ორშაბათი, მაისი 19, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დასაქმების კვირეული – 2025“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ფაკულტეტების ჩართულობით და სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მასშტაბური ფორუმი – „დასაქმების კვირეული – 2025“ გაიხსნა, რომელშიც 170-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, სტუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დასაქმების ფორუმით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დასაქმების კვირეულზე ყველა ის ახალგაზრდა მიიწვია, ვინც წელს სტუ-ის კურსდამთავრებული ხდება, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.

საუნივერსიტეტო „დასაქმების კვირეული – 2025“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პირველ სასწავლო კორპუსში გახსნა და სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს წარმატებები უსურვა.

რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიზანია, დასაქმებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით, ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ახალგაზრდებს და ისინი საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედ ავტორიტეტულ ორგანიზაციებსა და ბიზნესკომპანიებთან საუნივერსიტეტო სივრცეში დააკავშიროს.

„რამდენიმე წელია დასაქმების ფორუმმა შთამბეჭდავი მასშტაბები შეიძინა და ეფექტიანი საუნივერსიტეტო პლატფორმა გახდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მხარდასაჭერად, ასევე, უნივერსიტეტს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებს შორის პარტნიორობის გასაღრმავებლად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე ქართული კომპანიების ასეთი სიმრავლეა. დასაქმების კვირეული დღეს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სასწავლო კორპუსში, ფაკულტეტების აქტიური ჩართულობით გაგრძელდება. საუნივერსიტეტო ფორუმზე დამსაქმებელი ორგანიზაციების ასეთი სიმრავლე ოპტიმიზმის რეალურ საფუძველს გვაძლევს. კვირეულზე ველით ქვეყნის შრომის ბაზარზე მოქმედ 170-მდე ავტორიტეტულ ორგანიზაციას და ბიზნესკომპანიას, რომლებიც ახალგაზრდებს აქტიურ ვაკანსიებსა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებს შესთავაზებენ. ეს პროფესიის მიხედვით დასაქმების უნიკალური შესაძლებლობაა. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული მიდგომების საუნივერსიტეტო სივრცეში გააქტიურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. თავისთავად, აღნიშნული პროცესი მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ამავდროულად, მიზნად ისახავს უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას და მათი რიგების შევსებას იმ ახალგაზრდა პროფესიონალებით, რომელთაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს. ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებს სწორედ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ კვალიფიციურ კადრებზე დაყრდნობით შეაქვთ უდიდესი წვლილი საქართველოს ეკონომიკის აღმავლობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ყველა ორგანიზაციას, რომელიც საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმში მონაწილეობს“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე ამბობს, დასაქმების ყოველწლიური მასშტაბური ფორუმის ჩატარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა. ფორუმი, რომელმაც მიმდინარე წელს კვირეულის ფორმატი შეიძინა, საუნივერსიტეტო სივრცეში უკვე მეოთხედ ტარდება.

„სხვა პრიორიტეტებთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, ააშენოს ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის. უნივერსიტეტის ერთ-ერთი და უმთავრესი საზრუნავი, მაღალხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვის გარდა, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. ვფიქრობთ, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების მიმართულებით მძლავრი და ქმედითი პლატფორმა მოქმედებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს, ყველა ახალგაზრდას განვითარებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები შეუქმნას. აღნიშნულის ნათელი დადასტურება წლევანდელი საუნივერსიტეტო ფორუმიც არის, რომელიც ამჯერად, მასშტაბების გაფართოების გათვალისწინებით, უკვე კვირეულის სახით შევთავაზეთ ჩვენს ახალგაზრდებს. ვიმედოვნებთ, საუნივერსიტეტო ღონისძიება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მრავალ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს გაუკვალავს გზას და ღირსეულად დასაქმებაში მხარდაჭერას აღმოუჩენს”, – აღნიშნავს ნატო ქათამაძე.

