შაბათი, ივნისი 7, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

„იმედისმომცემია იმ ენთუზიაზმისა და ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის ხილვა, რასაც ჩვენი ახალგაზრდები სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულობით ავლენენ. სტუდენტური კონფერენცია არა მხოლოდ სამეცნიერო-აკადემიური პლატფორმაა, არამედ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მომავლის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებს ამჟღავნებს. წარმოდგენილი სტუდენტური კვლევების მრავალფეროვნება და სიღრმე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს მომავალი თაობის მეცნიერები უდავოდ შეიტანენ მნიშვნელოვან კონტრიბუციას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში. საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი მუდმივად უწევენ ახალგაზრდებს აკადემიური სრულყოფილების მიღწევისა და სამეცნიერო ძიების პროცესში“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 679 სტუდენტი, ასევე, უცხოელი სტუდენტები ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიების გახსნას კონფერენციის მონაწილე სტუდენტები და მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. როგორც ვიცე-რექტორმა გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა აქტივობამ წელს მოლოდინს გადააჭარბა.

„მოხარული ვართ, რომ სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი და მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მათი აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სტუდენტები მზად არიან წარადგინონ თავიანთი კვლევები, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გახდნენ სამეცნიერო და აკადემიური დიალოგის ნაწილი. სწორედ მათი მოტივაცია და მეცნიერებაში წვდომის დიდი სურვილი წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მდგენელს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდების წარმატება და მათი მომავალი კეთილდღეობა ყველა საუნივერსიტეტო ინიციატივის ამოსავალი წერტილია. ამ და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა სწორედ ამ პრინციპის ურყევ დაცვასა და მხარდაჭერაზე მეტყველებს და მიმართულია ახალგაზრდების მრავალმხრივი და სრულფასოვანი განვითარებისკენ. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს, ჩაერთოს კვლევებში, არამედ იცხოვროს საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებით, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მუდმივად დაეხმარება კარიერულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ახალგაზრდა მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ.

როგორც ლევან ფიფიამ აღნიშნა, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 57 დარგობრივ სექციად წარიმართება, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 50 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 39 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 43 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 45 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 65 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 9 სექცია, 149 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 26 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 27 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 6 სექცია, 56 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 22 სტუდენტი.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სასესიო მუშაობას 5 ივნისიდან შეუდგება და 21 ივნისს დაასრულებს. კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი მიმდინარე წლის 8 ივლისს გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს…“ – ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ნანა ხიხაძე თბილისში გამოიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია.დავით ჩიქოვანის თქმით ლუგარის ლაბორატორიამ საკვების ნიმუშების წარდგენაც მოითხოვა.,,გუშინ გავაგზავნეთ ნაცხები პირღებინებიდან და კუჭიდან, შემდეგ მოითხოვეს საკვების ნიმუშებიც. დღეს უკვე ეს დამატებითი მასალები გავაგზავნეთ. ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია მომხდარის მიზეზი. ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ველოდებით“, - ამბობს ჩიქოვანი.შეგახსენებთ, გუშინ ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ვარდისფერ ფერებში დაიწყო…” – თათია შარანგია მიმართვას ავრცელებს

პიანისტი, თათია შარანგია, რომელიც იუბილარი იყო, საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის."უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, იმ სითბო და სიყვარულისთვის, რაც უდიდეს ძალას მაძლევს. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც არის ჩემი ცხოვრების საყრდენი და საჩუქარი. მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი, პასტელურ, ვარდისფერ ფერებში დაიწყო ჩემი 36!"

რა ინფორმაციას წერს ტრამპი სოციალურ ქსელში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ჩინეთთან ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი.„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 1 მგზავრი, 26 დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კონიას გუბერნატორის განცხადებით, ავარიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მედიის ცნობით, ავტობუსი მერსინიდან კონიაში მიემართებოდა.ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საინფორმაციო ომების წინააღმდეგ ერთიანდებიან

ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს. ევროპარლამენტარებმა ორი დღის განმავლობაში, ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების საკითხები BBC-სთან და კომუნიკაციების ოფისთან (Ofcom) ერთად განიხილეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუიზემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ."დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იზიარებენ ჩვენი დემოკრატიების დასაცავად ერთნაირ აუცილებლობას. ჩვენ, ასევე ვიზიარებთ იგივე მიზნებს ძლიერი დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადობის აღდგენის შესახებ. EUDS-ის ვიზიტი, 2025 წლის 19 მაისს გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის სამიტიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა, რასაც ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა. ამაღელვებელია განახლებული ენერგიის ხილვა, ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის.ამ მისიის შედეგი ნათელია - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა გამოავლინონ, თავიდან აიცილონ და ეფექტურად დაუპირისპირდნენ საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საინფორმაციო ომს და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ საერთო მოწინააღმდეგეების თავდასხმებს. ამავდროულად, უნდა გავამყაროთ ჩვენი მოქალაქეების ნდობა", - განაცხადა ნატალი ლუიზემ.

ბოლო სიახლეები