პარასკევი, მაისი 23, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ინიციატივით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც პაატა სააკაძის თავის კვეთის 400 წლისთავსა და დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობას მიეძღვნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ციკლური ღონისძიებების ფარგლებში იმართება, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატენოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერები, საქართველოს საერთაშორისო, სუხუმის, ასევე, ბოლონიის (იტალია) და ტოკიოს (იაპონია) უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები. კონფერენციაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით ასევე მონაწილეობდა ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც მიხეილ ჭიაურელის ფილმში – „გიორგი სააკაძე“ – პაატა სააკაძის როლს ასახიერებდა. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ გახსნა. მან ქართველ და უცხოელ მკვლევრებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც დეკანმა აღნიშნა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის 2026 წელს აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.

ივანე გიორგაძის თქმით, პროგრამის მიზანია, საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას შეახსენოს საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ქართული სახელმწიფოს უნიკალური კულტურა და ეროვნული ფასეულობები.

„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიისა და მისი ხელმძღვანელის, პროფესორ გივი ლობჟანიძის ინიციატივით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში ტარდება, ეძღვნება პაატა სააკაძის თავის კვეთის 400 წლისთავს და დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არა მხოლოდ აქტიური საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები მიმდინარეობს, არამედ ხორციელდება რიგი პროგრამებისა იმ მიმართულებით, რომ ახალგაზრდებმა შეიმეცნონ ქართული სახელმწიფოს ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობები, გაითავისონ საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და მომენტუმები, რომლებმაც განსაზღვრეს ეროვნული თვითმყოფადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ თემების აქტუალიზაცია, რომელიც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საგულისხმოა, რომ კონფერენცია 400 წლის წინ სამშობლოსათვის სრული გაცნობიერებით თვითშეწირული ახალგაზრდის, დიდებული ისტორიული ფიგურისა და ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწის – გიორგი სააკაძის შვილს ეძღვნება. კონფერენციაში მონაწილეობენ ჩვენი გამორჩეული მკვლევრები, რომლებიც თავიანთი სამეცნიერო მოხსენებებით ცდილობენ ნათელი მოფინონ მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტუმების საჭოჭმანო საკითხებს, უზუსტესი შეფასება მისცენ ისტორიულ მოვლენებსა და პიროვნებებს, და გარდა ამისა, გამოაფხიზლონ და დააფიქრონ საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობა და შეახსენონ თუ რამდენად რთული გზა განვლო საქართველომ წარსულიდან დღემდე და რას ეფუძნება ჩვენი ეროვნული ფასეულობები თუ ღირებულებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, წარმატებას ვუსურვებ საერთაშორისო კონფერენციას, მის მონაწილე ქართველ და უცხოელ მკვლევრებს და ვიმედოვნებ, არაერთ საინტერესო და ფაქტსა და მოვლენას შევაფასებთ და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ივანე გიორგაძემ.

კონფერენციაზე წარსდგნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ლობჟანიძე – მოხსენებით: „ერთიანი საქართველოს იდეა და მისი განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა“; პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი – მოხსენებით: „გიორგი სააკაძის ფენომენი“; ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი და ირანოლოგი იროტაკე მაედა – მოხსენებით: გიორგი სააკაძის მოღვაწეობა და მისი მნიშვნელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში“; გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ასლან აბაშიძე – მოხსენებით: „ადამიანის უფლებები და საქართველო“; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მკვლევარი, პროფესორი ქეთევან ახობაძე – მოხსენებით: „ქართული სახვითი ხელოვნების იდენტობის საკითხი – 21-ე საუკუნის 20-იანი წლების ციფრული გამოწვევები ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ჭრილში“; პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ავთანდილ ასათიანი – მოხსენებით: „სახალხო განათლების დემოკრატიული გარდაქმნის მცდელობები საქართველოს პირველ რესპუბლიკაში“; სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ნინო ნიშნიანიძე – მოხსენებით – „დემოკრატიული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის სამართლებრივი მნიშვნელობა“.