„დასაქმების კვირეული – 2025“-ს ვიცე-რექტორები, თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები და აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, დამსაქმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სტუ-ის ინფორმაციით, დასაქმების კვირეული, რომელშიც ჩართულია ყველა ფაკულტეტი, 23 მაისის ჩათვლით, მონაცვლეობით ტარდება სტუ-ის სასწავლო შენობებში: 19 მაისს – პირველ კორპუსში; 20 მაისს – მე-6 კორპუსში; 21 მაისი – მე-11 კორპუსში; 22 მაისს – მე-3 კორპუსში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის ფარგლებში, 170-მდე სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის სტენდი იქნება განთავსებული. დამსაქმებელი ორგანიზაციები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საერთო ჯამში, 1500-ზე მეტ ვაკანსიასა და სტაჟირების ანაზღაურებად პროგრამებს შესთავაზებენ. ახალგაზრდები ამომწურავ ინფორმაციას თუ კონსულტაციებს უშუალოდ ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღებენ, სასურველ ვაკანსიებს შეარჩევენ და განაცხადებს ადგილზე შეავსებენ. 23 მაისს კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია „დასაქმების კვირეული – 2025“-ის შედეგებს შეაჯამებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა – პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე

აშშ-ის რეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი იყო გულწრფელი და შინაარსიანი.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა საუბრისას გამოთქვა თავისი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე.პუტინის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.ასევე ვლადიმერ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.

მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა.  პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია.პრეზიდენტმა რომის პაპს ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.თავის მხრივ, რომის პაპმა, ლეო XIV-მ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და საქართველოსთან არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.

დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მიწვევის წერილი რომის პაპს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გადასცა, რომელიც პაპის ინაუგურაციას დაესწრო და შემდეგ თავადაც შეხვდა.„ვიცე-პრეზიდენტმა პაპს გადასცა წერილი პრეზიდენტისა და პირველი ლედისგან, რომელშიც ისინი თბილ სურვილებს უგზავნიან და პაპს თეთრ სახლში იწვევენ, როგორც კი შესაძლებელი იქნება მისი ჩამოსვლა“, – განაცხადა ლივიტმა.

რევაზ კიკნაძე პოლიციელს – მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? – ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?

თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღაც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია, - ამ კითხვით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ დაზარალებულ პოლიციელს, ივანე კაპანაძეს.სწორედ კაპანაძე იყო ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას სხდომაზე წარმოდგენილი ჰყავდა."თქვენ თქვით, თუ დაუდასტურდებათ , პრეტენზია მექნებაო, მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია",- განაცხადა კიკნაძემ.მან საზოგადოებას 26 მაისს შეკრებისკენ მოუწოდა."26 მაისს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის ყოფნა, არ ყოფნის საქმე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვთოხვ ხალხს ბევრი გამოვიდეს გარეთ და დავიცვათ ჩვენი სიმართლე",- განაცხადა კიკნაძემ.სიტყვით ისარგებლა ანდრო ჭიჭინაძემაც და პროკურატურას მოუწოდა საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი პირები არ დაკითხონ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ვოლსკი – ყველაზე „ჭკვიანური“, რაც პაატა ბურჭულაძემ მოიფიქრა, ტელეფონებით არჩევნების ჩატარება იყო, ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება

ვერაფერი ვერ წარმომიდგენია ისეთი, რაც შეიძლება, რეალობაში პაატა ბურჭულაძის მიერ განხორციელდეს, რადგან ამ ადამიანის მრავალგვარი შეფასება არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.„ერთი რეალური შეფასება არსებობს, რასაც სისულელე ჰქვია – სისულელეს სულელები ლაპარაკობენ.  თავის დროზე, შეიძლება, კარგი მომღერალი იყო და რუსეთშიც ინტენსიურად მოღვაწეობდა. მთელი რიგი სახელოვნებო კოლექტივების ხელმძღვანელი იყო. დღესაც დაფასებულია, პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა. თითქოს დროშა უჭირავს ხელში. ყველაზე „ჭკვიანური“ რაც მოიფიქრა, ეს ტელეფონებით არჩევნების ჩატარება იყო. ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. რასაკვირველია, ამას მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია. ამის იქით კიდევ ბოროტებაა – როდესაც ემსახურები ბოროტებას, რომ საკუთარ ქვეყანას როგორმე ზარალი მიაყენო, რასაკვირველია, აქ სხვებს ბადალი არ ჰყავთ და პაატა ბურჭულაძე ცდილობს, მაგრამ სხვებს ვერ დაეწევა“,- განაცხადა ვოლსკიმ.პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.

ბოლო სიახლეები