კომპანია SISECAM-თან აქტიური თანამშრომლობა უპირველესად ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს. პარტნიორობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის დინამიური მოთხოვნების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავია, რომ SISECAM-ის საწარმოო სტრუქტურებში უკვე ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალი სტუდენტი და კურსდამთავრებულია დასაქმებული, რაც მეტყველებს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის არსებული თანამშრომლობის ეფექტიანობაზე. მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ჩამოაყალიბონ პროფესიული უნარები, აიმაღლონ კვალიფიკაცია და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მრავალმხრივი და სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველს, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების განვითარებას, ინოვაციური მიმართულებების გაძლიერებას და უმაღლესი განათლების სფეროს კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს სამრეწველო სექტორთან“, – აცხადებს თამარ წერეთელი.