კონფერენციაზე რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმ „გიორგი სააკაძის“ გადაღებების შესახებ აუდიტორიას მოგონებები გაუზიარა და ისაუბრა ქართული ისტორიული ფილმების მნიშვნელოვან როლზე ქართული თვითმყოფადობისა და იდენტობის გაძლიერების ჭრილში.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ინიციატივით, გასულ წელს გამართული პირველი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – ქეთევან დედოფლის წამების 400 წლისთავს მიეძღვნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 390-390 ტყვე გადასცეს. კერძოდ, ორივე მხარემ 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი დააბრუნა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე.როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.მანამდე, სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდა. როგორც მედია იუწყება, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომავალ დღეებში სამხედრო ტყვეებს კიდევ გაცვლიან.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტყვეთა მორიგი გაცვლა, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას გაგრძელდება.„ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლში. დღეს – 390 ადამიანი. ვვარაუდობთ, რომ შაბათს და კვირას გაცვლა გაგრძელდება. ჩვენ ვამოწმებთ ყოველ გვარს, ყოველ დეტალს თითოეული პიროვნების შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეუფე შიო – აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე –...

აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე...გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის... სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ყველა მხარემ უნდა გააცნობიეროს ცოდვები და შეცდომები.„პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას და აფხაზეთობას.ღვთის დიდი წყალობაა, რომ საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის იყო წმინდა მოციქული სვიმონ კანანელიც. იგი წარმოშობით იყო კანას გალილეადან. სწორედ სვიმონის სახელს, მის ოჯახს უკავშირდება უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა კანაში, სვიმონ კანანელის ოჯახში, მის ქორწილში. იგი იყო იოსებ დამწინდველის შვილი პირველი ქორწინებიდან.და აი, მან შეიცნო იესო ქრისტე, როგორც მესია, როგორც სოფლის მხსნელი, დატოვა თავისი ოჯახი და გაჰყვა ქრისტეს. როდესაც იესო ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები გაემართნენ სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად, წმინდა სვიმონ კანანელი წამოჰყვა ანდრია პირველწოდებულს საქართველოში, იქადაგა მასთან ერთად დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი დარჩა აფხაზეთში წარმართთა მოსაქცევად, სადაც მოწამებრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი საფლავის ადგილზე მოგვიანებით ახალი ათონის მთაზე აიგო შესანიშნავი მონასტერი. დღემდე შემორჩენილია ის მღვიმე, სადაც იგი მოღვაწეობდა.წმინდა სვიმონ კანანელი არის დიდი მფარველი საქართველოსი, ჩვენთვის მლოცველი და განსაკუთრებით აფხაზეთის დიდი მფარველია.როდესაც ვეცნობით მის ცხოვრებას, ვიხსენებთ მის ღვაწლს, ვაცნობიერებთ, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობაა და დიდი სიწმინდეა ჩვენთვის.რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საშინელ ომს, რომელიც გამოვიარეთ, იმ ტრაგედიას... დღეს ჩვენ გადავიხდით პარაკლისს აფხაზეთისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისთვის, ასევე - პანაშვიდს ომში დაღუპული მეომრებისთვის, ადამიანებისთვის. ეს იყო საშინელი მოვლენა - ათასობით ადამიანი დაიღუპა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა მხრიდან; 300 000 ადამიანამდე განიდევნა თავიანთი სახლებიდან, თავიანთი მშობლიური კუთხიდან ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.შედეგად, ეს უმშვენიერესი მხარე დღეს ოკუპირებული და ჩამოშორებულია საქართველოს, რა თქმა უნდა, დროებით! ჩვენ ვიცით, რომ ეს მოვლენა დროებითია და აუცილებლად გამოსწორდება.რაშია გამოსავალი და ხსნა? - უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიან შერიგებაში! მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი - როგორც ქართველების, ასევე აფხაზების - ცოდვების შედეგი. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალში მომხდარ ომსა და ტრაგედიაზე.გამოსავალია, რომ ჩვენ, ყველა მხარემ, გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები; გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და სულ მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს.დღეს ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და გაძლიერდეს.სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას.დაბოლოს, მინდა, გაგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეგონება ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ თუ გინდათ აფხაზეთის გადარჩენა, თუ გინდათ აფხაზი ხალხის გადარჩენა, ჩვენ - ქართველებმა და აფხაზებმა - ერთად, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. აი, მხოლოდ მაშინ გადარჩება აფხაზეთი!კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ლოცვით, უფალმა ინებოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება. წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, როლან გაროსის ძირითად ბადეშია.საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ჯოფრი ბლენკანო ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა და მიმდინარე წელს მეორე დიდი სლემის ტურნირის ძირითადი ეტაპის საგზური მოიპოვა. მანამდე ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა.ბლენკანომდე როლან გაროსის კორტებზე ქართველმა ჩოგბურთელმა პოლონელ ვაჩეროსა და ნიდერლანდელ ბროუვერს მოუგო.ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 132-ე ადგილზეა.

