სამშაბათი, მარტი 10, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის სახალისო-შემეცნებითი ღონისძიება – „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა და მოზარდების ინტერესების გათვალისწინებით სახალისო-შემეცნებითი ღონისძიება – „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ გამართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომელშიც თბილისის მე-2, 160-ე, 161-ე, 181-ე, გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე და წეროვანის მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მსოფლიო ბავშვთა დღის ეგიდით გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მოზარდების ცნობიერების ამაღლება, ასევე, ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაცია იყო.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ავთანდილ ბიჩნიგაურმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს წაუკითხა საინტერესო ლექცია კიბერუსაფრთხოების ტენდენციებისა და სტატისტიკის შესახებ, ესაუბრა კიბერუსაფრთხოების ტიპებზე, როგორიცაა: ფიშინგი, მავნე პროგრამები, ვირუსები, ტროიანები, ასევე, გამოსასყიდი პროგრამები, რომლებითაც სისტემის დაზიანება, მონაცემების მოპარვა, ან გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბლოკილი მონაცემების განბლოკვა ხდება; განუმარტა DDOS შეტევების პრინციპი, ესაუბრა შიდა საფრთხეებზე და კიბერშეტევებისგან დაცვის მეთოდებზე. გარდა ამისა, მოზარდებმა ავთანდილ ბიჩნიგაურისგან მიიღეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციები და მარტივად შესასრულებელი რჩევები თავიანთი ციფრული სივრცის დაცვის შესახებ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტმა გიორგი ფაცაციამ მოსწავლეებს სახალისო ვიქტორინა ჩაუტარა და 3 გამარჯვებული გამოავლინა: ნატალი ნატროშვილი – გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლიდან, ნიკა ხაბულიანი – თბილისის 160-ე საჯარო სკოლიდან და მარიამ ჯაშიაშვილი – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლიდან.

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, მოსწავლეებთან შეხვედრა გაჯერებული იყო ახალი ცოდნის მიღების სურვილითა და ინტერაქტიულობით, რითაც რეალურად გახდა შესაძლებელი მოზარდების ციფრული უსაფრთხოების გაძლიერება.

„სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბავშვთა დღის ეგიდით, შესაძლებლობა მოგვეცა საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ ჩაგვეტარებინა სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ღონისძიება. საგულისხმოა, რომ თემატიკა მოზარდების ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. შესაბამისად – ლექცია, მსჯელობა, ვიქტორინა თუ პრაქტიკული მაგალითები მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის იმ მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობას, რომლებიც ციფრულ ეპოქაში მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, გვიზიარებდნენ თავიანთ დაკვირვებებს, ინტერესით ისმენდნენ ინფორმაციას კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცოდნის გაღრმავებას, პასუხისმგებლიანი ქცევების ჩამოყალიბებასა და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც უსაფრთხო ინფორმაციით სარგებლობისთვის არის აუცილებელი. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დიდი მხარდაჭერით, ყოველთვის მზად არის, საჯარო სკოლების მოსწავლეებს და შესაბამისად, მომავალ თაობას შესთავაზოს ინტერაქტიული და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო-კვლევითი სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი ცოდნის მიღება. დარწმუნებული ვართ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიერ მომზადებული „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ მრავალ მოსწავლეს მისცემს მოტივაციას, გაიღრმავოს ცოდნა ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – ამბობს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციისა და ვიქტორინის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების უნიკალური სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი, მუზეუმი, ასევე, საპრეზენტაციო, ინოვაციურ პროექტებზე სამუშაო და სხვა დამხმარე სივრცეები, რომლებიც სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის რექტორი გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს - ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს.როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნოდარ ჭითანავამ აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ ისტორიული პროცესში, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილის აქტით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა დააფიქსირა. სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან ერთად აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამჟამად კი მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრში. ნოდარ ჭითანავას კვლევები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციული პროცესები, აგროსამრეწველო კომპლექსისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მიწის რესურსები და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების პრობლემები და სხვა.„ბატონ ნოდარ ჭითანავას გულითადად ვულოცავ 90 წლის იუბილეს! ეს თარიღი უნიკალური შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მისი, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის, ინტელექტუალურ და პროფესიულ გზას.ბატონი ნოდარის გამოცდილება და ცოდნა პროფესიონალიზმის, ინტელექტუალური შრომისა და მეცნიერების სიყვარულის დასტურია. ის არა მხოლოდ მეცნიერი, არამედ ღირსეული მოქალაქეა, რომლის ცხოვრების გზა თაობებისთვის მაგალითის მიმცემია.ბატონო ნოდარ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!“ - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.ინფორმაციისთვის: ნოდარ ჭითანავას ავტორობით გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: „საქართველოს სოფლის მეურნეობა - ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“; „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“; „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“; „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“; „გლობალური გამოწვევები ერთპოლოუსიან მსოფლიოში“. ნოდარ ჭითანავას ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკური განვითარების ეროვნულ კონცეპტუალურ ხედვას და იმას, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს.მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარის გაღებას ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით.მისი თქმით, თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარი გაუღოს ომის დასრულებას.გუშინ საღამოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ერდოღანმა ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.„ჩვენი გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, უკიდურესად არასწორი და პროვოკაციული ნაბიჯები კვლავ იდგმება, რაც საფრთხეს შეუქმნის თურქეთის მეგობრობას“.შეგახსენებთ, გუშინ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს თავდაცვის სისტემების მიერ მოგერიებული ირანული რაკეტის ზოგიერთი ფრაგმენტი სამხრეთ გაზიანტეპში, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 219.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ანტონიუ კოშტა – ჯერჯერობით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია. ამის მიზეზად კოშტა ენერგომატარებლების ფასების ზრდას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისადმი ყურადღებას შემცირებას ასახელებს.„ჯერჯერობით, ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებულია – რუსეთი. ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, ის ახალ რესურსებს იძენს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ის მოგებას იღებს სამხედრო შესაძლებლობების გადამისამართებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა, უკრაინის მხარდასაჭერად გაეგზავნათ. ის სარგებლობს უკრაინის ფრონტზე ყურადღების შემცირებით, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ცენტრალურ ადგილს იკავებს“, – განაცხადა კოშტამ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების წინაშე გამოსვლისას.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამასთან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის აუცილებლობას, რომელსაც, მისი თქმით, ახლა შეერთებული შტატები ეჭვქვეშ აყენებს.„თავისუფლება და ადამიანის უფლებები ბომბებით ვერ მიიღწევა. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდგომი ესკალაცია. ასეთი გზა საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და მის ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა კოშტამ.

გია ხუხაშვილი – არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუს-მა ჩემზე კარგად იცის

არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუს-მა ჩემზე კარგად იცის, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ტერაქტების სერიაზე საუბრისას მას მხედველობაში რეგიონი ჰქონდა და საქართველო არ უხსენებია.„არ მითქვამს, რომ რისკებია, ტერაქტების სერია საქართველოში დაიწყოს, რეგიონი ვთქვი. ალბათ, ისრაელის საელჩოს განცხადებასაც ნახავდით. დიდი ბოდიში, მაგრამ მე წარმოშობით ებრაელი ვარ, ასე რომ, პირად საფრთხესაც ვგრძნობ. ანალიზის საფუძველზე გავაკეთე ეს განცხადება, როდესაც ასეთი ჯგუფები არიან რეგიონში, რისკები სულ არსებობს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.ხუხაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ჯგუფებზე, რომლებიც, მისი თქმით, მომზადებას გადიან ამერიკის მიერ დასანქცირებულ „ალ მუსტაფას“ უნივერსიტეტში. ხუხაშვილის მტკიცებით, ამ ჯგუფებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.„დაკავების ნამდვილად არ მეშინია, რომ დამაკავონ რა? წამოვწვები და წავიკითხავ წიგნებს. საქართველოს მოქალაქეები გადიოდნენ მომზადებას, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას ეს სუს-მა ჩემზე კარგად იცის, იმათ ჰკითხეთ. არსებობს ამერიკიდან სანქცირებული ჯგუფები, ეს უნივერსიტეტი რომაა ცნობილი და საქართველოში მათ ჰქონდათ აქტივობები“, – განაცხადა ხუხაშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება, ექსპერტი გია ხუხაშვილი. ხუხაშვილი სუს-ში  გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.კერძოდ, მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუში, „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია“.

ბოლო სიახლეები