საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, ERASMUS+ პროგრამის KA2 აქტივობის ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის – „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას” (LISS24 – Learn – Innovate – Sell – Succeed), ფარგლებში „სტუდენტური შეჯიბრება B2B გაყიდვებში“ ჩატარდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სტუდენტურ შეჯიბრებას უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა უმასპინძლა. დეკანის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის B2B (ბიზნესიდან ბიზნესზე) გაყიდვების სფეროს ძირითადი პრინციპების გაცნობას, პრაქტიკული უნარების გააზრებასა და განვითარებას. მისი განცხადებით, კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია კორპორაციული გაყიდვების პროცესში წარმატებული ჩართულობისთვის.
„მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს B2B გაყიდვების სპეციფიკა, მათ შორის: რა არის B2B გაყიდვები და როგორ განსხვავდება იგი B2C გაყიდვებისაგან (ბიზნესი მომხმარებელზე); ტიპური B2B გაყიდვების ციკლი – პროცესის ეტაპები: კლიენტის იდენტიფიცირება, დაკავშირება, საჭიროებების შეფასება, შეთავაზების პრეზენტაცია, შეთანხმება და გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა; გადაწყვეტილების მიმღები პირების სტრუქტურა და მათი როლები B2B კონტექსტში; ბაზრის კვლევა, მომხმარებლის სეგმენტაცია და მიზნობრივი კლიენტის იდენტიფიცირება; გაყიდვების პროცესის სტრუქტურირება და მისი ეფექტურად მართვის მოდელები; ლიდების გენერაცია და პოტენციური კლიენტების მოძიების თანამედროვე მეთოდები (ციფრული პლატფორმები, პერსონალიზებული შეთავაზებები, ქსელური კომუნიკაცია და ა.შ.); პრეზენტაციისა და შეთავაზების ტექნიკა – ღირებულების კომუნიკაცია, არგუმენტაციის სტრატეგიები და სავაჭრო პოტენციალის წარმოჩენა.
ტრენინგპროგრამის პრაქტიკულ ნაწილში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს როლურ თამაშებში, რაც მიზნად ისახავს რეალური გაყიდვების სცენარების მოდელირებას. მონაწილეებმა გამოცდილი ტრენერებისგან ინსტრუქციები მიიღეს კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კლიენტთან ურთიერთობის მართვის მიმართულებით. კონკურსში მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს პრაქტიკული ხედვები გაყიდვების ზრდის, მარკეტინგული სტრატეგიების გაძლიერებისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით. შეფასების პროცესში ჩართულმა ჟიურიმ გამოარჩია ყველაზე ეფექტური და შემოქმედებითი პრეზენტაციები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიების ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას და მიღებულ უნარებს B2B გაყიდვების მიმართულებით. ღონისძიება იყო ღია უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტისთვის, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს რეალურ ბიზნესპროექტებში“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების დასკვნით ეტაპზე გაიმართა B2B გაყიდვების ჩემპიონატი (B2B Sales Competition), რომელიც, LISS24 პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდა. სტუდენტებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს პარტნიორი კომპანიების („ავტოტექნო“, „ბაუმერი“, „არგო“) ინოვაციურ, რაციონალურ და კრეატიულ გაყიდვებთან დაკავშირებული სცენარები.
სტუ-ის ინფორმაციით, LISS24 Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ, საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24-ის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება; სერვისებისა და პროცესების განვითარება; სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. პროექტით იგეგმება ციფრული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ გაყიდვების გზით. ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩატარდა ე.წ. „სეილების სტუდენტური შეჯიბრება”, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება ხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე. პროექტის პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.