ჰარვარდის უნივერსიტეტს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. უნივერსიტეტს ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.საჩივრის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არღვევს.„მთავრობის უახლესი ქმედება არის აშკარა შურისძიება ჰარვარდის მიერ იმ უფლებების გამოყენების გამო, რომლითაც სასწავლებელმა უარყო მთავრობის მოთხოვნები ჰარვარდის მმართველობის, სასწავლო გეგმის და მისი ფაკულტეტისა და სტუდენტების „იდეოლოგიის“ კონტროლისთვის“, –  ნათქვამია ჰარვარდის მიერ წარდგენილ საჩივრის ასლში.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.

შალვა პაპუაშვილი – ახლა ღიად ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას ორი განზომილება აქვს, – საგნობრივი განზომილება, სადაც თავად ევროკომისიაც ვერ გაურბის შეფასებას, რომ საქართველო არის წინ, ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ასევე, არის პოლიტიკური დევნის ინტერესები ზოგიერთ ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, – ამის შესახებ პარლლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდედ ევროპაში ზოგიერთ ჯგუფებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდა და სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა, თუმცა უარი მიიღეს, გაბრაზებულებმა კი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს.შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას აქვს ორი განზომილება. ერთი, საგნობრივი ნაწილია, სადაც თავად ევროკომისიის დასკვნებითაც კი, რომ გაეცნოთ, თუნდაც ბოლო დასკვნას ოქტომბერში რომელიც იყო, იმის წინა დასკვნას, იმის წინა დასკვნას რომ გაეცნოთ, პარალელურად სხვადასხვა სარეიტინგო ორგანიზაციების საერთაშორისო შეფასებებს რომ გაეცნოთ ნახავთ, რომ საქართველო არის მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შორის ბევრი პარამეტრით. მოწინავეა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ამას ევროკომისიაც ვერ გაურბის ხოლმე, როდესაც ქაღალდზე გადააქვს და არგუმენტებით არის იძულებული რომ შეაფასოს. და არის მეორე განზომილება – ეს არის პოლიტიკური განზომილება, რომელიც, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსების წყალობით, არის იმ ფორმაში, რომელსაც ჩვენ არ ვისურვებდით. მიზეზი მარტივია. მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში ჰქონდათ მოლოდინი საქართველოს მიმართ, რომ საქართველო წავიდოდა ესკალაციაზე რუსეთთან და საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა. ამაზე მათ მიიღეს კატეგორიული უარი 2022 წლის თებერვალში. ამაზე გაბრაზებულებმა, არ მოგვცეს თავის დროზე კანდიდატის სტატუსი, ვიცით მაშინ თუ ფარული იყო, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები, პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ამ ჯგუფების მოკავშირეები საქართველოში არიან რადიკალური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები.„ასე რომ, ორი განზომილებაა. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას ორი განზომილება აქვს, – საგნობრივი განზომილება, სადაც თავად ევროკომისიაც ვერ გაურბის შეფასებას, რომ საქართველო არის წინ, ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ასევე, არის პოლიტიკური დევნის ინტერესები ზოგიერთ ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები