საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ქართულ-გერმანული საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2025”, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, კონფერენცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა როგორც ქართველმა, ასევე გერმანელმა სტუდენტებმა მიიღეს. კონფერენციის მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების წახალისება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და ინოვაციური იდეების გაცვლა ისეთ აქტუალურ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიზი, კიბერუსაფრთხოება და ბიოსამედიცინო ინჟინერია.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენციაზე სტუდენტებმა თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით საკუთარ კვლევითი და პრაქტიკული პროექტები წარადგინეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ღონისძიება ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და მათ შესაძლებლობას აძლევს, ინიციატივები ფართო აუდიტორიას გააცნონ.
„საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life“, უკვე მეოთხე წელია, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ იმართება და მისი ჩატარება ჩვენს ფაკულტეტზე დამკვიდრებულ კარგ აკადემიურ პრაქტიკად იქცა. პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს წარმოადგინონ საკუთარი კვლევები და ინოვაციური იდეები თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტი ზრუნავს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე და თანატოლებთან, ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან, დაამყარონ მჭიდრო კონტაქტი, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, გააღრმაონ საკუთარი კვლევითი კომპეტენციები, გაცვალონ ცოდნა, რაც, თავის მხრივ ნიშნავს აიმაღლონ ინტელექტუალური პოტენციალი, გამოიმუშაონ მაღალი ხარისხის კვლევისთვის აუცილებელი პრაქტიკული და თეორიული უნარები და აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროცესებში. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხედვის გაფართოებისა და კვლევითი კულტურის გაღრმავებისთვის, ამდენად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, ინტერდისციპლინარული უნარების გაძლიერებას. კონფერენციის შედეგები, როგორც აკადემიური ხარისხით, ისე მონაწილეთა ჩართულობით, ნათლად ადასტურებს, რომ მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდების წარმატებული მომავლის შექმნაში, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი უნივერსიტეტის პრიორიტეტია“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.
სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – “ICT in Life 2025”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის შედეგები, ინტერდისციპლინური კვლევები და ინოვაციური იდეები. ორდღიანი კონფერენციის დასასრულ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. გერმანელი პროფესორების მხარდაჭერით კონფერენციის მონაწილე სტუდენტთა ნაშრომები გერმანიაში, ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო გამოცემაში დაიბეჭდება.